აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დავალებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ქართველ კოლეგა, ირაკლი კობახიძეს დაუკავშირდა.

აღინიშნება, რომ საუბარში ასადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარება გაიღოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ასევე, ბაქო მზად არის, საგანგებო ვითარებების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი გაგზავნოს საქართველოში საძიებო და სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვა საჭირო დამხმარე ზომები მიიღოს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ მადლობა გამოთქვა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე. საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებების სამინისტრო და ციფრული განვითარების სამინისტრო კონტაქტში იმყოფებიან ქართველ კოლეგებთან.

მხარეები ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო