კანონის გამკაცრებისა და დაჭერების მიუხედავად რუსთაველს ისევ კეტავენ - რა პერსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას ამგვარი ფორმით
უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი
ანაკლიაში პირველ გემს 2029 წელს ელოდებიან - რამდენად მოესწრება პორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა?
* * *
კანონის გამკაცრებისა და დაჭერების მიუხედავად რუსთაველს ისევ კეტავენ - რა პერსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას ამგვარი ფორმით
“აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებისა და დაკავებების მიუხედავად, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს მაინც კეტავენ. ამასთან, აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და პარალელურად სხვადასხვა ფორმებს განიხილავენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა პროტესტი არ შეწყდეს, მაგრამ ალტერნატიული გზები გამოძებნონ. 17 ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ, შსს-მ სამართალდამრღვევად 40-ზე მეტი პირი გამოაცხადა. განცხადება 22 ოქტომბერსაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათში 12 პირი დააკავეს. “აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს...” - აცხადებს შსს-ს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კანონის გამკაცრებისა და დაჭერების მიუხედავად რუსთაველს ისევ კეტავენ - რა პერსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას ამგვარი ფორმით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევიდა. მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, შსს-ს მოთხოვნით, შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ორ წლამდე ვადით. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ თუ “უცხოელებისგან დაკვეთა არ იქნება” პროტესტიც შეწყდება. “არ იქნება ფული, არ იქნება პროტესტი. მხედველობაში რა მაქვს - არ იქნება უცხოელებისგან დაკვეთა, არ იქნება მათგან მიცემული ფული, არ იქნება პროტესტიც... ხელისუფლებამ ჰუმანური კანონი მიიღო, პირველად გაფრთხილებენ, მეორეჯერ 15-დღიანი ციხეა დანაშაულის შესაბამისად და შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კი ბატონო, იმოქმედონ ისე, როგორც მათ და მათ დამკვეთებს უნდათ და სახელმწიფოც ისე იმოქმედებს, როგორც კანონი მოითხოვს... ესენი ქართველი სახელწიფოებრიეობის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხია, სახელმწიფოს ნება რომ მიეცა და ხალხი მათ ნებას ოდნავადაც დაჰყოლოდა, დღეს საქართველოსგან არაფერი აღარ იქნებოდა. ეს ადამიანები ითხოვდნენ საქართველოს უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა და სანქციები გამოეცხადებინა... შარვალჩახდილი ზურაბა რომ ზის ციხეში ის ლაპარაკობდა, “რა კარგი იქნება ერთი ათი ათასი რუსი რომ შემოვიდეს უკრაინას ეშველებაო”, ეს მას, რა თქმა უნდა, დავალებით ჰქონდა გაცხადებული...”, - თვლის გვენეტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდება, თუმცა, შესაძლოა ფორმები შეიცვალოს”, - დასძენს გამოცემა.
“წინააღმდეგობა გრძელდება, კანონების გამკაცრების მიუხედავად პროტესტი არ შეწყდება, შესაძლოა ფორმა შეიცვალოს. გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ადამიანები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ამიტომაც აქციის ჩატარება სხვადასხვა ლოკაციაზეცაა შესაძლებელი, ყოველთვის არაა აუცილებელი გზის გადაკეტვა, შესაძლებელია თუნდაც უშუალოდ პარლამენტის წინ შეკრება, ან სხვა ადგილას, რომელიმე პარკში, ან მსვლელობა მოეწყოს, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ეს ხალხი გარეთაა საჭირო და ტყუილად ციხეში რატომ უნდა ამოყონ თავი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “ამოწურა თუ არა რუსთაველზე გადაკეტვებმა თავი?” - პასუხობს:
“შეიძლება არ ამოწურა რახან იკეტება, მაგრამ რეალობა უნდა გაითვალისწინონ და იქ შეიკრიბნენ, სადაც არანაირი საფუძველი არ ექნებათ დაკავებების”.
“მიმაჩნია, რომ “ოცნებისთვის” მთავარი დისკომფორტი სწორი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება და სწორი ალტერნატივის შექმნაა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თუ რა საფრთხეს უქმნის “ოცნება” ქვეყანას, ანუ თბილისსა და რეგიონებში უნდა გავიდნენ. ასევე სოციალური ქსელების ამოქმედებაა საჭირო. დღეს ოპოზიცია საინფორმაციო ომს აგებს. თუნდაც ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე სამთავრობო მედია შეეცდება იმის წარმოჩენას, რომ აი, ბატონ ბიძინას როგორ უღალატეს და როგორი წესიერი კაცია. ამიტომაც ამაზეა სამუშაო, თუ რატომ აფარებენ ხელს და ბევრი კითხვა უნდა დაისვას, მაშინ რატომ წარადგინა ორჯერ პრემიერად, იყო თავდაცვისა და შს მინისტრი, ან ლილუაშვილი რომელსაც უსაფრთხოება ებარა. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, კი ბატონო, ბევრი ადამიანი “ოცნებას” მხარს არ უჭერს, რაც არჩევნების დროსაც გამოჩნდა, მაგრამ ნაწილი ნეიტრალურადაა განწყობილი, რატომ უნდა დავუჭირო მხარი ოპოზიციას, ალტერნატივას რას მთავაზობსო, სწორედ ეს უნდა აუხსნას საზოგადოებას და ამაზე იმუშაოს”, - დაასკვნის ჩიტაძე.
უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი
“ქვეყანაში დიპლომატიური კრიზისი თანდათან მწვავდება, საქართველოში უკვე სამი საელჩოა ელის გარეშე დარჩენილი - გერმანიის, აშშ-სა და უკრაინის. ამასთან, “ოცნება” ევროკავშირის ელჩს “ტერორისტების მხარდაჭერაში” ადანაშაულებს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი განგრძობადი აღმოჩნდეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან კავშირი “ქართულმა ოცნებამ” თავად გაწყვიტოს, ან ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. “დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით”, - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ხოლო გია აბაშიძის თქმით, “ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი.
“2022 წელს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი რუსეთის შეჭრის ფონზე კონსულტაციებისთვის გაიწვია, მიზეზად კიევიდან ოფიციალური თბილისის არამეგობრული განცხადებები დასახელდა. 2024 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინიც გაიწვია. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა დაასახელა. მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ელჩი რობინ დანიგანი, 2025 წლის ივლისში დატოვებდა ქვეყანას. დანიგანმა წასვლის მიზეზად პენსიაზე გასვლა დაასახელა, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია. 16 ივლისიდან აშშ-ს ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებს, ის საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადილე. ამა წლის 19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეპულმა კონსულტაციებისთვის საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, მიზეზად დასახელდა “საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს ჩვენი პარტნიორების მისამართით და მათი მხრიდანაც შესაბამისი რეაქციებია. რა თქმა უნდა, სხვა პრეცედენტებიც იქნება და არ გამოვრიცხავ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობაზე თავად თქვას უარი, ჩვენი პარტნიორები ალბათ თავადაც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. იზოლაციაში ფაქტობრივად უკვე ვართ, ეს იზოლაციის გაფორმებას ნიშნავს, ანუ იურიდიულად ფორმდება ჩვენი ქვეყნის იზოლაცია. დიპლომატიური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება სახელწიფოთაშორის კრიზისში და ეს შემდეგ ალბათ უკვე მოიცავს ადამიანთა ყველა ფენას, როგორც ეკონომიკურ სფეროს, ისე პოლიტიკურს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. აღმოვჩნდებით მძიმე კრიზისში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ გერმანიის ოპოზიციის ტოპ ლიდერი “ალტერნატივა გერმანიისთვის” სერიოზულად დაინტერესდა ე.წ. ელჩი ფიშერის საქმიანობით და რაც მთავარია, აქ გერმანული ფულით დაფინანსებული ენჯეოებით, რომლებიც ექსტრემიზმთან არიან დაკავშირებულები. ნებისმიერი დემოკრატიული ძალა, ევროპა იქნება თუ სხვა, ყოველთვის საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვითაა დაინტერესებული. მაგრამ თუკი ბიუჯეტიდან ექსტრემიზმის წამქეზებელი ჩინოსნები, ანუ დიპლომატები და მასპინძელი ქვეყნების ენჯეოები ფინანსდებიან, რომლებიც ღიად და დაუფარავად ხელისუფლების დამხობას მოუწოდებენ, ეს არც გერმანელი და არც ზოგადად ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“რაც ფიშერთან დაკავშირებით მოხდა, ამას სხვა შემთხვევებშიც ექნება განმეორებითი ხასიათი, რადგან აქ იმაზე კი არ არის, რომ “ქართული ოცნება” ამა თუ იმ პარტიასთან თანამშრომლობს, არამედ ის ხაზგასასმელი და შოკისმომგვრელი ფაქტები, როდესაც მაგალითად ფიშერი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი ქალბატონი გასრი, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა სამარცხვინოდ თანამშრომლობენ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან აქეზებენ, გრანტებსაც აძლევენ და ეს ნამდვილად არ შედის არც ერთი ქვეყნისა და ბლოკის ბიუჯეტის ყაირათიანად დახარჯვის კონტექსტში. ყველაფერს ცენტებში ითვლიან, გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, ამიტომ წარმოუდგენელი და უპრეცედენტოა, როდესაც ელჩი უნდა ზრუნავდეს ქვეყნებს შორის შეკავშირებაზე, ან საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ინტეგრაციაზე, მაგრამ მათი საქმიანობა შავბნელ ძალებს უკავშირდება, რომლებიც კონსტიტუციისგან შორს არიან და ღიად და დაუფარავად შიდატერორისტულ საქმიანობას ეწევიან”, - მიიჩნევს აბაშიძე.
“პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გასული წლის ვიდეოს, სადაც ის აქციებზე “თავდაცვის და თავდასხმის გზებზე” საუბრობს. მისივე თქმით, “ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა”. “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი პეტერ ფიშერს საქართველოში “დიპ სტეიტის” პოლიტიკის განმახორციელებლად მიიჩნევს. “ეს არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ კრიმინალური ოპოზიციის მხარდაჭერა და წაქეზება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები ბატონ ფიშერს პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ამ კითხვების დასმას დაემთხვა ელჩის გაწვევაც... გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის გაწვევაც, რომელსაც ძალიან მოულოდნელად შეუწყვიტეს დიპლომატიური მისია და არამხოლოდ საქართველოში - ნაადრევად გაუშვეს პენსიაზე განაცხადა სუბარმა, რომლის თქმით, ესეც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ელჩებისთვის”, - დასძენს გამოცემა.
ანაკლიაში პირველ გემს 2029 წელს ელოდებიან - რამდენად მოესწრება პორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა?
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. ასეთი თამამი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. 2029 წლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, სპეციალისტთა ნაწილს დათქმული ვადა აეჭვებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ სამუშაოები ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. “ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე შექმნილია და ვფიქრობთ, რომ ამავე, პირველივე ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს”, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. ეკონომისტი დემურ გიორხელიძე კი აცხადებს, რომ ის კარგად იცნობს ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის პროექტს, რომელზეც თავადაც მუშაობდა და ვერ ხვდება, რას აგებს ახლა საქართველოს ხელისუფლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ანაკლიაში პირველ გემს 2029 წელს ელოდებიან - რამდენად მოესწრება პორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა?
“ეს პროექტი ბრწყინვალედ დამუშავდა ძალიან ცნობილი ინჟინრის, სპარტაკ ზერაგიას ხელმძღვანელობით. სხვათა შორის, პატარკაციშვილის დაკვეთით, ყულევის პორტიც მან დააპროექტა და ააგო. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა შემომთავაზა, თუმცა ეს შესანიშნავი პროექტი საქართველოს ხელისუფლების მიერ იგნორირებულ იქნა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რას აგებს ახლა საქართველოს ხელისუფლება ან რა პროექტზეა საუბარი? თუ საუბარია გემის მისაღებ რაღაც პორტზე მარტივად კეთდება, მაგრამ ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის პროექტი და არა პორტის პროექტი, გაცილებით მასშტაბურია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, თუ სახელმწიფოთაშორის კონსენსუსი იქნა მიღწეული, შუა დერეფნის ფუნქციის შესრულებაზე. ახლა გაუგებარია, რა ტიპის გემი მოადგება ანაკლიის პორტს ან კონკრეტულად, რა პროექტი ხორციელდება? ეს დეტალები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ... სხვათა შორის, მე ჩამოვიყვანე “ჩაინა ჰარბორ კორპორეიშენი”, რომელიც ამ ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს წინ დავუსვი! ყველანაირად გარკვეული ვარ ამ საკითხში, მაგრამ ანაკლიაში რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, შემიძლია, სანაძლეოც კი დავდო, რომ თვითონაც ვერ ჩამოაყალიბებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
“სხვაგვარი მოსაზრება აქვს “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელს, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს. მისი თქმით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. “ამას ვხედავთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ - ბევრი კონკრეტული ფაქტით. მე პირადად მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე დამეთვალიერებინა სამშენებლო სამუშაოები და გარწმუნებთ, სამუშაოების დასრულების ვადები რეალისტურია! დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი, რომელიც დასახელებულია, კონკრეტულ დროში დადგება. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია, ამას ყველა იაზრებს და როდესაც პროექტი პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, ხდება კიდეც ვადებზე აქცენტირება”, - ამბობს აბაშიშვილი, რომლის აზრით, “შესაბამისად, პროექტი კონკრეტულ ვადებში დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოქტომბრის დასაწყისში, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა: “ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას... პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია... ამჟამად მიმდინარეობს ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება... აქტიურად გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევ პროცესში მონაწილე კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების პროცესი“, - წერს სამინისტრო თავის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ "დაზუსტების პროცესის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას” - განაგრძობს გამოცემა.
“2026 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში, 195 მილიონი ლარი დაიხარჯება. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე - 150 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაზეც მიმდინარე წელსაც 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამასთან, მომდევნო წელს უნდა დაიწყოს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რისთვისაც 45 მილიონი ლარი გამოიყოფა; 2027 წელს, გზის მშენებლობაზე - 125 მილიონი ლარი დაიხჯარება; პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი - 125 მილიონი ლარი”, - დასძენს გამოცემა.