გია ხუხაშვილი - პოლიტიკური ლოგიკით 2026 წელს ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვით ცდილობს წინასწარ დაიზღვიოს თავი, რადგან ემიგრაცია „ძირითადად ოპოზიციურადაა განწყობილი“.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, 2026 წელს რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებისთვის გარდაუვალია - არა ოპოზიციის ზეწოლის, არამედ „ქვეყნის განვითარების ლოგიკის“ გამო.

„ხელისუფლება წინასწარ იზღვევს თავს. ესმის, რომ ემიგრაცია ძირითადად ოპოზიციურად არის განწყობილი. ემიგრაციაში იმიტომ არიან, რომ არსებული ხელისუფლება ვერ ქმნის საქართველოში დასაქმების გარემოს. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ემიგრაციამ სერიოზულად იაქტიუროს, ეს უკვე პრობლემა შეიძლება გახდეს და ამიტომ თავს იზღვევს და ამ სეგმენტს კეტავს.

პოლიტიკური ლოგიკით 2026 წელს ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. განა იმიტომ, რომ საზოგადოება ან პოლიტიკური ოპოზიცია აიძულებს, არამედ ქვეყნის განვითარების ლოგიკა უბიძგებს ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას.

არსებობს ორი განვითარება: ხელისუფლება დინამიკურად ბრუნდება რუსეთის იმპერიაში. სინქრონიზაციას ახდენს იქაურ ეკონომიკასთან, მმართველობით სისტემასთან, პროპაგანდისტულ მანქანასთან. არის მეორე გზა, თუ რუსეთი ამ პერიოდში ძალიან დასუსტდა, პუტინს შეექმნას პრობლემები - ბიძინას შეუძლია „გადააგდოს“. დღეის მდგომარეობით ის რუსეთის მძევალია და ატარებს რუსეთის პოლიტიკას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინას არ შეუძლია „გადააგდოს“, „გადაგდების“ ოსტატია. შეიძლება დაიწყოს დიდი შემობრუნება.

რუსეთი ალბათ უკვე კატეგორიულად ითხოვს, რომ სრული ინტეგრირებისთვის კონსტიტუციიდან იქნეს ამოღებული 78-ე მუხლი. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ რუსეთიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები, მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მიიღოს. ეს არის ერთი სცენარი. ორივე სცენარის შემთხვევაში 2026 წელს არჩევნები გარდაუვალია.

ბიძინას სჭირდება ერთი-ორი თვე იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს. ორივე შემთხვევაში მას ესმის, რომ არჩევნები მაინც ჩასატარებელი აქვს. ამიტომ, მიმდინარეობს მზადება: შექმნას მაქსიმალურად სასარგებლო ვითარება თავისი პარტიისთვის“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე. მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან - ახალგაზრდებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებულ პოლიტიკურ კლასს არ ენდობიან, თავადაც არ დგამენ საჭირო ნაბიჯებს.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, მოქმედი პოლიტიკური კლასის შესაძლებლობები ამოწურულია და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება მათ უკვე გაუჭირდებათ.

„პარტიები რეგიონებში არ უნახავთ. ეს ვისი ბრალია? ოპოზიციის ბრალი არ არის? ხალხში გავიდნენ რუსთაველზე კი არა. პოლიტიკა სტუდიებიდან და ვირტუალურად არ კეთდება. ოპოზიციას სისტემური გადატვირთვა სჭირდება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ მოსწონთ. გავიგეთ, რომ არ მოგწონთ და თქვენ რას აკეთებ? გამოდით წინა პლანზე. რატომ არ იღებენ მართვის სადავეებს ხელში?

არ მგონია რომ არსებულ პოლიტიკურ კლასს რამის შეცვლა შეუძლიათ ქვეყანაში. მათ პრაქტიკულად ამოწურეს შესაძლებლობები, ერთ სქემაში არიან ჩაკეტილები. ამ წუთას ოპოზიცია რით არის დაკავებული? - ერთმანეთის კრიტიკით და ლანძღვით, ბიძინა საერთოდ დაავიწყდათ. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე უარესები არიან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის როლზეც და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა „უნიკალური პოლიტიკური შანსი“ დაკარგა და დღეს მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

სალომე ზურაბიშვილს უნიკალური შანსი ჰქონდა, ის იყო პიკზე, უზარმაზარი საპროტესტო ენერგიის კაპიტალიზაციის უნიკალური შანსები ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი გაუშვა. ახლა ის მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება. კი, ზურაბიშვილს დღესაც საგარეო ფრონტზე დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ შიდა პოლიტიკაში მან თავისი შანსი გაუშვა, სამწუხაროდ. 3 თვეში ერთხელ განცხადებას რომ გააკეთებ თურმე ერთიანობაა საჭირო, ხან რაღაც პლატფორმა გააკეთა.. ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა არც გამოცდილება, არც ინტუიცია... ვიღაცას ზედმეტად ენდო, რაღაც ილუზიებში შევიდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ზურაბიშვილმა სერიოზული როლი ითამაშა ბევრ რამეში, მაგრამ შიდა პოლიტიკურ პროცესში მას არ ეყო ალღო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე