პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული 5 პირიდან ოთხისთვის პატიმრობის, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

უსამართლობის შეგრძნება მაქვს ძალიან დიდი. ამ კაცის ნაშრომ ხელებს ვხედავ, ხელებზე შეხედეთ, ხალხო, ამ კაცს - შეხედეთ უბრალოდ,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, მარიამ მეყანწიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც მასთან ერთად დაკავებულ დავით გიუნაშვილზე ისაუბრა.

მარიამ მეყანწიშვილს, რომელიც სიტყვით გამოსვლის დროს სხდომაზე ატირდა, მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„შენიშვნას გაძლევთ, დაწყნარდით“,- მიმართა მოსამართლემ ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს.

რაც შეეხება თავად სხდომას, პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებული ხუთი პირიდან ოთხს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, პროკურორის თქმით, მას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება ბრალი, რის გამოც სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. ასევე, პროკურორის თქმით, ბრალის დასამტკიცებლად საქმეში მტკიცებულების სახით ვიდეო-ჩანაწერები არსებობს.

ბრალდებულებიდან არცერთი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„ყველაფერი ტყუილია. ბრალდებას არ ვეთანხმები. მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, რუსებმა დამიწვეს სახლი და მაგ მოტივით ვაპროტესტებდი“,- განაცხადა ბრალდებულმა დავით გიუნაშვილმა.

„ბრალდებას არ ვეთანხმები, ჩემი მხრიდან მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მსგავსი არაფერი ყოფილა. რასაც მედავებიან“,- განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ტალახაძემ.

„აღნიშნულ ბრალდებას არ ვეთანხმები და იმედი მაქვს განხილვის პროცესში ყველაფერი გაირკვევა“,- განაცხადა ბრალდებულმა იური ლომიძემ.

„მუხლები ძალადობას გულისხმობს. წინააღმდეგობის გაწევა - მსგავსი არ ყოფილა, ბრალს არ ვეთანხმები“,- განაცხადა ბრალდებულმა თემურ ქურციკიძემ.

„არ ვეთანხმები ბრალდებას“- განაცხადა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.

აქციის ფარგლებში დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ქურციკიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის