აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, რაზეც დღესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტენდენციები არის უმძიმესი და ეს ეხება როგორც პოლიტიკური კუთხით ვითარების ცვლილებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბიბისის" საკითხიც ამის დასტურია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით არის რთული მდგომარეობა ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპას აქვს ძალიან ცუდი ტენდენციები. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატული ამ დოკუმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შეჩერდეს და შეიცვალოს დადებითი მიმართულებით, თუმცა იმდენად აქვს დაკარგული ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს სუვერენიტეტი, რომ ძალიან რთული იქნება ამ ვითარების შემოტრიალება, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ მაინც ამის იმედი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, სრულიად "აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა" საქართველოში "რევოლუციური პროცესები" ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ".
"ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს კანონი სწორედ ასეთ პრაქტიკას ეფუძნებოდა. ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ. დღეს ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებოდა უცხოური დაფინანსება, უცხოური სპეცსამსახურები, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაშიც, ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი არის საზოგადოების შესაფასებელი. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს ვამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები", - განაცხადა პრემიერმა.