ვეფხია კასრაძის მეუღლე - რეალისტი ვარ და ზღაპრის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, რადგან 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე

რეალისტი ვარ და ზღაპრის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, რადგან 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე,- ამის შესახებ მსჯავრდებულ ვეფხია კასრაძის მეუღლემ ელენე კროტენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და პროტესტის ახალ ეტაპს დაანონსებენ.

„მინდა ვთქვა, რომ პროტესტის ახალ ეტაპს ვიწყებთ და ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ამ უსამართლობას, განუკითხაობას არ შევეგუებით, აუცილებლად დავასრულებთ და დავამთავრებთ ამ უბედურებას, არც ერთი წუთით არ გავჩერდებით“, - განაცხადა ელენე კროტენკომ.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა