შსს - დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებმაც პირი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო/ვიდეო და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ - დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან - ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.

ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ე.გ., ნ.ა. და ა.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს