შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

ადვოკატი ზურაბ ტაბიძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც გაასაჩივრებს. მისი თქმით, ვლადიმერ ხუნდაძე მკურნალობის მიზნით თურქეთში დაახლოებით 15-20 დღის წინ წავიდა და საზღვარი ისე გადაკვეთა, რომ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. ადვოკატის თქმით, ხუნდაძემ არც ის იცოდა, რომ მას ბრალი უნდა წარდგენოდა.

„არასწორად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე. ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ არის წასული. მისი მხრიდან არანაირი წინასწარი განზრახვა მიმალვის, სასამართლო პროცესზე არგამოცხადების და ხელის შეშლის თაობაზე არ ყოფილა. თავად ხუნდაძე გამოკითხული არ არის, მან არც ის იცოდა, რომ ბრალი უნდა წარდგენოდა. მან ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი მკურნალობის მიზნით. სასამართლოს წარვუდგინე ცნობა თურქეთის სამედიცინო დაწესებულებიდან, რაც მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო და რატომღაც ჩათვალა, რომ თითქოს ის ყალბი და არამყარი იყო. ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთში სამკურნალოდ დაახლოებით, 15-20 დღის წინ წავიდა“- განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.

ადვოკატის თქმით, ვლადიმერ ხუნდაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთ ფაზაშია, რომ 3 ნოემბერს ოპერაცია უნდა გაიკეთოს, შესაბამისად, ადვოკატი ფიქრობს, რომ ბრალდებული მასთან კომუნიკაციას, სავარაუდოდ, ჯერ ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის ცნობით, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის