საქართველო გენდერული სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

1-3 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გენდერული სტატისტიკის მე-10 გლობალური ფორუმი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.­

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) ორგანიზებით იმართება.

საქსტატის ცნობით, ღონისძიებას ესწრება 30-მდე ქვეყნისა და 17 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე მონაწილე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სხვა პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები. ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცვლას გენდერული სტატისტიკის განვითარების სფეროში.

ფორუმი, რომლის ძირითადი დევიზი არის “ცვლილებების მართვა გენდერული სტატისტიკის საშუალებით: გზა თანასწორობისკენ” (Driving Change with Gender Statistics: A Path to Equality), გაეროს გენდერული სტატისტიკის გლობალური პროგრამის ფარგლებში იმართება. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც განიხილება გენდერული თანასწორობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საკითხები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი სრულფასოვანი მონაწილეობა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობისა და სტერეოტიპების დაძლევის საკითხებს. მონაწილეები იმსჯელებენ მიგრაციის პროცესებში გენდერულ ასპექტებზე, ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის სტატისტიკასა და დროის გამოყენების გამოკვლევის შედეგებზე.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ფორუმს. გენდერული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია სანდო და დეტალური სტატისტიკური მონაცემების გარეშე. ფორუმი არის შესაძლებლობა, ერთობლივად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და გავაუმჯობესოთ სტატისტიკური მეთოდები, რომლითაც ვზომავთ პროგრესს და ვადგენთ გენდერული უთანასწორობის მიზეზებს. საქსტატისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული სტატისტიკის სისტემური გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება”, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

“მაღალი ხარისხის და დეტალური გენდერული მონაცემების აქტიური გამოყენება, პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური ერთგულების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს გარდამტეხი შედეგების მიღწევას” - განაცხადა გაეროს დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა (UN DESA) ფრანჩესკა გრუმმა.

საქსტატის ინფორმაციით, ფორუმზე ყურადღება გამახვილდება პოლიტიკის დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის გენდერული მონაცემების მნიშვნელობაზე.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები იმსჯელებენ როგორც მონაცემთა წარმოების, ისე მათი ანალიზისა და გავრცელების საკითხებზე, რაც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია