ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ლიდერები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.

ისინი ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს შორის, აგრეთვე ევროპულ გუნდებს შორის, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო მუშაობას.

ასევე, ისინი თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ითანამშრომლონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებას დაიცავს.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა უფრო ფართო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. როგორც აშშ-ის, ასევე, ევროპელი ლიდერები იღებენ ვალდებულებას, რომ ერთად იმუშაონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდამჭერი ზომების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამი განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ვალდებულებებია:

უკრაინისთვის მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევა მისი შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნით, რომლის რაოდენობაც მშვიდობის პერიოდში 800 000 უნდა დარჩეს, რათა შეძლოს კონფლიქტის შეკავება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა.

ევროპული ხელმძღვანელობით „უკრაინის მრავალეროვნული ძალა“, რომელიც შედგება მსურველი ქვეყნების კონტრიბუციებით „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და მხარდაჭერილი იქნება აშშ-ის მიერ. იგი ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, უკრაინის ცისა და უსაფრთხო წყლების დაცვას.

აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი საერთაშორისო მონაწილეობით, რათა ნებისმიერი მომავალი თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილება უზრუნველყოფილი იყოს.

იურიდიული ვალდებულება, ეროვნული პროცედურების დაცვით, მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად შესაბამისი ზომების მიღების შესახებ. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებული ძალის გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ასევე ეკონომიკურ და დიპლომატიურ მოქმედებებს.

უკრაინის მომავალ კეთილდღეობაში ინვესტიციების ჩადება, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის რესურსების გამოყოფა, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებების დადება და რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობის გათვალისწინება. ამის ფარგლებში, ევროკავშირში არსებული რუსული სუვერენული აქტივები გაყინულია.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.

„ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ზელენსკის და თანხმდებიან, რომ მხარს დაუჭერენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის კონკრეტული საკითხების შესახებ მიიღებს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს, როდესაც ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები ძალაში იქნება“, - აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

განცხადებას ხელს აწერენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში