ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025

სანდრო თვალჭრელიძე - “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”

თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს?

დავით ზურაბიშვილი - “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”

განათლების რეფორმები პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე - რა იცვლება მომავალი წლიდან?

ირაკლი მელაშვილი - “სრული საგიჟეთი გვაქვს ქვეყანაში... მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”

“რაღა დაგიმალოთ და, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი თავიდან ნაკლებად სარწმუნოდ მომეჩვენა, მაგრამ ის არაკომპეტენტურობა და დილეტანტიზმი, რაც ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან ვნახეთ და მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბრიტანული გამოცემის ვარაუდი ძალიანაც სარწმუნოდ გამოჩნდა. რატომ უკვირთ, რომ ამგვარი აბსოლუტურად შეუთანხმებელი და არაპროფესიონალური განცხადების მერე სუს-ის გამოძიების აღარავის სჯერა. ფაქტობრივად, BBC-ის გამოძიებამ მიაღწია მიზანს, გამოაჩინა კიდევ ერთხელ, რაოდენ არაკომპეტენტური ხალხია დღეს საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერით დაწყებული, შს მინისტრით დასრულებული, არავინ ერკვეოდა შექმნილ ვითარებაში, თუმცა მაინც ჯიუტად აკეთებდნენ განცხადებებს და ხან მერაბიშვილს აბრალებდნენ, ხან უტიაშვილს და ხან ვის ამ ნივთიერებების შეძენას. ამ გამოძიებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი ხელისუფლების უვიცობა, სისუსტე, გაუნათლებლობა და დილეტანტიზმი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სკანდალიდან სკანდალამდე ანუ სადამდე გაქაჩავს ქვეყანა?!”

“შემდეგ გამოვიდა სუს-ი და თითქმის 4 დღის მერე, როდესაც ამხელა სკანდალად იქცა ეს ყველაფერი, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არაფერი მომხდარა, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო და ხალხის დამაზიანებელი არაფერი გამოუყენებიათ. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - “კამიტი” არ გამოუყენებიათ, რადგან ქიმია საკმაოდ კარგად ვიცი და ჩემი აზრით, მისი დამაზიანებელი ეფექტი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. სუს-მა კი გვითხრა, რა ნივთიერებებიც გამოიყენეს, მაგრამ გომელაურმა, ასე მგონია, კიდევ არ იცის. არადა, ეგ იყო იმ დროს მინისტრი... ჩემი აზრით, სუს-ს გაცილებით სწრაფად უნდა ემოქმედა და დროულად გარკვეულიყო ვითარებაში, მაგრამ იქაც არაპროფესიონალებით არის სავსე ყველა სამსახური. ტოქსიკოლოგი არა ვარ, არ ვიცი, ნამდვილად გამოიყენეს თუ არა აკრძალული ნივთიერებები, მაგრამ ვხედავ სრულ დილეტანტიზმს ყველა სფეროში. რატომღაც მგონია, თვითონაც არ იცოდნენ, რას იყენებდნენ დარბევებში. ფაქტია, კონკრეტულად რომელ აქციებზეც არის ლაპარაკი, იქ ადამიანები გაცილებით მძიმედ მოიწამლნენ იმ ნივთიერებებით, რაც შსს-მ მათ წინააღმდეგ იხმარა. მანამდეც არაერთი დარბევა გვინახავს, მათ შორის წყლის ჭავლით, მაგრამ ასეთ სიმპტომებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ამაზე ლაპარაკობდნენ BBC-ის გამოძიების გამოქვეყნებამდეც, ეჭვები მაშინვე გაჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ხელისუფლების ისეთ დილეტანტიზმს ვუყურებთ, შესაძლოა არააკრძალული ნივთიერებაც გამოიყენეს, მაგრამ კონცენტრაციის დოზები აურიეს და ადამიანები ასე დაწამლეს. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ მკითხაობაა. ჩემი აზრით, რეალური და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება ძალიან რთული იქნება. შესაძლოა დავადგინოთ კიდეც, კონკრეტულად რა ტიპის ქიმიური ნაერთები გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვერასდროს გავიგებთ, რა კონცენტრაციით შეურიეს წყალს? ბევრი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ, ჩემი აზრით, რომც ჩატარდეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმასაც არ ენდობა. ერთსაც ვიტყვი - თუ ხელისუფლება საკუთარ სიმართლეში ასეა დარწმუნებული, ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კი არ მიმართონ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ ბრიტანულ გამოცემას. BBC-ის გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რაც საქართველოს სჭირდება. ასევე ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი გააკეთოს ე.წ. ხელისუფლების ქმედებების გასაკონტროლებლად. ყველა მათ არაადეკვატურ და არაადამიანურ ქმედებაზე უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი, ოღონდ პროფესიონალური. იმის თქმა მინდა, რომ ბრიტანული გამოცემის სიუჟეტზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიც ისეთივე არაპროფესიონალური იყო, როგორიც ხელისუფლების არგუმენტები...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველაფერი ასე და შესაძლოა უარესადაც გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, ვიდრე შიგნიდან არ აფეთქდება სისტემა. ამაზე ბევრი შემიძლია გელაპარაკოთ და ავხსნა, თუმცა არ ღირს, მკითხველის ამით გადაღლა. უბრალოდ, გადავხედოთ ისტორიას. შორს რომ არ წავიდეთ, სულ რაღაც 40 წლის წინათ ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი, სადაც საზოგადოებამ ამაზე უარეს ზეწოლას და სტრესს თითქმის 70 წელიწადი გაუძლო... ყველაფერი დამოკიდებულია ერის შინაგან ენერგიაზე, რომელსაც უზარმაზარი მუხტი აქვს. ამ ეტაპზე ის ცოტა მინავლებულია, რასაც 4 ოქტომბრის სრულიად არაადეკვატურმა პროცესებმაც შეუწყო ხელი, თუმცა ის როდის იფეთქებს, ძალიან რთული საპროგნოზოა. იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს, აუცილებელია გაჩნდეს რეალური ალტერნატივა. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ასეთ ალტერნატივას ამ ოპოზიციაში ვერ ხედავს. ვთქვათ, წავიდა ეს ხელისუფლება, მერე რას ვაკეთებთ? დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ალტერნატივა გაჩნდება. უკვე მერამდენე ინტერვიუა, ოპოზიციას მოვუწოდებ დაიწყონ მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დღეიდან!” - მიიჩნევს ექსპერტი.

“ სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება თუ 12-წლიანი, ეს განათლების მიღების ხარისხს ვერაფერს უშველის მანამ, სანამ არ გვეყოლებიან ნორმალური მასწავლებლები. ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ უვიცი მასწავლებლები გვყავს. ეს ყველას არ შეეხება... სამწუხაროდ, ყველას გვახსოვს, ცდებმა, რომ ჩაეტარებინათ პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები, რა სავალალო შედეგები გვიჩვენა. დიახ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მასობრივად არაკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს. ასე იქნება მანამ, სანამ შენარჩუნდება ის ხელფასები, რაც დღეს სკოლის მასწავლებლებს აქვთ. განათლებული და კვალიფიციური კადრი სკოლაში ამ ხელფასზე არ მიდის. იქ მიდიან ძირითადად ადამიანები, რომლებმაც კარიერა სხვაგან ვერ აიწყვეს. დარწმუნებული ვარ, ამ სასკოლო რეფორმიდან არაფერი გამოვა. ის, რაც სკოლებში ხდება, დღეს გაჩენილი პრობლემა არ არის. ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული და დაგროვილი პრობლემები. სისტემურად არის ყველაფერი შესაცვლელი. ირაკლი კობახიძეს და დანარჩენებსაც რეფორმა ასე წარმოუდგენიათ, რომ ხვალ დაიწყებენ და ზეგ უკვე შედეგებს მიიღებენ. ჩვენ თუ რეალური, შედეგიანი ცვლილებები გვინდა, რეფორმა გათვლილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 10-12 წელიწადზე”, - ამტკიცებს სანდრე თვალჭრელიძე.

“სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმით შენიღბულია პოლიტიკური მიზნები. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მოინდომეს უმაღლესი განათლების რეფორმა, რისი მიზანიცაა “ილიაუნის” მოსპობა. “ქართული ოცნება” გაიძახის, რომ ეს უნივერსიტეტი თურმე ფარული “ნაციონალური მოძრაობაა”. არადა, ეს არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და თავისუფალი აზრის მატარებელი სასწავლო დაწესებულება - მათთვის პრობლემა სწორედ ეს არის. არ უნდათ თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდა, მათ მონები სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარუმატებელი იქნება ყველა მიმართულებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. შეეშვან განათლების სისტემის ნგრევას, რომელიც ისედაც სიკვდილის პირას არის მისული, ერთი პატარა ბიძგი და, საერთოდ ჩამოიშლება. ძალიან მეშინია, რომ ეს ვითომ რეფორმა არ აღმოჩნდეს ის ბიძგი, რომელიც სრულად ჩამოშლის ჩვენს განათლების სისტემას. არ შეიძლება უმაღლესი განათლების პედაგოგებს ასეთი ანაზღაურება ჰქონდეთ. წარმოიდგინეთ, მე, მეცნიერების დოქტორს, განყოფილების გამგეს, ხელფასი ნაკლები მაქვს, ვიდრე ჩვენს სახლში დაქირავებულ ძიძას ვუხდით. ამიტომ კერძო სექტორშიც ვმუშაობ. ისეთი ინიციატივაც მოვისმინე, რომ თურმე უცხოელი პენსიონერი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოყვანას გეგმავენ. მართლაც, ვაი მაგათ პატრონს...”, - ამბობს რესპონდენტი.

“წარმოგიდგენიათ, აქ უცხოელი პენსიონერი რომ ჩამოვა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, ქართულ განათლების სისტემაზე ზრუნვის? სადმე გაგიგიათ, რომ ნორმალურ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ პენსიონერებს ასაქმებდნენ? ეს არის უვიცი ხალხის უვიცი ინიციატივა. ეს ჩვენი განათლების მინისტრი მიქანაძე აზრზე არა ვარ, რა პროფესიის არის. საერთოდ რამე იცის საგანმანათლებლო სისტემაზე? ასევე დამღუპველი მგონია იდეა “ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი”. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. აღარ დარჩება სტუდენტი სახელმწიფო დაწესებულებებში, ყველა კერძო სასწავლებლებში წავა. რაც შეეხება დაფინანსების საგრანტო სისტემის შეცვლას, მე ვიტყოდი, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული რეფორმა სწორედ ეროვნული გამოცდები და საგრანტო სისტემა იყო. ეს გაკეთდა, როგორც მახსოვს, ბრიტანელებთან მჭიდრო კავშირით და ამან აღმოფხვრა ამ სისტემიდან კორუფცია. ეჭვი მაქვს, ყველაფერი, რასაც ახლა გეგმავენ, ამ კორუფციას ისევ ააღორძინებს. ძალიან მაეჭვებს, რომ ამ რეფორმაზე დარგის სპეციალისტები კი არ გველაპარაკებიან, არამედ პოლიტიკოსები. ესეც აჩვენებს, რომ ეს ე.წ. რეფორმა პოლიტიკური მიზნების შესანიღბად მოიგონეს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს?

“აზერბაიჯანული მედია უკვე ღიად საუბრობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე და ეს შეიძლება კავშირში იყოს ე.წ. ზანგეზურის კორიდორის (“ტრამპის მარშრუტი”) ამოქმედებასთან. მათი ინფორმაციით, საქართველომ აზერბაიჯანული ტვირთების თავის ტერიტორიაზე გატარებისათვის არაბუნებრივად მაღალი ტარიფების მოთხოვნა დაიწყო, რაც ბაქოში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა “მინვალმა” ბაქო-თბილისს შორის კონფლიქტის დეტალებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - “საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის”. გამოცემის ცნობით, 28 ნოემბერს, გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მეცამეტე შეხვედრა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისი ბაქოსთან “ტარიფების ომს” იწყებს? / მედიის ცნობით, აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში ტრანსპორტირებისათვის საქართველო არანორმალურად მაღალი გადასახადს ითხოვს.

“როგორც “მილვალი” წერს, გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე საქართველომ აზერბაიჯანს დაუდგინა 92 აშშ დოლარი. “საქართველოს პასუხი ერთგვარი ინდიკატორია არა მხოლოდ კომერციის მხრივ, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ტონაზე 92 აშშ დოლარის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე 0,82 დოლარს ნიშნავს. შედარებისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე, იალამიდან ბოიუკ-ქესიქამდე 17 დოლარად გადის, ანუ კილომეტრზე 0,02 დოლარად. ეს 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის შეთავაზებული ტარიფი”, - აღნიშნულია სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პასუხმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ეს ქცევა ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას. მეტიც, გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ეწინააღმდეგება სტაბილური რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების არქიტექტურის ფორმირებას და იმ მომენტში, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შანსი ეძლევა კონფლიქტიდან განვითარებაზე გადავიდეს, თბილისი ამის შეფერხებას ცდილობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გამოცემა იმაზეც წერს, რომ ბაქო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა საქართველოში ინვესტიციებს და უწყვეტად უჭერდა მხარს - “საქართველოსა და რუსეთს შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია - პარტნიორის და არა სარგებელმაძიებლის გზა. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას?” რამდენიმე დღით ადრე სხვა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე და რომ ბაქო “უპასუხოდ ვერ დატოვებს” საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება. კონლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დაადასტურებენ, რომ ტარიფები გაიზარდა. თუ ეს ასეა, მაშინ სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მხრიდან, რადგან აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე და ფასებზე უაღრესად დამოკიდებულები ვართ. ეს ძალიან ჰგავს რუსული პოლიტიკის რეალიზებას. გააფუჭო ურთიერთობა და არაფრის იმედი გქონდეს, არარეალურია. რუსეთი გამწარებულია, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენები აქვს. ასევე ძალიან აღიზიანებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები. საქართველოს კი არაფერში სჭირდება ახლა ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ მის ტერიტორიებზე გადის ტვირთვები - გაატარე რა, გაზარდე ძალიან მცირე სხვაობით და არა ასე. თუ ეს დაპირისპირება სიმართლე აღმოჩნდა და გაგრძელდა, მაშინ აზერბაიჯანი ტარიფებს გაზრდის უკვე სხვა მიმართულებით - გაზი, ნავთობი და სხვა. ამ შემთხვევაში საქართველო რას იზამს? იტყვიან, ხალხო აზერბაიჯანი ფასებს გვიზრდის, სხვა გზა არ გვრჩება, რუსეთზე უნდა გადავიდეთო. ამ დროს რუსეთი ფასებს შეგვიმცირებს. მერე კიდევ უფრო კაბალურ დამოკიდებულებაში აღმოვჩნდებით რუსეთთან. ეს ორი-სამი წელი გაგრძელდება და რუსეთიც აწევს ფასებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, თუ კონფლიქტი ზანგეზურის კორიდორთანაა დაკავშირებული, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯია. “კონფლიქტი თუ მართლაც დაკავშირებულია ზანგეზურის კორიდორთან, მაშინ ძალიან არაშორსმჭვრეტვრელ ნაბიჯს ჰგავს საქართვრლოს ხელისუფლებისგან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ზანგეზურის კორიდორი რომც ამუშავდეს, კი, ბატონო, ტვირთვების რაღაც ნაწილი კი შეიძლება გაატაროს, მაგრამ საქართველოს ძირითადი ფუნქცია, რომლითაც აზერბაიჯანს და თურქეთს აკავშირებს, მაინც რჩება. ნამდვილად არ მესმის ამის გამო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, თუ ეს სიმართლეა. ფაქტობრივად, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ცუდ მდგომარეობაში ვაგდებთ, მით უმეტეს, რომ ფაქტობრივად, საქართველო დასავლეთისგან იზოლირებულია. მე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ და რაღაც ახალ ესკალაციას არ უნდა ველოდოთ. ბოლო წლებბში ორივე ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ერთმანეთისთვის საჭიროები არიან. ვფიქრობ, ტარიფების საკითხი მოგვარდება”, - ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “თუ დაპირისპირება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამით მესამე ქვეყნები იხეირებენ”, - დასძენს გამოცემა.

დავით ზურაბიშვილი - “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”

"ვიდრე სუს-ი გამოაცხადებდა, ექსპერტებმა მანამდე თქვეს, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო SC, რომლის სიმპტომები ჰგავს იმ “კამიტის” სიმპტომებს, თუ წყალში გაურევ. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს როგორმე ამსუბუქებს ხელისუფლების დანაშაულს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლება ამის გარდა მაინც ვერაფერს იტყოდა, რადგან სხვა ყველაფერი, რაც ამ კოდით არის, გაცილებით უარესია. არავინ იცის, რეალურად ეს იყო გამოყენებული თუ სხვა. მე, ცხადია, სუს-ს არ ვენდობი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელი აღიარება ეს არის სხვებთან შედარებით. თუმცა ესეც სულაც არ არის მარტივი ამბავი. ან ამის დასახელებას ხუთი დღე რად სჭირდებოდა? ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს, სხვა ქვეყნებში რა გამოიყენება და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელი რაც იყო მათი გათვლით, იმას ჩაეჭიდნენ”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეტყობა, იფიქრეს, ეძებეს და ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელს ჩაეჭიდნენ”.

“რაც თქვეს, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი, რა თქმა უნდა, არ იქნება. რომ დავიჯეროთ, ჯერ ერთი, უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება ზუსტად კონტრაქტის დეტალები, კოდები, კონკრეტულად ამ ნივთიერების დასახელება, შემოტანის აქტი და ა.შ. თუ გამოქვეყნდება, მაშინ ვიტყვით, კი ბატონო, ეს ყოფილა-თქო, მაგრამ თუნდაც სიმართლე იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის არ არის საზიანო... საერთოდ ეს ხელისუფლება შეთქმულების თეორიებშია და ამ თეორიებში სად წავლენ და სად წამოვლენ, კაცმა არ იცის. პლუს ცდილობენ პიარი გაიკეთონ. როცა გაუჭირდათ, ახსენეს მერაბიშვილი და უტიაშვილი, რომელიც, კაცმა არ იცის, რა შუაში იყო. ახლა გაირკვა, რომ მართლაც არაფერ შუაში ყოფილან, მაგრამ გუშინ იყვნენ. მოკლედ, თავიანთ მომხრეებს აიმედებენ, არაფერზე უკან არ დავიხევთო... თუ რამე დადასტურდა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს, რაც მისთვის ძალიან მძიმე იქნება. თუმცა არა მგონია, ასეთმა საფრთხემ მას ადეკვატურობა დაუბრუნოს. პირიქით, შეიძლება ჩათვალოს, რომ “დიპ სტეიტმა” კიდევ ერთხელ მიაყენა დარტყმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ინფორმაცია გამოდის, რომ ხელისუფლებაში ახლა დიდი გაურკვევლობაა, თუ ვინ გაიტანა ინფორმაცია, ვინ გაასაჯაროვა კოდი და ვინ გადასცა ბი-ბი-სის. თითქოს ღარიბაშვილზე აქვთ ეჭვი. წყაროს დასახელებას BBჩ-ის ვერავინ მოსთხოვს და როგორც ჩანს, ახლა მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები აარიდონ. თუმცა მე მგონია, სანქციებზე უფრო მეტად რაღაც უარესის ეშინიათ. მაგალითად, სამხედრო ინტერვენციის მსგავსი სცენარის. ჩემი აზრით, ეს ზღაპარი და აბსურდია, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორი წარმოდგენა აქვთ ივანიშვილსა და კობახიძეს საერთაშორისო პოლიტიკაზე, მათთვის ეს ლოგიკური შიშიც კი შეიძლება იყოს. ისინი პოლიტიკას და საერთაშორისო ურთიერთობებს ჯუნგლების კანონით წარმოსახავენ - თუ ერაყში შევიდნენ, ავღანეთს დაესხნენ თავს, ვენესუელაშიც გეგმავდნენ ჩარევას, რატომ აქ არ შემოვლენო. ივანიშვილის თვალით თითქოს ასე ჩანს, თუ ძალიან გააბრაზა დასავლეთი, “შემოცვივდებიან”, დაითანხმებენ ბიძინას მოხსნაზე და დასვამენ თავიანთ მარიონეტს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლება უპრიმიტიულესი წარმოდგენების ტყვეობაშია და ამ არაადეკვატურ შიშებზე აგებს პოლიტიკურ სტრატეგიას. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გაგრძელდება, მით უმეტეს, თუ აშშ-ში ტრამპის მეორე ვადა დაემთხვევა ივანიშვილის უკვე მეოთხე მმართველობით ციკლს. ეს ორი ფაქტორი ერთად - ტრამპის დაბრუნება და ივანიშვილის განუსაზღვრელი გავლენა არის ისეთი “ქიმიური ნარევი”, რომელიც ყველაზე უარეს შედეგებს აგენერირებს. ევროპას კი მაინცდამაინც ახლა კარგი დღეები არ უდგას. პრაქტიკულად ტრამპმა დააანონსა, რომ ნატო უნდა დაიშალოს და ამერიკა გამოვიდეს ნატოდან. ამიტომ ევროპას, რომელიც გადაჩვეულია სამხედრო შეიარაღებაზე ზრუნვას, მოუწევს სერიოზულად შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ამათ რომ ეშინიათ, აქ დესანტს გადმოსხამენო, ასე ნამდვილად არ იქნება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“საერთოდ, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ... პირველ რიგში, უნდა გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოვა ხელისუფლებაში და რომელიც იქნება მისაღები ევროპელებისთვის - აი, ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ასეთ ძალას ვერ ქმნიან ოპოზიციური სპექტრი და წინააღმდეგობის მოძრაობა მთელი რიგი მიზეზების გამო. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ე.წ. ერთიანი მეტა-ნარატივის არარსებობა ხელისუფლების მიმართ. ეს ხელისუფლება რას წარმოადგენს, ვიცით, მაგრამ ცუდში რა იგულისხმება, არ არსებობს ჩამოყალიბებული აზრი. რაც გამოკვეთილი და წამყვანია, მთლიანად ასოცირდება “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილთან. რომ ამბობ, ეს არის რუსული ხელისუფლებაო, არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეებში, არამედ ბევრისთვის და მათ შორის საზღვარგარეთაც აღიქმები “ნაცმოძრაობად” და სააკაშვილად. ეს არ არის მისაღები ალტერნატივა არც ევროპისთვის და არც ჩვენთან. თუმცა შეიძლება ბევრი ეთანხმებოდეს იმას, რომ რუსულ ინტერესებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების ეს პოლიტიკა. საერთოდ, მთავარ საკითხად რუსეთის და რუსული პოლიტიკის წამოწევა ამ ხელისუფლების მახასიათებლად არ უწყობს ხელს ალტერნატიული ძალის წარმოქმნას” - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი. და შეკითხვაზე - “რამ შეიძლება მისცეს ბიძგი ამ ალტერნატიული ძალის წარმოქმნას?” პასუხობს:

“ხელისუფლებამ უკვე უამრავი მძიმე რამ გააკეთა, მაგრამ ეს მასობრივ ცვლილებას ვერ იწვევს. ოპოზიცია მხოლოდ მეტი ადამიანის მოპოვებით შეიძლება გაძლიერდეს და არა აგრესიული რიტორიკით. ქიმიურ სკანდალზე ხელისუფლების მომხრეებს არაფერი აინტერესებთ. მათთვის დაზარალებულები დეჰუმანიზებული `მტრები~ არიან. რეალური უკმაყოფილება შეიძლება ეკონომიკური გაჭირვების გამო გაჩნდეს, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება. საზოგადოების განწყობების შეცვლისთვის შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგის მიმცემი გახდეს განათლების რეფორმა, ვიდრე ეს ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხია. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია დაშლილია და კოორდინაცია არა აქვს, ხელისუფლების პროპაგანდა კი კოორდინირებული და ცენტრალიზებულია. ამიტომ ნებისმიერი არასწორი ფრაზა პროპაგანდის იარაღად იქცევა. ერთიანი, ძლიერი პოლიტიკური ეფექტისთვის საჭიროა ისეთი ნარატივი, რომელიც ყველას გააერთიანებს. მხოლოდ “რუსული გავლენების” თემაზე დაყრდნობით ეს არ მუშაობს. უკეთესი იქნება ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ქაოსსა და დაპირისპირებას თავად ხელისუფლება ქმნის და სტაბილურობას ვერ მოუტანს ქვეყანას”.

განათლების რეფორმები პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე - რა იცვლება მომავალი წლიდან?

“2026 განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო ხდება, ხოლო კერძო სექტორი საგრანტო დაფინანსებას კარგავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვასაც მოიცავს, ოპოზიციაში ნეგატიურად ხვდებიან, ამბობენ, რომ ახალი გადაწყვეტილებები პარტიული რეფორმების ნაწილია, რათა ხელისუფლებამ სასწავლებლები ერთ თარგზე მოაქციოს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა სრულად უფასო იქნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. ისინი სახლმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ. “ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო”, - განაცხადა მიქანაძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით განათლების რეფორმები პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე: რა იცვლება მომავალი წლიდან?

“მისი თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, არახალია. “უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთა ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება”, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე განმარტებით, სწავლება კერძო სკოლებშიც 11-წლიანი იქნება, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 12-წლიანი სწავლების შესაძლებლობა ყველა კერძო სკოლაში შენარჩუნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“11-წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას, ამიტომ არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეთორმეტე წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება. მე-11 კლასელი დარეგისტრირდება მე-12 კლასისთვის, ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელს ამთავრებს, ის აიღებს მე-11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. იქნება 11-კლასდამთავრებული ატესტატი და 12-კლასდამთავრებული ატესტატი, თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა”, - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, უცხოელ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას გარკვეული შეზღუდვები შეეხება”, - განაგრძობს გამოცემა.

“უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით. საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო”, თქვა მან. ოპოზიციონერები ახალ ცვლილებებს ნეგატიურად ხვდებიან. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ყოფილი წევრის, განათლების საკითხებში ექსპერტ რუსუდან თევზაძის შეფასებით, ზოგადი განათლების რეფორმაში გარკვეული ტიპის ჩანართები საბჭოთა განათლების სისტემას ჰგავს. ის დაანონსებულ განათლების რეფორმას “ქართული ოცნების” პარტიული რეფორმას უწოდებს”, - დასძენს გამოცემა.

“გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად ჰგავს საბჭოთა განათლების სისტემას. ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა მათი პოლიტიკური ოპერირების, თუ შეიძლება საერთოდ ამას საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეწოდოს, რადგან საშინაო ველზე დაუწყეს ბრძოლა ახალგაზრდებს, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ძალა არის და საგარეო ველზე აბსოლუტურად მოწყვიტეს განათლების სისტემა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის მათი პარტიული რეფორმა. დაბალანსებული პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებულ განათლების პოლიტიკას ეს საკითხები ეწინააღმდეგება. მაგალითად, 11-წლიანი სასკოლო განათლება არ არის თავსებადი ბოლონიის პროცესთან და უგულებელყოფს იმ პრინციპს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს განათლებაში დასავლური განათლების მიღებას. ხელისუფლებას სურს სკოლები ერთ თარგს მოარგოს. ეს ნამდვილად ასე იკვეთება და პერსპექტივაში ასეთ შედეგს გამოიღებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რუსუდან თევზაძე.

“ორი მიმართულებით შეიძლება გავშალოთ - ერთი არის შინაარსი, რადგან მათი განათლების პოლიტიკა დაფუძნებულია პარტიულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ეს ამ შინაარს უნდა ითვალისწინებდეს საგნობრივი მიმართულებებიც. ამას ადასტურებს მარტივი ინდიკატორები, რაც არის მათი ქმედებები სასკოლო განათლებაში. მაგალითად, მიმდინარეობს მამაოების გადამზადება, რომლებიც შევლენ სკოლაში და ამ შინაარსის კომპონენტს მოსწავლეებს ასწავლიან. ესეც კონსტიტუციის დარღვევაა”, - თვლის თევზაძე. სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. “არ დაიჯეროთ, რომ თქვენ შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს. ისინიც ისწავლიან ერთი სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის შედგენილი სახელმძღვანელოთი, იმათაც შეეზღუდებათ საზღვარგარეთ უმაღლესში სწავლა (რუსეთი თუ არ არის მათი იდეალი)... ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება”, - თვლის სალომე ზურაბიშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - “სრული საგიჟეთი გვაქვს ქვეყანაში... მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს”

“ვინმე თუ ელოდა სუს-ის განცხადებისგან, რომ რაღაც სარწმუნოს იტყოდა, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაასრულა “კამიტის” გამოყენების გამოგონილ ფაქტზე - ანუ წინასწარ დასკვნა გაკეთებულია, რომ ფაქტი გამოგონილია. მაშ, რას იძიებდნენ? ყველაზე მთავარი ის არის, ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი გამოიყენესო, მაგრამ წყალში რა იყო გარეული, სუს-მა ამაზე პასუხი არ გასცა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. ამ გადაწყვეტილებით სუს-ი და მისი უფროსი ბატონი მდინარაძე გახდნენ იმ დანაშაულის თანამონაწილეები. ვფიქრობ, რომელიმე ორგანიზაციამ უნდა შეიტანოს სასამართლოში სარჩელი, რადგან ირღვევა “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, იმედი არა მაქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მაგრამ მთლიანად უნდა იქნეს პროცედურა ამოწურული და ვინც იღებს ამ სიბინძურეში მონაწილეობას, პასუხი უნდა აგოს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სრული საგიჟეთი გვაქვს ქვეყანაში!”

“სუს-მა თქვა ის, რაც ხელისუფლებას აწყობს. კი, დაასახელეს რაღაც ნივთიერებები, მაგრამ დოზებზე არაფერი უთქვამთ. ისევ არ ვიცით, როგორ მოიწამლა ეს ხალხი... სუს-მა დაასრულა გამოძიებაო. ჯერ ერთი, რა იყო გამოსაძიებელი, უნდა ეთქვათ, რა გამოიყენეს და მორჩა. კარგი, ჯანდაბას, ჩაატარა გამოძიება და რა თქვა? რეალურად არაფერი. თქვა, რომ იყიდეს რაღაც, მაგრამ რამდენად კანონიერი და სწორი იყო მისი გამოყენება, ეს არ ჩანს... ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმები არსებობს - ექიმების მიერ დადგენილი სიმპტომები, ლაბორატორიული კვლევები და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს არა მხოლოდ ნივთიერების დასახელება, არამედ შესყიდვის დოკუმენტებიც, ბრძანების მიმღები პირები, გამოყენების პროცესი და სრული დეტალები. როგორც ჩანს, ამიტომაც ჭიმავდნენ დროს, რომ ეძებდნენ ისეთ ვერსიას, რომელიც მათთვის ნაკლებად საზიანო იქნებოდა, ცდილობდნენ შეეკერათ დოკუმენტები ისე, თითქოს ყველაფერი კანონიერად მოხდა, მაგრამ არ არის ეს ხელისუფლება ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების ნდობას იწვევს და რაც მთავარია, თუ ასე იყო, ამდენ ხანს რას არკვევდნენ? ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება. ნამდვილად ვერავინ ვერაფერს იტყვის, ვერაფერს დაადგენს თუ არ მიუშვეს იმ ადამიანებთან, ვინც მოიწამლა,” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, ანალიზები. ამისათვის არსებობს ლაბორატორიები. ამ შემთხვევაში დადასტურდება დანაშაულებრივი ან არადანაშაულებრივი ქმედება. თუ ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა, თუ კვლევები არ ჩატარდა და ხელისუფლებამ განაცხადა, მე გავამართლე ყველაფერი და არაფერი გამომიყენებიაო, ბუნებრივია, დარჩება ეჭვები. კიდევ ერთი საკითხი - ის “არგუმენტი”, აქამდე სად იყავითო, არ მუშაობს, იმიტომ, რომ პირველივე დღეებში იყო არა მხოლოდ მომიტინგეების, არამედ ექიმების მოთხოვნა, რომ ხელისუფლებას გაეხსნა ეს ინფორმაცია. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად ითხოვდნენ სწორედ ექიმები, მათ შორის ის ხალხი, რომელიც კარგად არის ჩახედული ამ პროცესებში. მაგალითად, ამირან გამყრელიძე. ეს მოთხოვნა ბი-ბი-სის სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი არა, მანამდე გაჩნდა. ხელისუფლება გამუდმებით არღვევს კანონს. აგერ ნიკა მელიას ერთი ჭიქა წყლის შესხმისათვის წელიწადი მიუსაჯეს, აქციის მონაწილეებს ისეთი ქიმიური ხსნარი შეასხეს, რამაც ძალიან დაუზიანა ბევრ მათგანს ჯანმრთელობა. რა დონეზე არაადეკვატურია ხელისუფლება, როდესაც ამბობს, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო პუნქტებსო. რამდენიმე ათეული ადამიანის ჯანმრთელობა ასე ხელწამოსაკრავი ამბავია კობახიძისთვის? ერთიმეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“თურმე გომელაურს საიდან უნდა სცოდნოდა, ქიმიკოსი კი არ არისო. ამაზე თუ მიდგა საქმე, არც უტიაშვილი გვყავს ლავუაზიე და არც მერაბიშვილი. საერთოდ, ძალიან უცნაურია ამის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალება. ირაკლი მენაღარიშვილმა 9 აპრილის შემდეგ ძალიან თამამი განცხადება გააკეთა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. რომ ეთქვა, ეს ხელისუფლება რა შუაშია, ბერიასა და აბაკუმოვს უნდა მოვთხოვოთ პასუხიო, ადეკვატური იქნებოდა? აი, ასეთი ადეკვატურები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. თურმე მერაბიშვილი და უტიაშვილი ყოფილან დამნაშავეები, რომ გამოიყენეს ეს ნივთიერებები. იცით, ყველაზე საინტერესო ჩემთვის რა არის? თუ ეს ვანო მერაბიშვილის დანაშაულია, დღეს საქართველოს განათლების ახლანდელი მინისტრი არის კაცი, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო იმხანად. პროკურატურა ვალდებულია, თუ მაშინდელი შსს-ს კანონდარღვევაა, გამოიძიოს ეს ამბავი და მაშინ მიქანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. როგორ არის - “ნაცები” მარტო ის “ნაცები” არიან, რომლებიც “ოცნებასთან” არ არიან, თუ “ოცნებაში” გადასული “ნაცები” მაშინ არ ყოფილან მაღალი თანამდებობის პირები? საიდან მოდის ეს ლოგიკა?” - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“2007 თუ 2009 წელს ვანო მერაბიშვილმა, ალბათ, იმ მიზნით შემოიტანა, 2024 წელს “ოცნებას” რომ გამოეყენებინა და ამის გამო ვანო მერაბიშვილია დამნაშავეო, არ ვიცი, ამ ლოგიკას ვინ გაჰყვება. სოცქსელებშიც გინახავთ, ალბათ, როგორ იწყევლებიან, ლანძღავენ ყველას, ვინც ითხოვდა ამ ნივთიერებების დასახელებას. თქვენ შვილებს რატომ არ მიესხა ეს ყველაფერიო. სრული საგიჟეთია! როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი უბრალოდ ის საზოგადოებაა, რომელიც 37 წელსაც, მანამდეც და მას შემდეგაც ტაშს უკრავდა რეპრესიებს, ამ ქვეყნის პატრიოტების დახვრეტას, ციხეებში გაშვებას. საზოგადოების ნაწილი მზად არის ხელისუფლების ყველა განცხადება თვალდახუჭულად მიიღოს და მთავრობას ყველაფერში დაეთანხმოს - მათთვის ეს პატრიოტიზმის გამოვლინებაა. ასეთ ხალხს დააჯერებენ ნებისმიერ ნარატივს. ხელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ყველაფერში მართალია და “დიპ სტეიტს~ ებრძვის, მაგრამ რეალურად მათი ქცევები აჩვენებს, რომ პრობლემების გადაწყვეტა არა აქვთ მიზნად. “ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ეყრდნობა ანტიდასავლური, საბჭოთა ნოსტალგიის და პრორუსული განწყობების მქონე პირებს, რომლებიც მეინსტრიმში არასდროს იყვნენ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“საერთაშორისო რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ. გულგახეთქილი ვუყურებ, რომ გამოდის საინფორმაციო საშუალებებით სხვადასხვა ჯგუფი და ყველა ცალ-ცალკე საკუთარ “გამოძიებას” იწყებს, რაც ახლა ძალიან არასასურველია. ახლა საჭიროა კონსოლიდირებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, სადაც იქნებიან ექიმებიც, იურისტებიც, ექსპერტებიც და ყოველმხრივ შეისწავლიან საკითხს, განსაზღვრავენ, რა საერთაშორისო ნაბიჯებია შესაძლებელი ამ პირობებში, როცა ხელისუფლება გამოძიებით არ იქნება დაინტერესებული. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დათმოს ერთმანეთში კონკურენციის რეჟიმი და ერთიანი ფრონტი შექმნას. ამჯერად მაინც უნდა გამოავლინონ, რომ შეუძლიათ ნორმალურად ქმედება, და არა ერთმანეთის ჯიბრით ცალკე ჯგუფების შექმნა. აუცილებელია შეთანხმებული მოქმედება და ვისი ქოლგის ქვეშ მოხდება, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მოიძებნონ კვალიფიციური პირები, რომლებიც სწორ გეგმას შეადგენენ და დაიწყებენ შედეგზე ორიენტირებულ, საერთაშორისო დონეზე ეფექტიან მოქმედებას”, - განმარტავს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა რამდენად რეალისტურია იმ პირობებში?” - “პასუხობს:

“დაზარალებულებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჭკვიანურად დაგეგმილი მოქმედება. ეს სამართლებრივი გზებია და არც ერთ პარტიას ან ორგანიზაციას არა აქვს საკმარისი რესურსი და კომპეტენცია, რომ ყველაფერი თავად წარმართოს. მხოლოდ ერთიანი გეგმით შეიძლება მივიდეთ საერთაშორისო გამოძიებამდე. ეს მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელი უსაფრთხოებისთვის, ასევე ქვეყნის მომავლისთვის - მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს”.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა