საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება

მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და ასევე, პერსონალური მონაცემების - მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა ექნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.

ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა.

მთავრობის ადმინისტრაცია აქცენტს მის ფარგლებში შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტზე აკეთებს. დეპარტამენტს აღნიშნულ მონაცემთა გამოთხოვა არ შეუძლია, რაც მთავრობის ადმინისტრაციას განმარტებით, აფერხებს დეპარტამენტის ფუნქციას, შეასრულოს ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორიცაა რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის შეფასება, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

“რისკების გამოვლენა და შეფასება მხოლოდ ზედაპირული ან საჯარო მონაცემებით შეუძლებელია. სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად.

ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გაზრდის ანალიზის ხარისხს, რითაც დეპარტამენტს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, ანგარიშები და წინადადებები. მაგალითისთვის, ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარჯვითი ნაწილი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა 36,94 მილიარდი ლარი შეადგინა. მხოლოდ 2024 წლის მონაცემებით, 8,14 მილიარდი ლარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ხსენებული უფლებამოსილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას.

შესაბამისად, აუცილებელია, მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა კონტროლის ხელშეწყობის განხორციელების პროცესში და რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ