კაია კალასი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია - რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ

უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს.

კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას.

„ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო ამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს.

„კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს კალასი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა