ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის, ასევე, საბა სხვიტარიძისა და ნიკა კაციას საქმეებზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა სამ საქმეზე განაჩენი დღეს, 3 სექტემბერს გამოცხადდება.

უფრო კონკრეტულად, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაპირველად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი 10:30 საათზე გაიმართება. სხვიტარიძე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

13:00 საათზე დასკვნითი სხდომა გაიმართება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე. ხვალინდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

17:00 საათზე კი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას საბოლოო სიტყვას მოისმენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აღნიშნულის შემდეგ განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილიდან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სახელმწიფო ბრალდება ახლა სხვიტარიძეს ედავება, რომ მისი ქმედების შედეგად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.

რაც შეეხება ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გური მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, რუსლან სივაკოვს, სერგეი კუხარჩუკს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაციას ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა