GCCA-მა ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2 კომპანიას უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2 კომპანიას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლების მიერ სააგენტოსთვის მიმართვისა და GCCA-ის მიერ განცხადებების შეფასება-შესწავლის შედეგად, შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ და შპს „სფეის კარგოს“ მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დადასტურდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებებით, მოვაჭრეებს მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალათ.

„შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ შემთხვევაში, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც მოვაჭრის საზღვარგარეთის მისამართზე მისული ამანათი არ აისახა მომხმარებლის პირად კაბინეტში, ხოლო მომხმარებლის მიერ GCCA-ისთვის მომართვის გამო მოვაჭრემ მას, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუზღუდა, რაც სააგენტოს მიერ ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობად შეფასდა. ამასთან, საქმის შეფასება-შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლებს არ მიეწოდებათ მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რაც უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს.

რაც შეეხება შპს „სფეის კარგოს“, მომხმარებლებმა მიმართეს სააგენტოს განცხადებით, რომლებიც მოვაჭრის მხრიდან ნაკლოვანი მომსახურების გაწევის ფაქტს შეეხებოდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ამანათის საქართველოში ჩამოსვლისას, მისი ტრანსპორტირების ღირებულება მომხმარებელს დაუანგარიშდა შეთანხმებულისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ - ამანათის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოვაჭრემ უარი განაცხადა. საქმის შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა კომპანიის მხრიდან უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი. გარდა ამისა, მოვაჭრემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საზღვარგარეთ მიღებული ამანათის საქართველოში ჩამოტანის ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა - მომხმარებელს არ მიეწოდა საზღვარგარეთის მისამართზე მიღებული ამანათი.

სააგენტოს გადაწყვეტილებებით მოვაჭრეებს მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალათ“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს