ადვოკატი - ჯერჯერობით არ ვიცი, რას ედავებიან ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს - მითხრა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, თხოვნის მიუხედავად ბორკილები არ მოხსნეს, შემოწმებისას კი მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება და „ბუქნების“ გაკეთება აიძულეს

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილის მიმართ, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, გიორგი მამნიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული, სადაც ადვოკატმა მოინახულა.

„ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რას ედავებიან, თუმცა როგორც მეუბნება, ერთ-ერთი მუხლი, რომელიც დაკავების ოქმში ეწერა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, არც კანონიერი რაიმე მოთხოვნა ყოფილა მისი მისამართით და არც რაიმე სახის დაუმორჩილებლობა. დააკავეს იმის გამო, რომ სხვისი დაკავების ვიდეოებს იღებდა და შემდგომ, გაშუქების მიზნით, ტელეკომპანია „პირველს“ მუდმივ რეჟიმში აწვდიდა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე და უშუალოდ დაკავების პროცესშიც. დიღმის მთავარ სამმართველოში არის გადაყვანილი. რამდენიმე საათის განმავლობაში უკან შეკრული ხელებით ვიყავი კახეთის გზატკეცილზე, შუშებიან შენობაში და იქ ადგენდნენ დაკავების ოქმებსო. თხოვნის მიუხედავად, არ მომხსნეს ბორკილები, დაახლოებით 2 საათის შემდგომ, ძლივს მოვახსნევინე ბორკილებიო. იზოლატორში შესახლების პერიოდში შემოწმებისას მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება შემოწმების მიზნით და „ბუქნების“ გაკეთება აიძულეს“,-განაცხადა ადვოკატმა.

თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, დაკავებულის სრული გაშიშვლება და მსგავსი მოქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონვენციას, ასევე კონსტიტუციას, რადგან ღირსების შემლახველია.

„არ ვიცი, რა მტკიცებულება ექნება სასამართლოში მხარეს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ კანონიერი მოთხოვნა ვერ იქნებოდა გაჟღერებული ჟურნალისტის მიმართ, რადგან ის უკანონო დაკავებებს თავად იღებდა. შესაბამისად, უფრო მოგონილ სამართალდარღვევაში უფრო არის ეს ადამიანი დადანაშაულებული, ვიდრე ფაქტობრივ მოცემულობაში. რაც შეეხება შემდგომში განხორციელებულ ქმედებებს, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ადამიანს ბორკილი არ უნდა ედოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არის უკვე ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე სამართალდამცავის მიერ. რაც შეეხება გაშიშვლებას, კანონში პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია პიროვნების სრული გაშიშვლება და მსგავსი მოქმედება ეწინააღმდეგება, როგორც კონვენციას, ასევე კონსტიტუციას, ეს ღირსების შემლახველია“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის