ირაკლი ფავლენიშვილი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მოახლოებულ 4 ოქტომბერს უკავშირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სასამართლოს მიერ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მოახლოებულ 4 ოქტომბერს უკავშირებს.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ივლისში უნდა მიეღო, მაგრამ პროცესი სპეციალურად ოქტომბერში გადმოიტანეს, „რადგან 4 ოქტომბრის მოახლოება აშინებთ“.

„ძალიან კარგად იცით, რომ 4 ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილს აშინებს. რაც შეეხება საქმეს, ეს არის შეკერილი საქმე და არც ერთ ცივილიზებული ქვეყანა ამ შეკერილ საქმეებს არ აღიარებს. ე.წ. პიჯაკების საქმე რეალურად დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეზიდენტი მხილებულია ხარჯებში, რომელსაც საკუთარი ქვეყნის იმიჯისა და უკეთესი საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისთვის იყენებდა. ეს ხარჯები მათ შორის უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. რეალურად საქმე გვაქვს არა კონკრეტულ დანაშაულებთან, არამედ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებასთან“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი