გიორგი კახიანი - ბრიუსელში ვურჩევდი, სწორად გაათვიცნობიერონ, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მოსახლეობა და შესაბამისი განცხადება გააკეთონ

ქართველი ხალხი, რეალურად, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ - მე ბრიუსელში ვურჩევდი, სწორად გაათვიცნობიერონ, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მოსახლეობა და შესაბამისი განცხადება გააკეთონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც ბრიუსელში აკეთებენ, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში ევროპული ღირებულებების მიმართ იმედგაცრუებას იწვევს.

„მარტა კოსმა გააკეთა განცხადება, რომ ქართველი ხალხის სახელით ხდება ის რადიკალური მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ რუსთაველზე. ანუ, მოხშირდა განცხადებები, როდესაც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ. სინამდვილეში, ქართველი ხალხი სრულიად განსხვავებულად ფიქრობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, რეალურად, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. როდესაც ასეთ დროს კეთდება ასეთი შინაარსის განცხადებები და ქართველ ხალხში მოიაზრებენ ჩვენი საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ხშირად ვხედავთ რუსთაველზე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ან უბრალოდ სწორი ინფორმაციები არ აქვთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქართველი ხალხი ვის უჭერს მხარს, ან უბრალოდ ასეთი განცხადებები, შესაძლოა, ცინიზმის შემცველიც კი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებაში. ამიტომ მე ვურჩევდი მათ, რომ სწორად გაათვიცნობიერონ, რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მოსახლეობა და შესაბამისი განცხადება გააკეთონ, რადგან ასეთი განცხადებები საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში იწვევს იმედგაცრუებას ევროპული ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, "მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია".

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.

„ნამდვილად, ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს