იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.

აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის