ირაკლი კობახიძე - გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად

გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად. ეს არის ჩემი დაპირება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას იმ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომლითაც იკრძალება ერთნაირსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპელ ბიუროკრატებს „სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა“ აქვთ.

„რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატებთან ჩვენს ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით-დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ დასხდომას და ლაპარაკს-ბუნებრივია, არაფერი. რომ ვერ სხდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არაფერი აქვთ. კი არ ეშინიათ, მათ აქვთ სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა. სამარცხვინო შანტაჟის მცდელობისთვის მათთვის არ არის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა. გპირდებით, საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება, თუ არის ქალი-კაცად ან თუ არის კაცი ქალად, ეს არის ჩემი დაპირება.

ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება, მაგალითად სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, ასევე თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას, თუ უსარგებლო კანონია. ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს „დიფ სთეითი“-ის და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“. „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ „გამჭვირვალობის კანონს“, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, ეს არის გამჭვირვალობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს