ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი ზოგიერთი ევროპული ქვეყნით ძალიან იმედგაცრუებულია

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან იმედგაცრუებულია ზოგიერთი ევროპული ქვეყნით, განსაკუთრებით უნგრეთით და სლოვაკეთით, რადგან ისინი კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის ამბროსეტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

„გუშინ ჩვენ საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. სატელეფონო ზარში ასევე მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები - მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯორჯია მელონი. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მივუახლოვდეთ მშვიდობას. პრეზიდენტი ტრამპი ელის უფრო ძლიერ ევროპას - ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის უკეთესი კოორდინაციით. ამავდროულად, ის ძალიან იმედგაცრუებულია ზოგიერთი ევროპული ქვეყნით, განსაკუთრებით უნგრეთით და სლოვაკეთით, რადგან ისინი კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკას სურს სერიოზულად შეამციროს რუსეთის შემოსავალი, რომელსაც ის ენერგორესურსების ექსპორტიდან იღებს.

„რაც უფრო ნაკლებ ფულს იშოვის პუტინი ნავთობიდან, მით უფრო ნაკლებს დახარჯავს ომსა და სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს - რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობებისთვის.

ახლა უკრაინაში მაქვს შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან და, სხვათა შორის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან - და ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ორბანმაც მოისმინოს ეს სიგნალები შეერთებული შტატებისგან, უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპისგან.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სისტემები რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად და ასევე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს ამ ომის გაგრძელებას და უკრაინამ უკვე დაიწყო უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელსაც შეუძლია რუსეთის მშვიდობისკენ უბიძგოს.

„რა თქმა უნდა, ახლა ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია - ბევრი მათგანი ძალიან მგრძნობიარეა და სამხედრო საკითხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ჩვენ ვამზადებთ ძალას - ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რომელიც, უბრალოდ გეგმის მიხედვით მუშაობით, რუსეთს ომის შეჩერებისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე