სტრასბურგის სასამართლომ, გზის გადაკეტვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საჩივარი  წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის მიერ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას შეეხება.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

„სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი და იწყებს არსებით განხილვას. საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.

უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ: ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ - მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით“, - წერს „ფეისბუქზე“ თორნიკე მიგინეიშვილი.

შეგახსენებთ, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 2024 წლის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა