გიორგი მელაშვილი - “ოცნებას” დასჭირდება უფრო მეტი ფულის გამოტანა ეკონომიკიდან, ბიზნესის მომავალი დარეკეტების პირველი ნიშნები უკვე არსებობს”
იქნება თუ არა მეორე ტური და რომელი კანდიდატისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს - ხვიჩია მთავარ კონკურენტად კუპრაძეს მიიჩნევს
ვახტანგ ძაბირაძე - “იმედი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩის პროტესტი შეცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია”
“ალერსიანი ჩარეცხვა” “მშვიდობიანი დამხობის” სანაცვლოდ
ირაკლი მელაშვილი - “არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ახალ ტაქტიკაზე უნდა დაიწყოს ფიქრი, რადგან ახლანდელი ტაქტიკა არსაით არ მიდის”
* * *
გიორგი მელაშვილი - “ოცნებას” დასჭირდება უფრო მეტი ფულის გამოტანა ეკონომიკიდან, ბიზნესის მომავალი დარეკეტების პირველი ნიშნები უკვე არსებობს”
“გადავხედოთ ფაქტებს, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა უზარმაზარი ოდენობის უკონტროლო, რუსული ფული. ამ ფულის შემოსვლა, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორუფციაა ყველა დონეზე - დაწყებული საზღვრით, დასრულებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებით... შეუძლებელია ასეთი ოპერაცია სერიოზული სახელისუფლებო მფარველობისა და პროტექციის გარეშე ჩატარებულიყო. ამ საქმის მასშტაბის გათვალისწინებით ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირები, რომლებსაც ეკავათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები, იმავდროულად, უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეუძლებელია ერთ ან ორ პირს თამარ მეფის გამზირზე მდებარე ერთი ჯიხურიდან მოეხერხებინა ამხელა სქემის და მაქინაციის განხორციელება. ჯერ ეროვნული ბანკის ჩართულობაზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი, ნორმალურ სახელმწიფოში ამას გამოძიება დაადგენდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ესკალაცია გაგრძელდა, ნატო რუსეთს უპასუხებს და...”
“ამ ეტაპზე ჩვენ იძულებული ვართ მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. დიახ, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ასეთი ტიპის საქმეების ზედამხედველობა. ამ უწყებას პირდაპირ ევალება ქვეყანაში უცხოური ვალუტის ნაკადების მონიტორინგი, კონტროლი კი ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა. როგორც აღმოჩნდა, სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის კონვერტაცია მოხერხდა და ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა ლარის კურსზე... შეუძლებელია ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის თვალთახედვაში არ მოხვედრილიყო. რადგან ეს უწყება ამაზე თვალს ხუჭავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს განპირობებული იყო ფინანსური დანაშაულის მაღალი სახელისუფლებო პატრონაჟით. გამოდის, ეროვნული ბანკიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ სქემის თანამონაწილე იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად კორუმპირებული იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ კონკრეტულ წლებში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა კონტროლი რუსულ ფულზე. გაუქმდა ე.წ. ოქროს პასპორტები მალტაში, ასევე გამკაცრდა კონტროლი კვიპროსსა და ჩერნოგორიაში. ბუნებრივია, რუსმა ოლიგარქებმა და მათთან დაკავშირებულმა “ჩინოვნიკებმა” დაიწყეს სხვა გზების მოძიება. მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აფრთხილებდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდების საფრთხეებზე, ამაში ის რისკებიც იგულისხმებოდა, რომელთა წინაშეც უკვე დადასტურებულად დადგა ქვეყანა. ხომ გვახსოვს რუსეთის მოქალაქეების დაფუძნებული ასამდე კომპანია საქართველოში, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ერთ მისამართზე, ერთ პატარა ქართულ სოფელში. ესეც, რა თქმა უნდა, იმ სქემის ნაწილია, რომ რუსეთის მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება დასავლური სანქციების პირობებში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც ხდება ეკონომიკის რუსიფიკაცია, რუსული ფული უკონტროლოდ შემოდის, თან ამას ემატება სრულიად კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, საფრთხეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არათუ თვალსაჩინო, უკვე ძალიან დამაზარალებელია. ასეთი სქემები, დარწმუნებული ვარ, სხვაც იყო და ნაწილი ახლაც მოქმედებს, უბრალოდ, მათ უკან დგანან იმ სახელისუფლებო ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ახლა ძალაუფლებაზე კონტროლი მოიპოვეს. ეს საქმე უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ფულის გათეთრების, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტშიც. ხომ ვიცით, რომ “ქართულ ოცნებაში” სხვადასხვა კლანი მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. ახლა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ჯგუფი გაძლიერდა, მან ოპონენტების რუსული კავშირები გამოააშკარავა, მაგრამ სავსებით საფუძვლიანად არსებობს ეჭვები, რომ ბევრი სხვა მსგავსი სქემა არსებობს სწორედ მათი მფარველობით. როგორც ეს ხდებოდა ქოლცენტრების შემთხვევაში, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო მართვის ვერტიკალის თითქმის ყველა შტო”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რატომღაც არ ველი, რომ ეს პროცესები განვითარდება 4 ოქტომბრამდე. მას მერე კი, თუ “ქართული ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში ისევე უკონტროლოდ, როგორც ახლა არის, მაშინ აუცილებლად შეეცდებიან, რომ კობახიძემ სრული კონტროლი დაამყაროს “ქართულ ოცნებაზე” და შესაბამისად, ყველა იმ კორუფციულ სქემაზე, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფების მფარველობით მოქმედებდა აქამდე. ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ციხეში ჩასმასაც... “ქართული ოცნების” კონტრაქტი იმ ბიზნესმენებსა და კონკრეტულ ელიტურ ჯგუფებთან ყოველთვის მოიცავდა კორუფციულ გარიგებებს. ეს გულისხმობდა, რომ ხელისუფლება თვალს დახუჭავდა ფულის მიტაცებასა თუ სხვა ტიპის დანაშაულზე, თუმცა საპასუხოდ მათგან ითხოვდა ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავდა მთელ რიგ კორუფციულ სქემებზე, თუ მათ ჰქონდათ უპირობო მხარდაჭერა ამ კონკრეტული ჯგუფებისგან. ამგვარი ელიტური შეთანხმება მუშაობდა წლების განმავლობაში და იყო “ქართული ოცნების” ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყარო”, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
“ახლა, როგორც ჩანს, პირდაპირი ინვესტიციების შემცირებისა და რეალური ეკონომიკური ზრდის არარსებობის გამო (მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში გვაქვს ლამაზი სურათი, ეკონომიკური ზრდის ეს ციფრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არანაირად არ აისახება, რადგან ბუტაფორიაა), “ქართულ ოცნებას” შეექმნა პრობლემები. მათთვის საკმარისი აღარ არის ამ კორუმპირებული ჯგუფების მხარდაჭერის დღემდე არსებული სტანდარტი და ითხოვენ უფრო მეტს. რაც მეტი სანქცია დაწესდება და მეტად შეიზღუდება საქართველოში კაპიტალის შემოსვლა, მით უფრო გამწვავდება ვითარება და გაუჭირდება ხელისუფლებას არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება... შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” დასჭირდება უფრო მეტი ფულის გამოტანა ეკონომიკიდან, დაიწყება ბიზნესის დარეკეტება. ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს. რაც უფრო მეტად ავტორიტარული გახდება “ქართული ოცნება”, მით უფრო დიდი ზეწოლა იქნება როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და წვრილ ბიზნესზეც”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ მოხერხდა საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბება და საერთო სტრატეგიის შეთანხმება. როგორც მონაწილეობა, ასევე ბოიკოტი კონკრეტული ბრძოლის სტრატეგიაა, რომელიც ერთ თუ მეორე შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო შედეგიანი. თუმცა ოპოზიციამ აირჩია ყველაზე წამგებიანი ვარიანტი - ერთიანობის ნაცვლად, ძალების დაქსაქსვა და დანაწევრება, თან ისე, რომ დისტანცირდნენ საკუთარი ელექტორატისგანაც. ასეთ პირობებში რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ოპოზიცია ქუჩაში 200 000 კაცის გამოყვანას. თუ ეს მოხერხდა, მაშინ 5 ოქტომბერს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ, მაგრამ მთავარი კითხვაა: გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და ოპოზიციური სპექტრი 4 ოქტომბრის მერე მაინც თუ მოახერხებს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების გარშემო ერთიანი სტრატეგიით გაერთიანებას”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ბოლო ხანს რუსული საფრენი აპარატების მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის არაერთი შემთხვევა მოხდა...” - პასუხობს:
“რუსეთი ტესტავს ნატოს, მის შესაძლებლობებსა და რეაგირების ხარისხს. ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები იჩენენ ძალიან დიდ თავშეკავებას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფაქტია, ტრამპის სამშვიდობო ცდებმა უკრაინაში არ გაჭრა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. მას აინტერესებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა. ამასთანავე, ვხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები და ნატოც მნიშვნელოვნად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს. იმავდროულად, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა ცდილობენ შექმნან ერთგვარი ვიზუალური ალტერნატიული ალიანსი, რისი მიზანიც არის გაერთიანება დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ. ამ მოცემულობაში დასავლეთიც ემზადება. თუ რუსეთიდან პროვოკაციები და ვითარების ესკალაცია გაგრძელდა, ამას აუცილებლად მოჰყვება ნატოს პასუხი. ამის შემდეგ რა მოხდება, რთულია პროგნოზირება”.
იქნება თუ არა მეორე ტური და რომელი კანდიდატისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს - ხვიჩია მთავარ კონკურენტად კუპრაძეს მიიჩნევს
“თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, თბილისის მერობაზე მთავარ ფავორიტად კვლავ მოქმედი მერი კახა კალაძე მიიჩნევა. ამ შეფასებას ოპოზიციაშიც ეთანხმებიან. შესაბამისად, თბილისში მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე და საჭირო გახდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა. მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი არჩევნებზე მეორე ადგილის დაკავებაა და თვალსაზრისით თავის მთავარ კონკურენტად “ლელო - ძლიერი საქართველოსა” და პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივ კანდიდატ ირაკლი კუპრაძეს მიიჩნევს. გარდა ამისა, ხვიჩია აცხადებს, რომ თუ ის მეორე ადგილზე გავა, მაშინ, დიდი ალბათობით, თბილისში მეორე ტური დაინიშნება. რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, წინა არჩევნებზე, 2021 წელს, მერის ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. მაშინ პირველ ტურში კალაძემ ხმების 45% მიიღო, მისმა უახლოესმა მდევარმა, ენმ-ის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ კი - 34%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლა თბილისში მეორე ადგილისათვის - ხვიჩია მთავარ კონკურენტად კუპრაძეს მიიჩნევს / იქნება თუ არა მეორე ტური და რომელი კანდიდატისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს.
"2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის: მოქმედი მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, “ლელო - ძლიერი საქართველოსა” და პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, იაგო ხვიჩია “გირჩიდან”, პარტიის “კონსერვატორები საქართველოსთვის” (“ალტ-ინფო”) ლიდერი ზურა მახარაძე, გიორგი გაჩეჩილაძე “მწვანეთა პარტიიდან”, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, ოთარ ჭითანავა “პატრიოტთა ალიანსიდან”, “საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი და თეიმურაზ ჩიკვილაძე პარტიისგან “მამული, ენა სარწმუნოება”. “მე მინდა თბილისელები მიხვდნენ, რომ უკეთესი კანდიდატი ვარ, ვიდრე ბატონი კუპრაძე, მიუხედავად “ლელოს” რესურსებისა ეს მომცემს საშუალებას, გავიდე მეორე ადგილზე და მაშინ მეორე ტური იქნება”, - განაცხადა ხვიჩიამ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია რომ მეორე ადგილზე ირაკლი კუპრაძე გავა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი აზრით, მეორე ადგილზე ხმების რაოდენობით გავა ირაკლი კუპრაძე. ამას ვამბობ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე - დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით ბევრ ფინანსურ რესურსს ფლობენ, ბევრი ფული აქვთ და უკეთეს საარჩევნო კამპანიასაც ატარებენ. მეტი არაფერი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მე პირადად არ ველოდები მათგან რაიმე სიურპრიზს. ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ თუნდაც მახარაძე ვიხილოთ მეორე ადგილოსნად. რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მას დღევანდელ ვითარებაში იგივე პერსპექტივა აქვს. როგორ გითხრათ... იაგო რომ გაიყვანო მაიკ ტაისონთან რინგზე, დაახლოებით იგივე შანსები და პერსპექტივებია. რას გააკეთებს ტაისონთან, ეს ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება მეორე ტურს, გამორიცხულია, მეორე ტური ჩაინიშნოს, რადგან კალაძე გამოკვეთილი ლიდერია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ამავე აზრზეა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძეც, ამბობს, რომ მეორე ტურის ჩანიშნვას არ ელოდება, ხოლო მეორე ადგილზე ირაკლი კუპრაძე გავა. “ვფიქრობ, სავარაუდო მეორე ადგილზე გავა “ლელო”-გახარიას კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რადგან მათი ამომრჩევლების ნაწილი აპირებს არჩევნებზე მისვლას. შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. საკრებულოში დეპუტატების წარდგენითაც მხოლოდ “ლელოსა” და გახარიას ალიანსის კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს შანსი. მთავარი კი ის არ არის, ვინ გაიმარჯვებს ან ვინ გავა მეორე ტურში, არამედ რამდენად ლეგიტიმური იქნება არჩევნები და რამდენი ადამიანი მივა უბნებზე”, - მიიჩნევს ჩიტაძე, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ეცდება ბიულეტენების ჩაყრას და შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა”, - დასძნეს გამოცემა.
ვახტანგ ძაბირაძე - “იმედი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩის პროტესტი შეცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია”
“აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილება. როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრაქტიკულად მთლიანად პრემიერ-მინისტრ კობახიძეს გადააბარა და კობახიძემაც დაიწყო საკუთარი გუნდის ფორმირება. ეს თითქოს სიახლეა, მაგრამ სინამდვილეში ქართული პოლიტიკური რეალობისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. როდესაც ერთი ლიდერი ხელისუფლებაში მოდის, როგორც წესი, ცდილობს თავისი გარემოცვა შეკრას და ძველი გუნდის გავლენა შეასუსტოს. “ქართულ ოცნებაშიც” სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს უფრო ბუნებრივი ციკლია, ვიდრე შიდა რყევის ნიშანი... თუ დავაკვირდებით “ოცნების” შიდა პოლიტიკას, ისინი რამდენიმე მიმართულებით ამკაცრებენ ნაბიჯებს. პირველი კორუფციასთან ბრძოლაა, მეორე - ნარკოტიკებთან, ხოლო მესამე - კრიმინალური სამყაროს საწინააღმდეგო კამპანია”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იმედი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩის პროტესტი შეცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია”.
“ამ ყველაფერთან ერთად ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალები ერთ ქვაბში მოხარშოს: ყველას “აგენტებად” მოიხსენიებს და საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს ყველა მათგანი დასავლეთის მოსყიდულია და უცხო ძალების დავალებით “ამღვრევს წყალს”, თორემ სინამდვილეში ქვეყანაში “ყველაფერი კარგად არის”. საბჭოთა კავშირის დროსაც იმავეს ვისმენდით: კორუფცია დასავლეთის გადმონაშთია, ოპოზიცია - უცხოეთის აგენტი, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმებოდა, ის მოღალატე. ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს აკეთებდა. საქართველოში, სამწუხაროდ, კორუფცია ხშირად გამოიყენებოდა არა როგორც სისტემური რეფორმის გზა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი. ყოველ ახალ გუნდს სჭირდება საზოგადოებაში ლეგიტიმაციის განმტკიცება და ამისთვის ყველაზე მარტივი გზაა წინა ხელისუფლების წევრებისა თუ ძველი გუნდის წარმომადგენლების კორუფციაში დადანაშაულება. ეს წესი არაერთხელ გვინახავს: შევარდნაძის დროიდან დაწყებული, სააკაშვილის მმართველობისასაც და ახლა “ქართული ოცნების” პირობებში. როგორც კი ახალი გუნდი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ძველი გავლენები განზე იწევა და სისტემა ისევ ძველებურად აგრძელებს ფუნქციონირებას. ასე რომ, ხელისუფლებაში ახალი და უჩვეულო არაფერი ხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“გაცილებით კრიტიკულია მდგომარეობა ოპოზიციაში. პარტიები ერთმანეთში დაპირისპირებას არ ერიდებიან და ამის გამო, ფაქტობრივად, ერთმანეთს ანეიტრალებენ. ოპოზიციური ელექტორატი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი თანაბრად მიუღებლად მიიჩნევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”, მეორე კი კვლავ “ნაცმოძრაობისგან” დაშლილ პარტიებს უჭერს მხარს. ეს სურათი არსებითად განსხვავდება 2003 ან 2012 წლებისგან, როდესაც ოპოზიციას უფრო მკაფიო ერთიანობა ჰქონდა, ახლა კი ხელისუფლება კარგად იყენებს ამ დაყოფას და ცდილობს შიდა კონფლიქტებით უფრო დაასუსტოს ოპოზიციური ველი. ერთი მხრივ, პარტია “ლელოსა” და გახარიას გუნდების წინააღმდეგ თავდასხმები და საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციაში ეხმარებიან, მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ გახმოვანებული ვერსიები, თითქოს რევოლუციური ფონის შექმნით “ოცნებას” პროტესტის ძალით გადატეხისა და რეჟიმის გამყარების საშუალებას აძლევს, უფრო ზრდის ოპოზიციის მიმართ უნდობლობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამგვარად იქმნება პარადოქსული სურათი, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ამით ხელისუფლებას აძლიერებენ. თუ საზოგადოება შეძლებს არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას და პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში ქუჩის პროტესტშიც მიიღებს მონაწილეობას, ეს ხელისუფლებისთვის რეალურ გამოწვევას შექმნის. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბალტიისპირეთი. იქ საზოგადოება ძალიან გონივრულად მოიქცა და ერთდროულად მონაწილეობდა როგორც არჩევნებში, ისე ქუჩის აქციებში. შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა თავისი ძალები გადაენაწილებინა. ჩვენთანაც მსგავსი პროცესის ჩამოყალიბება აუცილებელია, თუ გვსურს პოლიტიკური ცვლილება რეალური იყოს. რაც შეეხება “მშვიდობიანი რევოლუციის” სცენარს, ყველაფრის მიუხედავად, არც დღეს არის რევოლუციური განწყობა. `ნაციონალებს~ ავიწყდებათ და მე შევახსენებ 2003 წლის “ვარდების რევოლუციას”, ისევე როგორც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებას, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ჩარევა ახლდა თან. მაშინ ვაშინგტონი და მოსკოვიც კი აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართული. დღეს მსგავსი გარემოება არ არსებობს. ამიტომ იმედი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩის პროტესტი შეცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: ეს არა მხოლოდ მანდატებისთვის ბრძოლაა, არამედ საზოგადოების მომზადება იმ მომენტისთვის, როცა საჭირო გახდება პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა. პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ტრიალებენ ერთ პატარა წრეზე, სადაც ყველა რადიკალურად არის განწყობილი. ჰგონიათ, მთელი საზოგადოებაც მათსავით ფიქრობს. სწორედ ამიტომ ვამბობ: თუ ისინი ვერ აღიქვამენ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და მაინც ილუზიებში დარჩებიან, ეს ქვეყანას მძიმე ვითარებამდე მიიყვანს. არის კიდევ ერთი გამოსავალი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ქვეყნის ისტორიულ გამოცდილება და მეზობელი ქვეყნის მაგალითები გაითვალისწინოს და პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინოს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნება, რას იტყვიან ლიდერები, რადგან მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას: წავლენ არჩევნებზე, მონაწილეობას მიიღებენ პროტესტშიც და ამით იძულებულს გახდიან ხელისუფლებას, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ 4 ოქტომბერს მოსახლეობა მასობრივად მივა არჩევნებზე და შემდეგ პროტესტშიც ჩაერთვება, ეს ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოწვევას შექმნის. ხელისუფლება დიდ რესურსს ხარჯავს არჩევნების კონტროლსა და შედეგების მიტაცებაზე, მაგრამ თუ ამას მასობრივი ქუჩის პროტესტი დაემატება, ხელისუფლება იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს. ეს შეიძლება მაშინვე არ მოხდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში გარდაუვალია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება სტუდენტურ და ახალგაზრდულ პროტესტს. თუ ეს იქნება პერმანენტული და ხალხმრავალი, მას საერთაშორისო პარტნიორებიც მხარს დაუჭერენ და ხელისუფლებას მოუწევს ანგარიშის გაწევა. თუ, პირიქით, საზოგადოება მხოლოდ არჩევნებით შემოიფარგლება, ან მხოლოდ რევოლუციურ სცენარს დაეყრდნობა, მაშინ ცვლილების შანსი ძალიან შემცირდება. ასეთ შემთხვევაში უფრო დიდია რისკი, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წავიდეს. მშვიდობიანი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას ფართო მასები მიიღებენ და ამას თან პროტესტიც დაემატება. ეს ერთადერთი გზაა, რომ პროცესმა შედეგი მოიტანოს და ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზით იაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დავრჩებით იმავე ჭაობში, სადაც ახლა ვართ”, - დასძენს ძაბირაძე.
“ალერსიანი ჩარეცხვა” “მშვიდობიანი დამხობის” სანაცვლოდ
“პაატა ბურჭულაძემ “მშვიდობიანი დამხობა”, “ალერსიანი ჩარეცხვით” ჩაანაცვლა. მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც კანონით ისჯება, რაზეც ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ “დაჭერობასნას თამაში მორჩა” და თუ ხელისუფლებას ამ შერბილებულ ფორმაზეც რაიმე საწინააღმდეგო ექნება, “ამ სიტყვებსაც მოეფერებიან”. მმართველ პარტიაში სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე მიუთითებენ, სადაც ვკითხულობთ, რომ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ალერსიანი ჩარეცხვა” “მშვიდობიანი დამხობის” სანაცვლოდ.
“15 სექტემბერს პროკურატურამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხის საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, თუმცა, მოგვიანებით მას სწორედ 317-ე მუხლით წაუყენეს დამატებითი ბრალდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ტერმინებით სპეკულირება 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს სასჯელს ვერ აარიდებს. თუმცა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ქმედება რაც მშვიდობიანია და არაძალადობრივი, კანონიერი და კონსტიტუციურია. პაატა ბურჭულაძე ტერმინების შეცვლის ინიციატივით გამოდის - “მაქვს ასეთი წინადადება - შევცვალოთ სიტყვები. აი, მაგალითად, მშვიდობიანი დამხობა - “მშვიდობიანი” “ალერსიანად” შევცვალოთ და “დამხობა” “ალერსით” და ვთქვათ, მოდით, ყველას მოგიწოდებთ, ალერსიანად ჩავრეცხოთ 4 ოქტომბერს “ქართული ოცნება”. მემგონი ძალიან კარგი იქნება. “თუ ამაზეც რამე საწინააღმდეგო ექნებათ, გთხოვთ, გვითხრათ და ჩვენ ამ სიტყვებსაც რამენაირად მოვეფერებით. მათ ხალხის ეშინიათ, სიტყვების კი არა და უნდათ დააშინონ - აი, დაგიჭერთ და რამდენი უნდა დაიჭიროთ, მორჩა ეს დაჭერობანას თამაში”, - ამბობს ბურჭულაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის აქციასა და მის ორგანიზატორებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს “შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა განცხადებული მიზანიცაა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი კი პირდაპირ ამბობს, რომ “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. “ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და, რაც მთავარია, ძალადობრივი. იმიტომ, რომ რევოლუცია, დამხობა და სხვადასხვა პროვოკაციებით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა, ყველანაირი ძალადობა კი არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო”, - ამბობს წილოსანი, რომლის აზრით, “ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება მშვიდობიანი დამხობა და ლამაზი რევოლუცია, ყველა ეს ადამიანი თუ სუბიექტი ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს”, - დასძენს გამოცემა.
ირაკლი მელაშვილი - “არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ახალ ტაქტიკაზე უნდა დაიწყოს ფიქრი, რადგან ახლანდელი ტაქტიკა არსაით არ მიდის”
“რამე დიდის მოლოდინი არა მაქვს. იმედია, რაიმე სისულელეს არ ჩაიდენენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საბოლოოდ ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერს დიდი პოლიტიკური ძვრების მოხდენის თაობაზე. არ ჩანს ის განწყობა საზოგადოებაში, რომ ასეთი პოლიტიკური ძვრები მიდიოდეს. რევოლუციურ პროცესებს სჭირდება ლიდერები, ბელადები, რომელთაც საზოგადოება თვალდახუჭული მიჰყვება ხოლმე და ასეთებს, უბრალოდ, ვერ ვხედავ დღეს ქართულ პოლიტიკაში. ხელისუფლება შეშინებულს არ ჰგავს. არც იმისი ნიშნებია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის მხარეზე გადადიოდეს. ეს, ჩემი აზრით, ოპოზიციაში რაღაც ნაწილის დიდი არაადეკვატურობის ნიშანია, რატომღაც იმედი აქვთ და ცდილობენ ხალხიც დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და ამითი მოახდინონ ოპოზიციურად განწყობილთა მობილიზება. მეტი მათ არაფერი აქვთ, არც არანაირი შეთავაზება, გარდა იმისა, რომ 4 ოქტომბერს მოხდება ყველაფერი, მაგრამ რა მოხდება, ვერავინ ვერაფერს ეუბნება ხალხს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვერავინ ვერაფერს ამბობს, რა უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს”.
“ხელისუფლება გამალებით ცდილობს ხაბეიშვილისგან ლიდერის გამოძერწვას, რადგან აწყობს ოპოზიციის ასეთი ლიდერის არსებობა. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც ხდება. გასაგებია, რომ ხელისუფლება ბევრ ტუტუცობას სჩადის, მაგრამ ხაბეიშვილის დაჭერა სრული სიგიჟე იყო, თან იმ მოტივით, რაც გაცხადდა. როცა დაიჭირეს, სანამ შსს ბრიფინგს ჩაატარებდა, თავად “ნაცმოძრაობის” მომხრეებიც, ლიდერებიც და ადვოკატებიც ელოდებოდნენ, რომ ხელისუფლება უბრალო ჩანაწერს მაინც დადებდა და იტყოდა, ეს იქნება კომპილაცია და არ დაიჯეროთო. ამათ კი არც არაფერი დადეს და თქვეს, პოლიტიკური დაპირების გამო დავიჭირეთო. ისიც კი არ უთქვამთ, სახელმწიფოს დამხობას გეგმავდაო. სრული სამართლებრივი აბსურდია... იმ დღეს რა უნდა მოხდეს? ვერავინ ვერაფერს ამბობს. მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოდის და ამბობს, ხელისუფლებას 4 ოქტომბერს დავამთავრებთო, მაგრამ როგორ, კაცმა არ იცის. ვერც ხალხში ვხედავ ისეთ განწყობას, რომ ემზადებოდეს რაღაც გადამწყვეტისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“პირველ რიგში, ვერ ვატყობ ნდობას იმ ხალხის მიმართ, ვინც აანონსებს “მშვიდობიან დამხობას”. მმართველ გუნდში კი სჯობს კონსენსუსის ვარიანტებზე იფიქრონ, რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ეს ცუდი სიზმარი. ისე, “მშვიდობიანი დამხობა” ძალიან უცნაური ტერმინია, ასეთი რამ მხოლოდ ჩვენ შეიძლებოდა მოგვეგონებინა. ალბათობა, რომ ხელისუფლება დაემხობა, ძალიან დაბალია. ამიტომაც პროცესები ძალიან მდორედ წავა და საზოგადოებაში იქნება ფრუსტრაცია ოპოზიციის მორიგი ცრუ დაპირების გამო. საქართველოში ცვლილებები არ მომხდარა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოსწონთ. ცვლილებები მოხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება ირწმუნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც რაღაც უკეთესის მომტანია. ამიტომაც მთავარი ამოცანაა ოპოზიციის ფორმატირება ისე, რომ ოპოზიციამ საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხოს. თუ საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთ სიმებზე აწყობა ვერ მოხერხდა, ქვეყანაში ცვლილებები არ იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მმართველი პარტია საქართველოში არასოდეს არ არის კლასიკური პარტია. ყოველთვის არის ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების ძალიან ამორფული კავშირი და ახლა იქ ზოგი თავის გამყარებისთვის იბრძვის, ზოგი ზევით ასასვლელად და ა.შ. ვერ გეტყვით, რომ ეს საზოგადოებაზე მაინცდამაინც არსებით გავლენებს ახდენს. დაიჭირეს მინისტრი და შეხედეთ საზოგადოების რეაქციას, არც აინტერესებთ. იმდენად არაპოპულარულია ხელისუფლება, რომ არავის დაჭერა არ ადარდებთ. ხელისუფლების ავტორიტეტი დაცემულია ნულს ქვემოთ. მეორე მხრივ, ხელისუფლების ბედნიერებაა ის, რომ ოპოზიცია უფრო უარეს მდგომარეობაშია. კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის არის იარაღი, რომელსაც ხელისუფლება, როცა დასჭირდება, იყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარ დისკრედიტაციას ახდენს. ოპოზიციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში რა შანსი გამოიყენა, რომ ეს გამოიყენოს? ოპოზიცია რომ მოვა, კაცმა არ იცის, რა იქნება... ხელისუფლებაშიც არავინაა არის ისეთი, რომლის იმედიც საზოგადოებას ექნება. ძალზე დაბალია მათი პიროვნული რეიტინგები და მაღალია ლიდერების მიუღებლობა, იმიტომ, რომ დესტრუქციის მთავარი შემომტანები არიან, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ სხვათა რადიკალიზმზე. საზოგადოება მათ არ ენდობა და სულ არ აინტერესებთ, ერთმანეთთან რა დაპირისპირებები აქვთ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ვერავინ დამარწმუნებს, რომ 700 მილიონი დოლარი ისე გათეთრდა, რომ ვერც ეროვნულმა ბანკმა, ვერც საბანკო სისტემამ და ვერც სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერაფერი გაიგეს. მაშინ სახელმწიფო არ გვქონია. საუბარია იმ ოდენობის თანხის გათეთრებაზე, რომელიც ჩვენი სავალუტო რეზერვების ლამის 20-30%-ს შეადგენს და შეუძლებელია ეს ეროვნულ ბანკს არ სცოდნოდა. მაშინ რაშია საქმე? ის ხალხი, რომელიც დღეს ამაზე ლაპარაკობს, ხომ ყველა ხელისუფლებაში იყო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათზეა. ამბობენ, ჩვენ ვუვლით და ვიცავთ ქვეყანასო. რას იცავ, თუ ასეთი რამ ერთი სავალუტო ჯიხურის მეშვეობით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა იმდენად დაუცველია, რომ 3-4 სავალუტო ჯიხურს შეუძლია ჩვენი საფინანსო სისტემა დაანგრიოს. კობახიძე ახლა ცდილობს კორუფციასთან, დარღვევებთან მებრძოლის იმიჯი შეიქმნას და ყველაფერი სხვას გადააბრალოს. ამიტომ იწყებს ამ ამბების გამომზეურებას, ფიქრობს, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის. სამაგიეროდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში პრემიერს ექნება კორუფციასთან მებრძოლის ისეთი იმიჯი, რომ გუნდში ვეღარავინ აჯობებს”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
“მას სხვა იმიჯის შექმნის რესურსი არა აქვს. ჭკუადამჯდარი და ემპათიის მქონე იმიჯის შექმნა მისთვის შეუძლებელია. ამიტომაც იქმნის “მკაცრი ხელის” იმიჯს და სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის სტილში დაიწყო უკვე განცხადებების გაკეთება, არავის არ დავინდობ, მკაცრად იქნება კანონი გამოყენებულიო და ა.შ. ამასთან, საზოგადოებას კანფეტიც უნდა მიაწოდო და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის შექმნა სწორედ ეს კანფეტია. ჩვენ დღეს ავტორიტარული მართვის ისეთი სისტემა გვაქვს, რომ პირველი პირების შეხედულებები, ფსიქიკა დიდწილად განაპირობებს იმას, თუ ქვეყანაში რა ტიპის მართვა იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კობახიძის პირადი ინიციატივებია საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ივანიშვილის გარეშე?” - პასუხობს:
“ივანიშვილი თავის დასაყრდენებს იცვლის იმის მიხედვით, როგორც სჭირდება. ის არ აღიქვამს იმ ხალხს, რომლებიც მასთან მუშაობდნენ ღირებულ კატეგორიად. მისთვის ყველა დროებითი კონფიგურაციაა, რომელიც მერე იცვლება იმის მიხედვით, რა ამოცანაც უჩნდება. მისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ ის მინისტრები. ეს ჩვენ გვეგონა, რომ ისინი ივანიშვილის დასაყრდენი იყვნენ. მას ბიზნესშიც ეს სტილი ახასიათებს, კადრების მუდმივი ცვლა და იმავე ხაზს ატარებს პოლიტიკაშიც”.
“მისთვის დღეს დასაყრდენი ის არის, ვინც დღეს ჰყავს კონკრეტულ ადგილზე დანიშნული, მაგრამ ხვალ შეიძლება გაიღვიძოს და ჩათვალოს, რომ აღარ სჭირდება და მარტივად გამოცვლის. კობახიძე, როგორც ჩანს, ჯერჯერობით აწყობს. არ ვიცი, ვინ დაარწმუნა, ან რატომ ჰგონია, რომ დღეს მის ინტერესებში არის დასავლეთთან ჭიდაობა, მაგრამ ფაქტია, ამაში დარწმუნებულია და ამ ჭიდაობაში კი სჭირდება ისეთი ფიგურა, როგორიც კობახიძეა. კობახიძე ვერასოდეს შეუქმნის საფრთხეს ივანიშვილს, რადგან ძალზე არაპოპულარული ფიგურაა. აბსოლუტურად უტიფარია და თავისუფლად შეუძლია თქვას თეთრზე შავიაო. დასავლეთზე რასაც ბოდავს, თვითონაც არ სჯერა, მაგრამ უტიფრად ამბობს. მოკლედ, ივანიშვილს მასზე ჩამოკიდებული ისეთი პირი აწყობს ხელისუფლების სათავეში, რომელსაც საკუთარი რენომე არ გააჩნია. ერთადერთი, რაზეც კობახიძე დგას, ივანიშვილია და ეს ივანიშვილს აწყობს,” - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას, გააჩნია, რას გააკეთებენ და როგორ შეფუთავენ შედეგებს. გამოდის ინფორმაცია, რომ მაგალითად, თბილისში მეორე ტური იქნება. რაც ახლა ხდება, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ოპოზიციაზე უფრო არიან გაბრაზებული, ვიდრე ხელისუფლებაზე. სასწაული რომ მოხდეს და მეორე ტური ჩატარდეს, უფრო ცუდ მდგომარეობაში ის ოპოზიცია აღმოჩნდება, ვინც ბოიკოტშია, რადგან საზოგადოებას დაანახებს, რომ თურმე გამარჯვება შესაძლებელი იყო, თუკი ყველა ერთიანად გავიდოდა. თუ დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და ამის საფრთხე აქვთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ახალ ტაქტიკაზე დაიწყოს ფიქრი. ეს ყველას ეხება, რადგან ახლანდელი ტაქტიკა არსაითკენ არ მიდის. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური დიალოგი სამარცხვინოდ გახადეს პოლიტიკურმა სპექტრმა და აქტივისტებმა, ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.