პროკურორი - ფარული ჩანაწერის ფიგურანტები არიან ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სხვებთან ერთად - საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები აძლევენ დავალებას, გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერის ფიგურანტები არიან „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე, „უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირების დავალებით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და მიზნად ჰქონდათ ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლა“.

„რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს. ეს არის სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ეს ჩანაწერი შეეხება 319-ე მუხლს. მოგეხსენებათ, 319-ე მუხლი ბრალად აქვს წარდგენილი ვაშაძეს, ხოშტარიას და ჯაფარიძეს.

ფარული ჩანაწერის ფიგურანტი პირები არიან ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა პირებთან ერთად. საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები მათ აძლევს დავალებებს, რომ შეაგროვონ და გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და ცრუ ნარატივები, თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს და აკრძალულ იმპორტულ ტვირთს იღებს საქართველო და ასევე საქართველოს საჰაერო საზღვარი გამოყენებული იყო რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მისაღებად. ეს ინფორმაცია იყო სიცრუე და გამოგონილი და ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად აგროვებდნენ და ავრცელებდნენ. მათი მიზანი იყო ამ უკანონო და დანაშაულებრივი მეთოდებით მომხდარიყო კანონიერად არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მათთვის ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მოსვლა“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ