რევაზ სოხაძე - ქვეშეთი - კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა - ჩვენთვის უმთავრესი ადამიანის სიცოცხლეა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად

ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა. მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ წკერეში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ სოხაძე, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა დეტალური ინფორმაცია გუშინ გზის მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. მან ასევე დაათვალიერა ის უბანი, სოფელ წკერესთან, სადაც საყრდენი კედლის მოწყობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლას ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

„შესაბამისი კონტრაქტებით, პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ როგორც სამუშაოების მწარმოებელი, ისე საზედამხედველო კომპანიები. სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი დეტალურად სწავლობენ მომხდარს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, და როდესაც გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტმა გუშინვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გააკეთებს მაქსიმალურს, რათა კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება სრულად შეასრულონ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხი და ვადების მკაცრი დაცვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის პირობები.

მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებს იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას და არ გამოიყვანონ, ეგრეთ წოდებულ, ექსპერტებად ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა პირადი ანგარებითი ინტერესი გააჩნდეთ ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეშეთი - კობის გზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.

„ეს მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდეს, მაგრამ კვლავ ვადასტურებ - ჩვენთვის უმთავრესი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის უფლებაა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს უფლება ყველა ობიექტზე სრულად იყოს დაცული“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გზების დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოჰყვა - ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის