შალვა პაპუაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე - ბრიუსელისგან მხარდაჭერილ პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი, რაც შეეხება საჯაროობას, ჰკითხეთ ხაზარაძეს, ანაკლიის პროექტის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული

რეალობა არის ერთი, რომ ამ პროექტს აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები და არ აქვს არანაირი უარყოფითი მხარე. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის პირადმა განმარტებებმაც ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა და ყველა მითი, ყველა დეზინფორმაცია და ყველა ტყუილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაამსხვრია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ალტ-ინფო“ და ბრიუსელი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, რამაც, ბრიუსელი უნდა დააფიქროს, იმის შესახებ, რომ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი არასამთავრობოები თუ პოლიტიკური პარტიები, მზად არიან, იარაღად ქსენოფობიაც კი გამოიყენონ პოლიტიკური ცვლილებებისთვის.

„რა გავიგეთ ამ რამდენიმედღიან საინფორმაციო შტურმში? ჩვენ გავიგეთ, რომ ბრიუსელი და „ალტ-ინფო“ ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელისგან მხარდაჭერილ „ენჯეოებს“, პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი, რაც თავისთავად დამაფიქრებელია. მგონი, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების იძულებისთვის, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ენჯეოები თუ პარტიები, მზად არიან, ქსენოფობიაც კი საკუთარ არსენალში, როგორც იარაღი გამოიყენონ. ეს არის სწორედ ის ღირებულებითი კრიზისი, სადაც ბრიუსელი არის შესული და რომლიდან გამოსვლის გარეშეც, რთულია ვისაუბროთ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომლებსაც, წესით, უნდა მიჰყვებოდეს ბრიუსელის ბიუროკრატია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს, დეტალური განმარტებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთდა. რაც შეეხება ხელშეკრულების გასაჯაროებას, პაპუაშვილის განმარტებით, არც ერთ ქვეყანაში, კომერციული პროექტების ხელშეკრულებები საჯარო არ არის.

„საუბარი არის ხელშეკრულებაზე, რომლის ყველა საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა - ყველამ ისაუბრა. რაც შეეხება გასაჯაროებას, ჰკითხეთ, ხაზარაძეს ანაკლიის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული, რომელზე დაყრდნობითაც ის შემდეგ თაღლითურად ცდილობდა მილიარდ ნახევრის ამოღებას საქართველოს ბიუჯეტიდან. თუ არის გასაჯაროებული, იქნებ ეს მოიკითხოთ და რატომ არ არის გასაჯაროებული? - ესეც მარტივი სპეკულაციაა, არც ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან ის არის კომერციული პროექტი, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის, არც საქართველოში. რაც შეეხება ხელშეკრულების დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა საზოგადოებისთვის, ყველა ამ დეტალთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაცია პირადად პრემიერ-მინისტრისგანაც გაიგეთ. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, არის პასუხი გაცემული. ასე რომ, აქაც იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია.

შემდეგ, სპეკულაცია იყო, ბრიუსელის მფარველობის ქვეშ მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისგან, მათ შორის, ზოგიერთი საბანკო სისტემაში მომუშავე ხალხი იყო. ან კალკულატორი ეშლებათ, ან ვერ ერკვევიან იმ სფეროში, რომელზეც ამბობენ, რომ მათი პროფესიული სფეროა. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 6.5. მილიარდია მოცულობა და პრემიერმა განმარტა ამასთან დაკავშირებითაც, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს. ეს იქნება ეკონომიკაში შენატანი, რომლითაც ჩვენს ეკონომიკას, რომელიც ისედაც მაღალი ზრდის ტემპებითაა, მარტო ამ ინვესტიციიდან დაახლოებით 2%-მდე წლიური ზრდა დაემატება.

რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში გარე ძალებს ერთდროულად ჩართული ჰყავთ „ალტი-ინფოც“ და ე.წ. პროევროპული ძალებიც. „ალტ-ინფო“ და პროევრუპულები დაძმობილდნენ და ქსენოფობიურ კამპანიას ეწევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები