CNN - აშშ-უკრაინის შეხვედრაზე განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინას, ფაქტობრივად, ნატო-ში გაწევრიანება აეკრძალება

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინას, ფაქტობრივად, აეკრძალება ალიანსში გაწევრიანება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მოსკოვი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამავდროულად, CNN-ის წყარო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას არ მოუწევს ოფიციალურად, იურიდიული თვალსაზრისით, უარი თქვას ამ მისწრაფებაზე. თუმცა, თუ შეერთებული შტატები რუსეთთან ორმხრივ შეთანხმებას მიაღწევს, ან თუ რუსეთი ნატო-სგან მრავალმხრივად რაიმე სახის გარანტიას მოითხოვს, უკრაინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.

ამავდროულად, წყარომ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია.

წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები, საერთო ჯამში, წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ჟენევაში მიღწეულ პროგრესს ეფუძნებოდა.

„ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ აქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუმცა, შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო და სამშვიდობო წინადადებების ყველაზე პრობლემური ასპექტების დეტალური განხილვა მოხდა“, - აღნიშნა წყარომ.

ამასთან, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლო დრო და რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლის პერსპექტივა განიხილეს. თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების ხასიათი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში