პაველ ჰერჩინსკი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა - ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებული უკუსვლის საერთო დონე და აქ მე უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისარ კოსის სიტყვების ციტირებას ვახდენ, უპრეცედენტოა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა შეარყია საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც შექმნა სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების რისკები. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას. ასევე, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სრული დაუსჯელობის პირობებში.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული მტრული ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მიზნად ისახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრას. წამყვანი ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე. დღევანდელ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილებში მნიშვნელოვნად შენელდა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო ამაყობდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხში ლიდერობით, რაც სამწუხაროდ, ასე აღარ არის.

„ევროკავშირში გაწევრიანება ტრანსფორმაციული პროცესია და ასეც დარჩება, თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. ყველას მოვუწოდებ, ყურადღებით წაიკითხოს ეს ანგარიში, რომელიც 80-ზე მეტ გვერდს მოიცავს. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლა აირჩია, სხვა კანდიდატებმა წინ წაიწიეს რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, ქართველი ხალხი და ქართული ბიზნეს კომპანიები ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრებს, როუმინგის ნულოვან საფასურს, საბანკო ხარჯების შემცირებას, საბაჟო შემოწმებების შემცირებას და ბევრ, ბევრ სხვა სარგებელს კარგავენ.

„როგორც ახლახან მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისგან და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელ კომისრისგან, მარტა კოსისგან, კომისია დღეს საქართველოს სიცოცხლისუნარიან კანდიდატ ქვეყნად არ მიიჩნევს. კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზე თუ კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ეს ორივე კომისრის სიტყვები იყო. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები