შალვა პაპუაშვილი - მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის - ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით

ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა.

„მან ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც სამასი წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო-ეროვნული საქმე.

მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს - საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა - ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს