ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2025

ვახტანგ ძაბირაძე - “ვადამდელი არჩევნების თემით ხელისუფლება ოპოზიციას “აბალახებს”

შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი „საკენკი" - რატომ დააკავეს ელისაშვილი?

მევლუდ მელაძე - “საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით”

საპროტესტო გზასაყარი - რა გვაჩვენა 28 ნოემბრის აქციამ და რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას

ვიქტორ ყიფიანი - “მხოლოდ უსამართლობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ხალხს სჭირდება ზუსტი პასუხი: რატომ უნდა სჯეროდეს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ?”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ვადამდელი არჩევნების თემით ხელისუფლება ოპოზიციას “აბალახებს”

“ამ ერთწლიანმა პროტესტმა უპირველესად მოიტანა ის, რომ "ქართული ოცნება" დღეს სრულიად იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან, მაგრამ ამასთანავე საქართველოს იზოლაცია არ ხდება. ჩვენი პარტნიორები ხედავენ ქართველი საზოგადოების ბრძოლას ჩვენი ევროპული გზისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამას აფასებენ. შესაძლოა ოპოზიცია ვერ ახერხებს მასშტაბური საპროტესტო განწყობის რეალიზებას, მაგრამ ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ დემოკრატიულ ქვეყნებს, ამ ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო - ამ ეტაპზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიუღებელია მთელი დასავლური სამყაროსთვის და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, თუმცა კულმინაცია იყო შარშან კობახიძის განცხადება, ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე. ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა შეცვალოს კანონმდებლობა, იმოქმედოს მეტად რეპრესიული მეთოდებით, რაც უფრო აძლიერებს საპროტესტო განწყობებს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვადამდელი არჩევნების თემით “ოცნება” ოპოზიციას “აბალახებს”.

“ის, რომ მეტი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია საპროტესტო მოძრაობას, ეს დიდწილად ოპოზიციის დამსახურებაა. კარგა ხანს პროტესტის ავანგარდში პოლიტიკოსები არ ჩანდნენ, ან სადღაც გამოჩნდნენ, მაგრამ რადიკალური განცხადებებით თუ ქმედებებით საპროტესტო მოძრაობა მხოლოდ დააზიანეს. გასულ კვირას 28 ნოემბრის აქციაზეც ვნახეთ პოლიტიკოსები მიკროფონით ხელში, მაგრამ ახალი მათგან ვერაფერი მოვისმინეთ. არსად ჩანან მოფიქრალი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ხელისუფლება შესაძლოა უფრო მეტ პროვოკაციაზე წავიდეს, ვიდრე 4-ში მოხდა, რათა უფრო მასშტაბური რეპრესიებისთვის გაეხსნას ხელი. ოპოზიციას გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, თუ სურს რეალური ცვლილებები. ფაქტია, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყოლია, ადამიანები მაინც გადიან ქუჩაში, მაინც იმაღლებენ ხმას “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ. ამაში ჩანს, რომ დღითი დღე სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტ ნიშანს ვიძენთ, მაგრამ ხელისუფლებაც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის ავტორიტარული რეჟიმისკენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ ხელისუფლების შიში არ არის, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სწორად შეარჩია პოლიტიკა - საზოგადოება ომით დააშინა. ჩვენს ცნობიერებაში ომი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტ რუსეთს. შესაბამისად, თუ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს პროტესტს აქტიურად არ გამოხატავს, ეს სწორედ რუსეთის აგრესიის საფრთხით არის განპირობებული. ვიდრე ეს საფრთხის განცდა არ მოიხსნება, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ პროტესტში არსებითი გარდატეხა ვერ მოხდება. თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა ისე, რომ საქართველოში ოკუპანტისგან საფრთხის განცდა გაქრა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დამანგრეველი გამოსვლები, რადგან დღეს ქართველი საზოგადოება ძალიან ბევრ რამეზეა უკმაყოფილო, რაც მზარდია და ერთ დღესაც ამან შეიძლება ისეთი ქაოსური წინააღმდეგობის სახე მიიღოს, რომ არა მხოლოდ “ქართული ოცნება”, არამედ მთელი ქვეყანა დააზარალოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ჯერჯერობით კვლავ გაგრძელდება ყოველდღიური მშვიდობიანი პროტესტი, იქნება უფრო მასშტაბური აქციებიც, რაც ხელისუფლებას მეტ შეცდომას დააშვებინებს... ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ მის მხარდამჭერებში ძალიან ბევრი საქართველოსთვის ევროპული კურსის მომხრეა. ისინიც სწორედ მათ არწმუნებენ, რომ მაინც ევროპაში მიდიან. მათი თქმით, დღევანდელი ევროპა არ ვარგა, თორემ 2030 წლისთვის ყველაფერი შეიცვლება და ახალი ევროპა დაიბადება, თუმცა თვითონაც იციან, რომ ეს სრული სისულელეა. უბრალოდ, მხარდამჭერების მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. სამწუხაროდ, ისინიც იტყუებენ თავს”, - ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე - “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული პროტესტანტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბოლო ხანს გახშირდა ლაპარაკი, რომ "ქართული ოცნება" შესაძლოა ამისთვის ემზადებოდეს, რაკი ცდილობს ოპონენტებისგან მოასუფთაოს პოლიტიკური ველი...” - პასუხობს:

“ჩემი შეფასებით, “ქართულ ოცნებას” არაფერში სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ეს ერთ-ერთია იმ თემებისგან, რომლითაც ოპოზიციას, მაპატიეთ გამოთქმისთვის და, აბალახებენ. ბოლოს და ბოლოს, ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რატომ უნდა დახარჯოს ეს ფინანსები ახლა, როდესაც მათ ძალაუფლებას ჯერ არაფერი ემუქრება, თან ვითარებაში, როდესაც დასავლეთთან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, შესაბამისად, ლეგიტიმაციასაც ვერ მიიღებენ...”

“ჯერ ერთი, ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მეორე - ევროპის და ამერიკის დამოკიდებულება “ქართული ოცნებისადმი” არ შეცვლილა. ის მათთვის ისეთივე მიუღებელი დარჩება არჩევნების შემდეგაც. ამ პარტიების აკრძალვის თემაც ძალიან უცნაურია. ამდენი ხნის განმავლობაში “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც “მგლის” ფაქტორს, მშვენივრად იყენებდა და დღესაც იყენებს, რაში სჭირდება მისი აკრძალვა, არ მესმის. გარდა ამისა, ყველა პარტიაც რომ აკრძალოს, პოლიტიკურ პროცესს როგორ გააქრობს? ეს კომუნისტებმაც ვერ შეძლეს. ამბობენ, ეს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად სჭირდებაო. კი მაგრამ, დღეს ანტიდასავლური კურსის გატარებაში ეს მუხლი უშლის ხელს? - ვფიქრობ, არა! ჩემი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი უახლოეს მომავალში როგორღაც გადაწყდა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება 6.5 მლრდ დოლარიან ინვესტიციას, ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოა. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის ფინანსურ პრობლემებს დასავლეთში, მგონი, ხდება დასავლეთის ერთგვარი ჩანაცვლება აღმოსავლეთით და ამის უკან პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას. თვითონ მშენებლობაზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ კვადრატულში 6 000-12 000 დოლარს ქართველები ნამდვილად ვერ გადაიხდიან. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ეს მართლაც არაბების დასახლებად შეიძლება იქცეს, სრულიად რეალურია. ინვესტიციები ნამდვილად გვჭირდება, თუმცა გვჭირდება ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ქვეყნის და ხალხის ინტერესი ილახება, რა საჭიროა ასეთი ინვესტიცია?! კრწანისის ტყე-პარკის განაშენიანება ნიშნავს, რომ მივიღებთ თბილისისა და რუსთავის ფაქტობრივ გაერთიანებას. რა თქმა უნდა, არის დემოგრაფიული და რელიგიური პრობლემებიც. მოკლედ, ამ ეტაპზე გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის ეს პროექტი, ვიდრე სარგებლის მიღების მოლოდინს. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ უნდა გადაისინჯოს და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სრულად უნდა გასაჯაროვდეს”, - დასძენს ძაბირაძე.

შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი „საკენკი" - რატომ დააკავეს ელისაშვილი?

“გამთენიისას “ლელო ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი დააკავეს, შსს აცხადებს, რომ ელისაშვილმა 29 ნოემბერს, გამთენიისას სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. მომხდარს მმართველ გუნდში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობად აფასებენ, ოპოზიციის ნაწილის აზრით კი ელისაშვილის დაკავება მის პოლიტიკურ დევნას ემსახურება, ნაწილი კი ამ გახმაურებულ ამბავს ყურადღების გადატანისთვის გამიზნულს “საკენკს” უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს განცხადებით ალეკო ელისაშვილს “ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში. სათაურით შეუმდგარი ტერორისტული აქტი, პოლიტიკური დევნა, თუ მორიგი “საკენკი” -რატომ დააკავეს ელისაშვილი?

“გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, შსს წერს, რომ დაზიანებები ელისაშვილმა დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს მიიღო, ხოლო ერთ-ერთი მანდატური საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნივთმტკიცებად იარაღია ამოღებული, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს. ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი, გამორიცხავს, რომ ბრალდებულს მსგავსი დანაშაული ჩაედინა, ამბობს, რომ ეს “ოცნების” სპეცოპერაციის ნაწილია და მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსახურება. მომხდარის გარშემო ოპოზიციაში ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგალითად, როგორ აპირებდა, ელისაშვილი რამდენიმე ბენზინით სავსე ბოთლით შენობის დაწვას, ან რაში დასჭირდებოდა ელისაშვილს ამ ნაბიჯის გაცნობიერებულად გადადგმა ოპოზიციონერების ნაწილი მომხდარს “ოცნებას” უკავშირებენ. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ელისაშვილის გარშემო განვითარებული პროცესი ყურადღების გადასატანად გამზინული მორიგი “საკენკია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხაბეს 4 ოქტომბრის და ალეკოს სასამართლოს დაწვის ამბავი ერთი და იგივე საკენკია. გიყრიან იმიტომ, რომ სერიოზულზე არაფერზე არ დაფიქრდეთ და უფიქრალად იგრძნოთ თუ ვინაა ნამდვილი ოპოზიციონერი. ის ხომ გმირია, რადგან პრეზიდენტის სასახლეში შედიოდა! ის ხომ გმირია, რადგან სასამართლოს კანცელარიას წვავდა! ამასობაში კი ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის, პოლიტიკა კვდება, კლოუნადა ზეიმობს!” - წერს “გირჩის” დამფუძნებელი იაგო ხვიჩია. ჯერჯერობით, სხვა ოპოზიციონერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ”ოცნებაში” პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებენ, მომხდარ კი შეუმდგარ ტერორისტულ აქტად მოიხსენიებენ. “გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. დღეს “ალდეს” წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში”, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მომხდარს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილიც ეხმაურება. “ყველას აინტერესებს, აიღებს თუ არა ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია პასუხისმგებლობას დღევანდელ უნიათოდ განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე!” - წერს სოციალურ ქსელში იონათამიშვილი. “გუშინ აქციაზე წაიკითხავდნენ თუ არ წაიკითხავდნენ ამ მანიფესტს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, დილით ელისაშვილი სასამართლოში მაინც შევარდებოდა. შეიძლება ეს სასოწარკვეთილების ბრალიც არის. ალბათ ეგონა, რომ გუშინ ის აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა”, - განაცხადა “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

მევლუდ მელაძე - “საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით”

“ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი კვლავაც საგანგაშოა. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებულია ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1 385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 კაცი დაიღუპა, ხოლო 1 248 დაშავდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას შეეწირა ასევე ველოსიპედით მოძრავი ორი კაცი, ხოლო დაშავდა 23 ველოსიპედისტი. “მოპედის” მონაწილეობით დაფიქსირდა 34 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 39 პირი აღმოჩნდა დაზიანებით კლინიკებში. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ელექტროთვითგორიების მონაწილეობით, ასეთი 66 შემთხვევაა და ყველა მათგანი დაშავდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები!”

“ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად ისევ მოხვევის მანევრის დარღვევა, შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადოდ სარგებლობა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საგზაო წესების სხვადასხვა დარღვევაზე გაიზარდა ჯარიმები. შს სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით მოქალაქე იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს მიაჩნია, რომ ამდენი ავარიის მთავარი მიზეზია მანქანის მართვის უცოდინარობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და კანონის გამკაცრებით, ანუ საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით. მაშინ უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე, საგზაო დარღვევაზე პატიმრობა, თუნდაც 15-დღიანი სასჯელი. სხვა შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება, 200, 500 თუ 10, იმდენად არ შეცვლის ვითარებას. რა საჯარიმო სანქციაც არ უნდა მოამატო, თუ მანქანის მართვისა და მოძრაობის წესების უცოდინარი ვარ, გამუდმებით დავუშვებ შეცდომებს. ჩვენთან ნულის ტოლია სწავლების სტანდარტი: უნდა იყოს 15, 20 გაკვეთილი თუ 30, ან მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია თუ არა, ლიცენზია. ავტომობილის მართვას ასწავლის ისეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება თვითონაც არაფერი უსწავლია, უბრალოდ, ავტოსკოლის გახსნა გადაწყვიტა და მოქალაქეს ასწავლის იმდენს, რომ როგორმე გამოცდა ჩააბაროს. ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ მელაძე.

“ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უნდა გაღრმავდეს. მძღოლის პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. შეგნება ცოდნით მოდის. საამისოდ უნდა იმუშაონ განათლების, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, რათა სახიფათო საგზაო მოძრაობა უსაფრთხოდ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ყველგან კამერებია, სიჩქარეების შეზღუდვაა, ტექდათვალიერება და ა.შ., ამ პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი დაგეგმვა უნდა, მერე შესრულება და შედეგი წლების შემდეგ იქნება. ახლავე რომ დავიწყოთ მუშაობა, 15 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. აბსოლუტურად ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილეა რაიმე ფორმით: ზოგი ფეხით დადის, ზოგი ავტომობილით, ზოგი მოტოციკლით. ცოდნა სჭირდება ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვისაც არა ჰყავს, იმასაც. დაამატეს კამერები, გაზარდეს ჯარიმები, ერთხელ, ორჯერ, 27-ჯერ, მაგრამ მაინც არ უმჯობესდება სტატისტიკა, პირიქით, უარესდება. ამიტომ უნდა დავიწყოთ განათლება - საბავშვო ბაღიდანვე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი, როგორ შეიძლება გადასვლა გზაზე...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჯარიმების გაზრდა, ჩემი აზრით, უფრო ბიუჯეტის შევსებისკენ არის მიმართული. მაგალითად, პარკირებაზე ჯარიმა გააორმაგეს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ პარკინგებს შეამცირებ, ვიღაცა ვერ იპოვის სივრცეს, სადღაც გააჩერებს მანქანას და უფრო მეტი ფული შევა ბიუჯეტში... საჭირო კანონპროექტი კი დიდი ხანია პარლამენტშია. მისი არმიღების მიზეზი ძირითადად ორია: ერთი, რომ ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, ამხელა მასალა დაამუშაოს და გაიაზროს, რისი დეფიციტიც გვაქვს, და მეორე - რადგან მოკლევადიანი ეფექტი არ არის და ზეგ შედეგს ვერ ნახავენ, ვინც ამაზე იმუშავა, რაღაც ბენეფიტები რომ ჰქონდეს, ყველას ეზარება და არ აწყობს, მით უმეტეს, ბიუჯეტს შეიძლება ხარჯის გაწევამაც მოუწიოს, რომ ამ პროგრამაზე ვიღაცამ იმუშაოს და აამოქმედოს. შედეგიც სახეზეა, რაც ხდება ქუჩაში ხდება, ყველა ვხედავთ”, - ამბობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და შეკითხვაზე - “ეს კატასტროფული სტატისტიკა არ არის საკმარისი, რომ ეს კანონი მიიღონ?” - პასუხობს:

“ისიც პრობლემაა, რომ იმდენად სწრაფად იცვლებიან სამინისტროებში როგორც მინისტრები, ასევე მოადგილეები, რომ ვიღაცამ ხელიც რომ მოჰკიდოს ამ საქმეს, ვერ გაიყვანს ბოლოში. მერე ვიღაც რომ მოვა, იმას მოუწევს ხელის მოკიდება და, ალბათ, ისიც ვერ მოასწრებს დასრულებას”.

“ავარიის შემდგომი სიღრმისეული კვლევები არა გვაქვს. თუ გახსოვთ, როცა ტექინსპექტირების საკითხი აქტუალური გახდა, სულ ვითხოვდი, მაჩვენეთ სტატისტიკა, რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება, ამ მიზეზით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო-მეთქი. თუ არა გაქვს სტატისტიკა, მაშინ საიდან ამბობ, რომ ავარიების მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა. არ არის სტატისტიკა, კონკრეტული ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილი იყო, მოტოციკლეტი თუ ვინ მოყვა საგზაო შემთხვევაში და ვის რა ბრალეულობა ჰქონდა. მოპედებისა და ავტომობილების “თანაცხოვრების” პრობლემა ნამდვილად დგას და ისევ სწავლებამდე მივდივართ. როცა მართვის მოწმობაზე აბარებენ, არც ერთი პუნქტი არ არის, სადაც აქცენტები კეთდება მოტოციკლეტზე, მოპედზე. ბილეთებში არის ჩანახატი, სადაც მოტოციკლეტიც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ბილეთებშია, პრაქტიკულ ნაწილში მსგავსი რამ არ არის. მოტოციკლეტები და მოპედები აქამდე არ ყოფილა საგზაო მოძრაობაში ასეთი აქტიური ეს გზების გადატვირთულობამაც მოიტანა”, - განმარტავს მევლუდ მელაძე.

“პირველად, როცა წარმოადგინეს ქალაქის განვითარების სატრანსპორტო გეგმა, არც დაუშვიათ, რომ ჩვენს გზებზე მოპედები მომრავლდებოდა. მაშინ ძალიან პრიმიტიული მიდგომა იყო, ქართველი კაცი მოპედით როგორ გაივლისო. ახლა კი ავტომანქანების მძღოლებს ძალიან არ მოსწონთ, როცა მანქანებს შორის ვიღაც მოპედით ან მოტოციკლეტით აღმოჩნდება და თავისი პრივილეგიით სარგებლობს. ჩვენთან მოპედებსა და მოტოციკლეტებს არც აღიქვამენ ტრანსპორტად და სიფრთხილეც მინიმალურია საგზაო მოძრაობისას. ამას კი არაერთხელ მოჰყოლია ავარია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც. რადგან მოტოციკლეტები, მოპედები უკვე ჩვენი საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილენი არიან, მე მათ საგამოცდო პროგრამაში დავამატებდი. მოპედების მძღოლებიც ხშირად სცოდავენ, რაკი შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ კურსი ანუ გაძვრენ-გამოძვრენ. ავტომობილის მძღოლისთვის აბსოლუტურად სხვანაირია მართვის დრო, მოპედის მძღოლისთვის კი აბსოლუტურად სხვა. როცა მოპედს სპორტული რეჟიმით მართავს ვიღაც, რა თქმა უნდა, მანქანის მძღოლი რეაგირებას აგვიანებს და ხდება საგზაო შემთხვევა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ამიტომაც ვამბობ, რომ უმთავრესია განათლება, რაშიც მოპედების მძღოლებსაც ვგულისხმობ. გაძვრა, გაატარა და მორჩა, - ასე არ არის. ყველამ სიღრმისეულად უნდა იცოდეს საგზაო უსაფრთხოების წესები. მაგალითად, ქალაქის პირობებში გამოცდა რომ შემოიღეს, იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ გამომცდელმა შეამოწმოს, იცის თუ არა პირმა მანქანის მართვა და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. არა, უყურებენ, სენსორმა რა დარღვევა დააფიქსირა. აი, აქ 62-ით თუ მიდიხარ, უკვე ჯარიმა გეკუთვნის, ანუ ვეღარ ჩააბარე... ეს არასწორია. ავტომობილის მართვა პროცესია, მძღოლმა თვითონ უნდა გათვალოს უსაფრთხოება. უცოდინარი მძღოლები გვყავს და ამის შედეგია ეს მძიმე სტატისტიკაც. სხვათა შორის ქვეითთა სტატისტიკაც არ არსებობს. ქვეითსაც ისევე სჭირდება ცოდნა, როგორც მძღოლებს. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი სწორედ ამის გამო იღუპება".

საპროტესტო გზასაყარი - რა გვაჩვენა 28 ნოემბრის აქციამ და რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას

"28 ნოემბრის ე.წ. საწლისთავო აქციით პროტესტი არ დასრულებულა, კვლავ გრძელდება და როგორც პროტესტანტები აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ, მათ შორის დააანონსეს რეგიონებში გაშლაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, პარასკევის აქციაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებში სიახლე არაფერი არ იყო და თუ ასე გაგრძელდა ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, შედეგზე ვერ გავა. როგორც ცნობილია, პარასკევს 28 ნოემბერს გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელი განცხადება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. “ოცნების” მტკიცებით, ბრიუსელთან შეთანხმდა მანიფესტი, რომელიც ოპოზიციას 28 ნოემბრის აქციაზე უნდა წაეკითხა, თუმცა, არ წაიკითხეს და “თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საპროტესტო გზასაყარი - რა გვაჩვენა 28 ნოემბრის აქციამ და რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აქცია ხალხმრავალი იყო, თუმცა, მეორეს მხრივ ოპოზიციამ ვერ შეძლო მისი მხარდამჭერების გააქტიურება და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სიახლე არაფერი აქვთ სტრატეგიის თვალსაზრისით. “აქცია რომ ხალხმრავალი იქნებოდა, მე მგონი ეს ისედაც ნათელი იყო. ერთი მხრივ ოპოზიციური არეალი კი გაიზარდა, მაგრამ მეორე მხრივ ოპოზიციური ელექტორატის აქტიური ნაწილი ხელშესახებად არ გაზრდილა. ეს პრობლემაა და ახლა ოპოზიციის ამოცანაა, რომ ეს საზოგადოება უფრო გაააქტიუროს და უფრო მიზანსწრაფული გახადოს. კარგა ხანია და თითქმის მთელი წელია არ გვინახავს პარტიული ოპოზიციონერები მიკროფონით ხელში რუსთაველზე, უფრო საზოგადოებრივი პროტესტი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გაბედეს. თუმცაღა, სამწუხაროდ ეს გამოსვლები სიახლით არაფრით გამოირჩეოდა - არც ახალი იდეა იყო, არც ტაქტიკურ სვლებზე თქვეს რამე, ისევ ძველი მოწოდებები იყო, რომ ქუჩაში უნდა გამოხვიდე და ეს პროპაგანდა ვერ მუშაობს ისე, როგორც ოპოზიცია ცდილობს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “ამიტომ სხვა გზებია მოსაძებნი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოლოდინი იყო, რომ თუ პოლიტიკოსები გამოვიდოდნენ, რაღაც ახალს შესთავაზებდნენ, თუმცა, ახალი არაფერი უთქვამთ და აქცია დაიშალა. შესაძლოა, ამ აქციას ქვეყნის შიგნით ისეთი რეზონანსი არ ჰქონია, მაგრამ ქვეყნის გარეთ მთელ ამ პროტესტმა დიდი პროგრესი განიცადა და შედეგიც მივიღეთ ის, რომ “ქართული ოცნება” დღემდე ცივილური სამყაროსთვის არალეგიტიმურ ხელისუფლებად რჩება. ჩვენ გვინდა, რომ იქ პროცესები უფრო ჩქარა წავიდეს, მაგრამ დასავლეთი და დემოკრატია ისეთია, რომ პროცესები არცთუ ჩვენთვის სასურველი სისწრაფით ვითარდება, თუმცა, პრობლემა იციან, ხვდებიან და ამ პოზიციას ინარჩუნებენ. გასაგებია, რომ პროტესტი არ გაჩერდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს პროტესტი იმ შედეგს ვერ მოიტანს, თუ არ გააქტიურდება ოპოზიცია და სხვაგვარი იდეურ-სტრატეგიური ფონი არ შეიქმნება. ეს ალბათ ჯერჯერობით რთულია და ამ მხრივ ნაბიჯები არ ჩანს”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით კი, საპროტესტო მუხტი შემცირდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პროტესტის მუხტი შემცირდა, განსაკუთრებით შემცირდა საორგანიზაციო რესურსები. ხალხი იყო თითქმის იგივე, რაც 4 ოქტომბერს იყო, რამდენიმე უცხოელი პროფესიონალი ჟურნალისტი იყო და თქვეს, რომ მაქსიმუმ 4-4.5 ათასამდე იყოო, რაც მილიონნახევრიანი ქალაქისთვის სტატისტიკური ნულია. მეორე მხარე იყო საინტერესო - არავითარი მომზადებული სიტყვები, პროგრამები არ იყო და ძალიან სწრაფად დაიშალნენ. იმდენად სწრაფად, გარშემო საზოგადოება ხუმრობდა, რომ შავი პარასკევია და ეტყობა ყველას მაღაზიაში ეჩქარებაო. ჩემი ნაცნობები ეკითხებოდნენ გარეულები შიგნით, რომ კი მაგრამ, ამით რას მიაღწევთო? დასავლეთი ამას უყურებს და ელოდებაო და უნდა გამოვჩნდეთო. სალომე ზურაბიშვილმა ეს მიიწერა, როგორც მისთვის დიდი გამარჯვება. ემზადებოდა, საფრანგეთთან კავშირი ჰქონდა, ფრანგ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მეორე დღესვე “ლე მონდში" ვრცელი წერილი დაიბეჭდა, მეორე გვერდზე, რაც ძალიან პრესტიჟულია და იქ ნახსენებია, რომ ქართველი ხალხი ფეხზე დგას, არ ნებდება, მომავალი ჩვენია, ჩვენ გავიმარჯვებთ, ევროპული კურსი აღდგენა და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ეს, ზურაბიშვილის ფსიქიკიდან გამომდინარე, დიდი გამარჯვებაა. ასეთი შედეგებია ვირტუალურ სივრცეში და რეალური არაფერია. მუხტი რასაც ჰქვია და ემოციური განწყობა ძალიან შემცირებულია, სამწუხაროდ, არის მარგინალების ჯგუფი, რომლებიც უწმაწური სიტყვებით და შესაბამისი ჟესტიკულაციით ილანძღებიან და ეს არის პროტესტი? ასე უნდა შევიდნენ ევროპაში?”, - ამბობს მამრაძე. ”ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციას აქციაზე ბრიუსელიდან გამოგზავნილი მანიფესტი უნდა წაეკითხა, თუმცა გადაიფიქრა. “რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს და ამიტომ საერთოდ აღარ წაიკითხეს.. “კარგად გვახსოვს ბატონ ტრამპს როგორ უწოდებდნენ რუსულ პროექტს, ამ მანიფესტშიც იგივე რიტორიკის გაგრძელებაა, სადაც მითითებულია, თითქოს “დიპ სტეიტი” ბატონმა ტრამპმა და “ქართულმა ოცნებამ” ერთად გამოვიგონეთ. უკვე ასეთ აბსურდზე არიან დასულები”, - განაცხადა მაჭავარიანმა. “თავისუფლების მოედანის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც თბილისში რუსთაველზე, ისე სხვა ქალაქებში”, - დასძენს გამოცემა.

“ამ პროტესტმა მოიტანა პირველ რიგში, ჩვენი შეკავშირება, ჩამოყალიბება სოლიდარულ და მებრძოლ საზოგადოებად, “ოცნებას” სრულიად აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული, აღარც საერთაშორისო და აღარც მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვაგან, სხვა ქალაქებში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა მოვიმხროთ ამ პროტესტში. ამ რეჟიმს აღარაფერი დარჩა, რაც მას ამაგრებს, შიშია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ეს პროტესტი, ეს გმირული ბრძოლა, სწორედ ამ შიშს ამსხვრევს, საბოლოოდ ეს შიში გატყდება ყველგან”,- განაცხადა ცუცქირიძემ. მისივე თქმით, დღეს პროტესტში მყოფ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განსხვავება, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” ცდილობს, დაანაწევროს. “ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ის წინააღმდეგობა რაც ერთი წელია გრძელდება, არის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის”, თუმცა “ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს”, - დასძენს გამოცემა.

“აუცილებელი წინაპირობაა, ეს ერთწლიანი წინააღმდეგობა და მრავალათასიანი აქცია იმისთვის, რომ პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, იმ რაოდენობამდე, იმ განშრევებამდე, რომელსაც ეს რეჟიმი და ეს სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ეს არის ჩვენი და ქართული საზოგადოების ამოცანა. სხვა ალტერნატივა ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის თავისუფლებისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლების დაცვისა არ არსებობს. ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს ისე, როგორც ეს მოხდა 30 წლის წინ კომუნისტურ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით. მგონია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამ რეპრესიების ფონზე, რა დროსაც ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ ლიდერი და მოქალაქე ციხეშია, უნდა გააგრძელონ და არსებითად გააუმჯობესონ საკუთარი გზავნილი, რომლითაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის შემოერთებული პროტესტს და ვინც არის, დაანახებენ, რომ განსხვავებების მიუხედავად არსებობს ფუნდამენტურად საერთო მომავლის ხედვის ჩარჩო, რომელიც ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ ამ ჭაობიდან ქვეყანას ამოიყვანს”, - განაცხადა ბოკერიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვიქტორ ყიფიანი - “მხოლოდ უსამართლობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ხალხს სჭირდება ზუსტი პასუხი: რატომ უნდა სჯეროდეს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ?”

“სამწუხაროდ, პარტიული არენა ხელოვნურად გასუფთავდა იმ პოლიტიკური სუბიექტების ნაწილისგან, რომლებზეც საზოგადოების დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხალხი დღეს განეიტრალებულია, მაგრამ ნაწილობრივ ხელისუფლების, ნაწილობრივ კი საკუთარი მოქმედებების გამო, მათი სანდოობისა და კეთილგანწყობის ჯაჭვი გაწყვეტილია. შეიძლება ითქვას, ოპოზიციამ საზოგადოებას ვერ მისცა სანდო და მკაფიო მომავლის ხედვა, მოსახლეობას ჯერ არა აქვს განცდა, რომ “ქართული ოცნების” შემდეგ აუცილებლად უკეთესი იქნება. გაურკვევლობა ასევე მოდის დასავლეთის პოლიტიკისგან, განცხადება ბევრია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. არ ვიცით, რა ზეგავლენა ექნება ამ მიდგომებს ჩვენს შიდა პროცესებზე. ეს არც დასავლეთის ბრალია და არც ქართველების გამორჩეულობის”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ დავიღალეთ ერთი და იმავე სურათის ყურებით?”

“როგორც ვაკვირდები, გლობალურ პოლიტიკაშია პრობლემა იმისა, რომ მოძებნონ ის რეცეპტი, ფორმულა, რომელი “გარე ან შიდა წნევის ზრდის” ხარჯზე დაგეხმარება მიზნის მიღწევაში. ეს მიზანი რა არის? ის საჭირო ცვლილებები, რომლებიც არა ვინმეს გემოვნების, არამედ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარეობს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გაურკვევლობას ქმნის - პროტესტი, მიუხედავად სამოქალაქო გმირობის ფორმით გამოვლინებისა, მაინც არ არის ისეთი მასშტაბის, როგორსაც ყველანი ველოდით. ამასთან, გვქონდა მოლოდინი, რომ საჯარო სექტორის წარმომადგენლები უფრო აქტიურად გამოხატავდნენ პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე. ალბათ, გახსოვთ ღია წერილები 78-ე მუხლის შესახებ და ის ტალღა, რომელიც მაშინ აგორდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პროცესმა გაგრძელება ვერ პოვა. ამიტომაც, მთელი სურათი ერთად რომ შევაფასოთ, შექმნილ მდგომარეობას მართებულად შეიძლება ვუწოდოთ გაურკვევლობა და მოლოდინის რეჟიმი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“მიჭირს ზუსტად თქმა, რატომ ვერ გაგრძელდა ეს პროცესები, თუმცა ერთ მთავარ მიზეზს დავასახელებ: სამწუხაროდ, სამოხელეო კორპუსში ჯერ კიდევ სუსტია სახელმწიფო ინტერესების ერთგულებისა და სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებული ტრადიციის განცდა. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფო მოხელეები სახელმწიფოს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი, მაგრამ როცა საქმე ეხება საერთო პოზიციის დაფიქსირებას და არა სამზარეულოში ჩურჩულს ან კერძო საუბრებს, ჩანს, რომ ამ კულტურის გაძლიერება გვმართებს. რაც შეეხება შეკითხვას, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მე ხშირად მითქვამს: საჭიროა არა ზედაპირული, არამედ არსებითი განახლება, რაც აუცილებლად არ გულისხმობს მხოლოდ ახალ სახეებს, მნიშვნელოვანია ახალი მიდგომა და ახალი ხელწერა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ზოგისთვის არაპოპულარულია: იმ პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ღვაწლმოსილმა პირებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში ზიდეს პოლიტიკური ტვირთი, დროა კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი როლი აწმყოშიც და მომავალშიც. თუ ისინი მიზნად ისახავენ მხოლოდ შედეგს და არა საკუთარ პოზიციას პროცესში, მათ უნდა შეძლონ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა, უნდა გადგნენ განზე და პროტესტში ჩაერთონ, როგორც რიგითი მონაწილეები”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“გარდა იმ ტრადიციული პრობლემებისა, რაც ჩვენში ხშირად არის, კერძოდ, გადაჭარბებული პირადი ამბიციები და პარტიებში აზრის თავისუფლების ნაკლებობა, კიდევ ერთი სერიოზული საკითხი ჩანს - ხშირად ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ებრძვიან მმართველ ძალას, თვითონაც იმავე მეთოდებს იყენებენ და იმავე გზას იმეორებენ. თითქოს კრიტიკა მიმართულია ხელისუფლებისკენ, მაგრამ საქციელი და მიდგომა ისევ ძველ ჩარჩოებში რჩება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციაში დემოკრატიის სულისკვეთების დეფიციტთან ერთად შეინიშნება მერიტოკრატიის არარსებობა, ანუ დაფასება ნიჭისა და უნარის მიხედვით. მეორე საკითხი, ალბათ, ჩემი აზრით, ის არის, რომ ოპოზიციამ თითქოს შეწყვიტა განვითარება, მისი არც მსოფლმხედველობა განახლებულა და არც მიდგომები. მხოლოდ უსამართლობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ხალხს სჭირდება ზუსტი პასუხი: რატომ უნდა სჯეროდეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის უკეთესი იქნება, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ?” - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“დღეს ბევრი ამომრჩეველი ვერ ხედავს უკეთეს ალტერნატივას, არა იმიტომ, რომ მმართველი ძალა მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ არა აქვთ ნდობა და არ იციან, როგორი იქნება ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს რეალისტური ხედვა: როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ახალი მოდელი; რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მოქალაქის წინაშე და მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე; როგორ განახლდება საჯარო სამსახური და როგორი იქნება მათი მოვალეობები. გარდა ამისა, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგიონში ამდენი მნიშვნელოვანი რამ ხდება, ზოგჯერ ჩვენთვის სასარგებლო, ზოგჯერ კი საშიში და ამის უგულებელყოფა ოპოზიციის ერთ-ერთ სერიოზულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ ირგვლივ ვითარდება პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს მომავალს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი თითქოს თავის მცირე სივრცეშია ჩაკეტილი, ვერც საზღვრებს გარეთ იყურება და ვერც ამ ცვლილებებს აკავშირებს ქვეყნის საჭიროებებთან. ხანდახან ისე ჩანს, რომ ცოდნა არის, მაგრამ არც სურვილია და არც ძალისხმევა, რომ ეს ცოდნა საქმედ და ქვეყნის სარგებლად იქცეს”, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

“რაც შეეხება სააკაშვილი-მელიას დაპირისპირებას, არ დავიღალეთ ერთი და იმავე სურათის ყურებით? ისევ და ისევ იმავე პირების დაპირისპირებით, იმავე სცენარებით? არაფერია პირადი არც სააკაშვილის, არც მელიას წინააღმდეგ. უბრალოდ, იბადება კითხვა: ნუთუ თვითონაც არ დაიღალნენ ამ დაპირისპირებათა დაუსრულებელი გამეორებით? ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უფრო იმაზეა გათვლილი, რომ საკუთარი ადგილი და უპირატესობა შეინარჩუნონ ქართულ პოლიტიკაში, თითქოს ისინი ერთადერთი მოთამაშეები არიან და სხვას ადგილი არ ეკუთვნის. სწორედ ეს ქმნის იმ მომაბეზრებელ წრეს, სადაც სულ ერთნაირი სცენებია და არაფერი იცვლება. თუ გვინდა ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, ეს პირველ რიგში მათზეა დამოკიდებული, ვინც ამ წრეში დგას. მათ უნდა განაახლონ პოლიტიკა, გადადონ გვერდზე საკუთარი და წინ დააყენონ ქვეყნის ინტერესები. თუ ამას შეძლებენ, ქართველი საზოგადოება ამას სწორად შეაფასებს”,დასძენს ყიფიანი და შეკითხვაზე - “რაში ხედავთ გამოსავალს?” - პასუხობს:

“ეს მილიონად ღირებული შეკითხვაა. ყველაზე მთავარი მაინც ერთი რამ არის, რომ შევძლოთ საზოგადოებისთვის იმედის დაბრუნება. ხალხს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ცვლილება უკეთეს მომავალს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მივიდა იმ ზღვრამდე, სადაც უიმედობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ზღვარი არ გადაილახოს, არ გადავიდეთ იმ სიბნელეში, საიდანაც დაბრუნება რთულია, თორემ ყველაზე მტკივნეული შედეგი იქნება არა მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ ის, რომ მთელი ჩვენი ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდება”.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ