4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა - სულ 62 პირია დაკავებული

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე ამ ეტაპზე სულ 62 პირია დაკავებული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს – კერძოდ, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი!

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, თ.ქ., გ.ტ., დ.გ., მ.მ., ი.ღ., ა.თ., ა.ვ., გ.კ., გ.თ., გ.ჟ., დ.ღ., კ.ჭ., მ.თ., რ.ჯ., ს.მ., ჯ.თ.. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენს მიერ ამ დროისათვის, ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის ირაკლი შაიშმელაშვილისა და ა.უ.-ს მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.

ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება, უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი დაშავდა. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ.

ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

კიდევ ერთხელ, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტითა და პროფესიონალიზმით დაცვისთვის.

ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა – ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა. ჩვენი პოლიციელების, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია.

სწორედ ჩვენი სამართალდამცველების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად, მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა.

უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით!" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები