სანდრო ბარამიძე - „ქართული ოცნების“ მესვეურები ხალხს ეუბნებიან ჩამოდითო, მიუხედავად იმისა, რომ იციან უამრავი არალეგალია და ვერ ჩამოვლენ - ეს არის ცივსისხლიანი ცინიზმი - დიასპორას მოუსპეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაძლო შეზღუდვა „მოსკოვიდან დაკვეთას ჰგავს“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პოპულარობა დიდი ხანია აღარ აინტერესებს, ხოლო კრემლი, სავარაუდოდ, გაბრაზებულია მოლდოვაში 2025 წლის არჩევნების შედეგებით.

„ჩემი აზრით, მოსკოვიდან დაკვეთას ჰგავს, რადგან არაპოპულარული ნაბიჯია. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ პოპულარობა მაინც და მაინც არ აინტერესებს. მოსკოვი, როგორც ჩანს, განაწყენებული და გაბრაზებულია იმის გამო, რაც მოხდა მოლდოვაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო მოსკოვიდან პირდაპირი მითითება“,- განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, მან შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით. როგორც ბარამიძე აცხადებს, ამ ნაბიჯით სახელმწიფო ემიგრანტებს პოლიტიკური პროცესის მიღმა ტოვებს.

„ეს არის უტიფარი ცინიზმი, რასაც „ქართული ოცნების“ მესვეურები აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით - თუ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვიდნენო. ხალხს ეუბნებიან ჩამოდითო, მიუხედავად იმისა, რომ იციან უამრავი არალეგალია და ვერ ჩამოვლენ, რადგან ვერ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, სადაც ლუკმა-პურს შოულობენ. ასევე არის ხალხი, რომლებსაც არ აქვთ მატერიალური შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ეს არის უტიფარი, ცივსისხლიანი ცინიზმი. სინამდვილეში დიასპორას მოუსპეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არღვევს რამდენიმე კონსტიტუციურ პრინციპს, პირველ რიგში, არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. მეორე პრინციპი არის - კანონის წინაშე თანასწორების პრინციპი. ამგვარი მიდგომა არის დისკრიმინაციული“,- აცხადებს სანდრო ბარამიძე.

ბარამიძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომლის თანახმად სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალება.

ბარამიძის თქმით, ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს სასამართლო პროცესების დახურვას და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რაც „მართლმსაჯულების ერთ-ერთ უძველეს პრინციპს არღვევს“.

მისივე თქმით, ჟურნალისტებისთვის მობილური ტელეფონების აკრძალვა მიზნად ისახავს სასამართლო პროცესების მონიტორინგის შეზღუდვას.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეხურა სასამართლო პროცესები საზოგადოებისგან, რითაც არღვევენ მართლმსაჯულების უძველეს პრინციპს, რომ მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა დაინახონ რომ აღსრულდა. მოქალაქე ან ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრება, მას რომ აუკრძალონ ჩაწერა - ამ მიზნით ხდება მობილურების ჩამორთმევა. რაც შეეხება ადვოკატებისთვის მობილურების ჩამორთმევას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვერ განახორციელონ საადვოკატო უფლებამოსილებები სრულყოფილად“,- განაცხადა ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები