ჩვენ არ მოვსულვართ სასეირნოდ, საცეკვაოდ, სიმღერების მოსასმენად - კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედო ამ ხალხზე დაპირისპირება! ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა! , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ აქციაზე, თბილისის საკრებულოს წინ დამონტაჟებული სცენიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრისთვის უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის უცხოეთიდან.
"როგორც იცით, ჩვენ არ მოვსულვართ სასეირნოდ, საცეკვაოდ, სიმღერების მოსასმენად. დღეს აქ არის დიდი საერთო ეროვნული კრება. დღეს აქ, ქართველი ხალხი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. კარგად იცით, რომ უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის უცხოეთიდან. უამრავი ადამიანი მოდის რეგიონიდან. უდიდესი საცობებია რიკოთზე, შემოვლით გზაზე ჭიათურაში, კახეთის გზატკეცილზე. ჩვენ გვინდა, ეს იყოს დიდი საერთო, ეროვნული ყრილობა, ეროვნული კრება, მშვიდობიანი დროშების რევოლუცია.
ძალიან მალე შემოგვიერთდებიან და ერთიანად ვიმოქმედოთ მთელმა საქართველომ. მთავარ სათქმელს პაატა ბურჭულაძე გააჟღერებს.
მალე შემოვლენ თბილისში, ისედაც გადავსებულია თავისუფლების მოედანი, ხალხი არის რესპუბლიკის მოედნამდე. არ წყდება ნაკადი.
აქედან კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედო ამ ხალხზე დაპირისპირება! ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა.
13 წლის განმავლობაში თუ ვინმემ ისწავლა ჭკუა, ეს ჩვენ ვართ, ბიძინა ვეღარ მოგვატყუებ. არავინ ჭამს შენს გადმოგდებულ პრემიერს, მთავრობას, შენს მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს, აქ ძალაუფლებას აიღებს ქართველი ხალხი“,- აღნიშნა ნადირაძემ.
მას სცენიდან „პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს“ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხვალიდან, ყველა პოლიტიკური პატიმარი თავისუფალი უნდა იყოს.
„მინდა, განსაკუთრებული მოკითხვა გადავცე დღევანდელი დღის ერთ-ერთ მთავარ სულის ჩამდგმელს ლევან ხაბეიშვილს. ხვალიდან, ყველა პოლიტიკური პატიმარი, მიშადან დაწყებული, ლევანით დამთავრებული, ყველა სინდისის პატიმარი, ჩვენი მზია ამაღლობელი თავისუდალი უნდა იყოს. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არიას რომელიმე პოლიტიკური ან ორგანიზაციის აქცია, ყველა დაჩაგრული უნდა იყოს თავისუფალი“, - აღნიშნა ნადირაძემ.