პაატა ზაქარეიშვილი - ევროპელი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ რუსთაველზე, თუ არ მივლენ, გამოვა, რომ „ოცნებამ“ თავისი გაიტანა - შეხვედრის გაუქმების მესიჯია: „თქვენი იდიოტური ლეგიტიმაცია არაფერში მჭირდება, მე ძალაუფლებაში ვთუხთუხებ“

შეეშალა მასპინძელს [ირაკლი კობახიძეს], მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირი იქნებოდა ის, რომ მაინც მიეღო იმიტომ, რომ მათი ამორალური ავტორიტარული ხედვა მკაფიოდ გამოხატავს შემდეგს: „ჩვენ აქ ვართ მართლები, ჩვენ განვკარგავთ სიტუაციას, მე თქვენი იდიოტური ლეგიტიმაცია არაფერში მჭირდება, მე ოპოზიციამ ბოიკოტისა და რევოლუციის სახით მაჩუქა ძალაუფლება, მე ამ ძალაუფლებაში ვთუხთუხებ“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც თბილისში ვიზიტით მყოფ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე ელენე ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ირაკლი კობახიძის ეს ქმედება არის არგუმენტი იმისა, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ძალაუფლება და არა ლეგიტიმაცია.

„შეეშალა მასპინძელს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირი იქნებოდა ის, რომ მაინც მიეღო იმიტომ, რომ მათი ამორალური ავტორიტარული ხედვა მკაფიოდ გამოხატავს შემდეგს, რომ „ჩვენ აქ ვართ მართლები, ჩვენ განვკარგავთ სიტუაციას, ჩვენ თქვენი ლეგიტიმაცია არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ძალა უფლება, ჩვენ ძალაუფლება მოვიპოვეთ“. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმ უგუნური ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ლეგიტიმაცია, არაფერში სჭირდება, საერთოდ არაფერში სჭირდება, მას სჭირდება ძალაუფლება და ეს არის უნიკალური არგუმენტი, როდესაც აქ ჩამოსულ პრაქტიკულად პირველ პირს, ევროპაში წამყვანი სახელმწიფოს - ფინეთი ნატო-ში შევიდა და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი თამამი სახელმწიფოა, მათი პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მართლაც უნიკალური ფიგურაა, იშვიათი მოვლენაა, რომელსაც ტრამპთან პირდაპირი კავშირი აქვს და შეუძლია დააჯეროს რაღაც ტრამპს და ამ ფონზე, ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ იღებს. ე.ი. ეს არის მკაფიო განცხადება, რომ „მე თქვენი იდიოტური ლეგიტიმაცია არაფერში მჭირდება, მე ოპოზიციამ ბოიკოტისა და რევოლუციის სახით მაჩუქა ძალაუფლება, მე ამ ძალაუფლებაში ვთუხთუხებ, კმაყოფილი, ბედნიერი ვარ და თუ ჩამოხვალთ და გინდათ ჩემთან შეხვედრა კეთილი ინებეთ და ჩემს ავტორიტარულ სახელმწიფოში არსებული სტანდარტებით იმოქმედე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რატომ გააუქმა პრემიერმა შეხვედრა და რატომ არ დააფიქსირა შეხვედრაზე ხელისუფლების უკმაყოფილება იმის გამო, რომ ეუთოს თავმჯდომარე გუშინ საღამოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებულ მომიტინგეებთან მივიდა, ზაქარეიშვილის თქმით, აღნიშნულს მისი ახსნა აქვს.

„შეხვედრაზე ვერაფერს იტყოდა კობახიძე, იმიტომ, რომ ძალიან დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა. ქალბატონიც უპასუხებდა, ასე არ არის. ანუ მიიღებდა სერიოზულ შენიშვნას, რაც მსოფლიოში გავრცელდებოდა, რომ პირადად, პირდაპირ საუბრის დროს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ და ცალსახად უთხრა, რამდენად უკმაყოფილოა არამარტო ფინეთი, ნატო-სა თუ ევროკავშირის წარმომადგენელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრი. ბუნებრივია, ამ ფონზე არ უნდოა მას საყვედურები პირდაპირ ეთერში მიეღო. ეს ავტორიტარული რეჟიმიდან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია. ასე ელაპარაკება ლუკაშენკო, ასე ლაპარაკობს მადურო, პუტინი და ა.შ. ანუ ეს არის ტიპური ავტორიტარული მმართველობის სტილი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი არჩევნებამდე რომ ყოფილიყო, ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს აუცილებლად მიიღებდა.

„მას აუცილებლად მიიღებდა და რაღაცებს გადაყლაპავდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ, ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი პოზიციის გამო მას ეჩუქა გამაოგნებელი წარმატება. ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა უფრო ნაკლებმა ადამიანმა მისცა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია კი არა, ძალაუფლება გაიმყარა. ლეგიტიმაცია იდიოტური სიტყვაა მათთვის. ლეგიტიმაცია არაფერს ნიშნავს, როგორმე უნდა შევუშვათ ჩვენ თავში ის, რომ მათთვის მნიშვნელოვანი სიტყვაა - ძალაუფლება, ძალაუფლებიდან გამომდინარე ხელისუფლება. ძალაუფლება- ხელისუფლება, ხელისუფლება- ძალაუფლება. აქ, ლეგიტიმაცია არანაირად არ შედის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგმა შეაფასა თბილისში სტუმრად მყოფი ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის მისვლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და იქ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება რომ „თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე - აქ მათ მხარდასაჭერად ვართ“.

„რომ არ მისულიყო გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გაძლიერდა ან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ხორციელდება. დავიმახსოვროთ, ევროპა პირველ რიგში, მეორე რიგში, მესამე რიგში, არის ღირებულებები! მერე არის ინსტიტუტები და სხვა საკითხები. ღირებულება არის თანასწორობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ყველაფერი. ადრე, როდესაც ჩამოსულები იყვნენ ევროპის ლიდერები, მათ მიმართ კრიტიკა იყო იმის გამო, რომ მიტინგზე მივიდნენ, უკვე სხვა, ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩამოვლენ, აუცილებლად უნდა მივიდნენ. თუ არ მივლენ, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა. ამიტომ, არა, ევროპას არ სჭირდება საქართველო, საქართველოს სჭირდება ევროპა, უკაცრავად, ასე არ არის. ზოგჯერ გამოსჭვივის ხოლმე კობახიძის მეტყველებიდან, რომ „ჩვენ არანაკლებ ვჭირდებით ევროპას“- არაფერში არ სჭირდები ევროპას, ევროპა გჭირდება შენ! კეთილი ინებე და როდესაც გიწერია კონსტიტუციაში ევროკავშირი, ნატო, შესაბამისად მოიქეცი!“ -განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „ბრიუსელი და ევროკავშირი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ - ჩვენ ბრიუსელში არ შევდივართ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ“. ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირის ბრიუსელის გარეშე არ არსებობს, როგორც სახელმწიფო არ არსებობს დედაქალაქის გარეშე. ზაქარეიშვილი პაპუაშვილის ამ განცხადებას „ფარისევლობად“ აფასებს.

„ეს არის ფარისევლობა, ტყუილი, ისევ და ისევ, თავის ამომრჩეველზე მიმართული იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ შემორჩენილია განცდა იმისა,რომ „ქართული ოცნება“ მშვიდი ფორმით, რაღაც შემოვლითი გზებით მაინც მიდის ევროკავშირში. ეს ტყუილია, არ მიდის, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ეს განწყობები ჯერ კიდევ არის, მათ არ უნდათ ამ ამომრჩევლის დაკარგვა და ამიტომ, მუდმივად გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ ვითომდა ისინი მაინც მიდიან რაღაც ევროპაში, რაღაც კოსმოსურ, იდიოტურ, მათ წარმოსახვაში არსებულ რაღაც ორგანიზაციაში. სინამდვილეში კი, ევროპა არის რეალური, მას აქვს თავის ტერიტორია და თავისი დედაქალაქი ბრიუსელი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს