ვახტანგ კალოიანი - შეკრების კონტროლის ნივთიერებების გამოყენების ამოცანაა, მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი მოკლე დროის განმავლობაში, თუ ნივთიერება გვეცოდინება, გვეცოდინება რისკებიც, მაგრამ ხელისუფლება მალავს, ვერ დააწყო სათქმელი

პარტია „ფედერალისტების“ წევრის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო, ობიექტური გამოძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ექიმები, ტოქსიკოლოგები და შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, რათა სრულად გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული აქციების დასაშლელად.

კალოიანმა შესაბამისი განცხადება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გააკეთა.

კალოიანის შეფასებით, საზოგადოებაში დაძაბულობა იმით არის გამოწვეული, რომ ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე და ხელისუფლება „მესიჯებში აირია“, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს, რომ „რაღაც წესრიგში არ არის“.

“დღეს მნიშვნელოვანია ობიექტური, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რომელიც ნათელს მოჰფენს. მაღალი სტანდარტით გაკეთებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, ასევე, ხელისუფლების რეაქციამ და მათმა განცხადებებმა, ამ ფილმში მონაწილე პირების დაშინებამ და ორგანიზებულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ კიდევ უფრო სარწმუნო გახადა ის, რომ რაღაც წესრიგში არ არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი კლასის სპეციალისტები, ექიმები, ტოქსიკოლოგები... მთავარი კითხვაა - რა ნივთიერებაა გამოყენებული?

ამ ეტაპზე მტკიცებითი ფორმით იმის თქმა, რომ კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული, შეუძლებელია. ამას სჭირდება გამოძიება. არ არის აუცილებელი სამედიცინო, ან ბიოტექნოლოგიური თუ ქიმიური ანალიტიკა იყოს.

ყველა მსგავსი შეკრების კონტროლის ნივთიერებების გამოყენების მთავარი ამოცანა არის მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი მოკლე დროის განმავლობაში და მას არ უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი. სამედიცინო საზოგადოებისთვის ეს არის პირველი რიგის ინტერესი. თუ კონკრეტული ნივთიერება გვეცოდინება, გვეცოდინება რა ხანგრძლივი რისკები აქვს.

ყველა კომბინაციის შემთხვევაშიც მინდა დავამშვიდო საზოგადოება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან, თუნდაც ყველაზე ცუდი ნივთიერება იყოს გამოყენებული, იმ შემთხვევაშიც კი ექიმთან კონსულტაციით შესაძლებელია დაზიანების დადგენა. ყველა ქიმიურ პრეპარატს გარკვეული ონკოლოგიური რისკები აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ჯერ რამე განსაკუთრებულია, რადგან არ არსებობს კონკრეტული ნივთიერების სახელი“, - განაცხადა კალოიანმა.

BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით მან დასძინა, რომ ხარისხიანმა ჟურნალისტურმა კვლევამ და ხელისუფლების გამოხმაურებამ „ძალიან სარწმუნოდ“ აჩვენა, რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკვლევა:

„საზოგადოება დაძაბულია, განსაკუთრებით, მაშინ, როცა არ აქვს ინფორმაცია, მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. საკუთარ „მესიჯებშიც“ კი აირია და ვერ დააწყო სათქმელი“,- დასძინა კალოიანმა.

ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ იმედს იტოვებს - ექიმები არ დაარღვევენ სამედიცინო ეთიკას და შესაბამისად, გამოძიებას მიაწოდებენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ გასაცემია და რეალურად დაეხმარება ფაქტების დადგენას.

მისი თქმით, სანდო და ეფექტური გამოძიების განხორციელება შეუძლებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის გარეშე, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, მისი აზრით, „კომიკურია“ და კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს.

„იმედი მაქვს, რომ ექიმები არ დაარღვევენ სამედიცინო ეთიკას და ყველა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს საჯარო, აუცილებლად მიაწვდიან გამოძიებას, თუმცა სანდო საგამოძიებო სისტემის გარეშე ეს შეუძლებელია. საპარლამენტო კომისიის მოთხოვნა, რომელიც კომიკურია, არ ველოდები რამე კონკრეტულ შედეგზე გავა. მნიშვნელოვანია აღვრიცხოთ დაზარალებულთა ვინაობა. შევკრიბოთ შესაძლებელი ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები მოგვაწვდიან.

მეორე - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან უნდა მიიღონ კომპენსაცია თუ დადასტურდება მავნე ქიმიური აგენტების გამოყენება“,- განაცხადა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ აქტიური მოქალაქეების დაკითხვაზე დაბარება დაშინების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

„აქტიური მოქალაქეების დაბარება არის დაშინების მცდელობა. თუკი ვინმეს რა ინფორმაცია აქვს, არ მიაწოდონ სანდო გამოძიებას, როგორც სხვა გამოძიება პოლიტ-ტექნოლოგიებისთვის იქნება გამოყენებული და ამას ექნება მცდელობა, რომ ეს კრიზისი „გადააგოროს“ . სამწუხაროდ, ფაქტობრივი ხელისუფლების მოქმედება ამ ფილმის გაშვების შემდეგ არ იძლევა საფუძველს, რომ გამოძიებას ობიექტურობასთან ახლო დასკვნა ექნება“,- განაცხადა კალოიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის