პაატა ბურჭულაძემ აქციაზე ეროვნული კრების დეკლარაცია წაიკითხა და განაცხადა, რომ დეკლარაციით, "ხელისუფლების ძალაუფლება შეწყვეტილია და ის ეკუთვნის ხალხს"

„რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე, სადაც აქცია იმართება, დეკლარაცია წაიკითხა.

„ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული და ალბათ ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია.

მე მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ. ჩვენ არ ვართ მოსული, რომ შეტაკებები მოხდეს, მე ჩემი შვილიშვილებით ვარ მოსული, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ! სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ, ამიტომ დღეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით გვიყურებს. დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება სადაც ერთდება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს.

მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ, ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან, როგორც ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს - სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან, უზურპატორისგან რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისა და თითოეული მოქალაქისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე კენჭისყრაზე ვაკითხებთ შემდეგ საკითხებს:

ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს!

ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია!

ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას”, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ