მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება.

შეკრებულ მოქალაქეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის წარწერით: „გადაარჩინე სიცოცხლე, გადაარჩინე მომავალი“, „ყოველი დღე ძვირფასია, სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“, „ერთი ბავშვის სიცოცხლე უდრის სამყაროს“, „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“, „ჯანდაცვა უმოქმედოა! გთხოვთ, შეგვხვდეთ და მოგვისმინოთ“.

ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისფუნქციას“ თავმჯდომარის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, კანცელარიასთან მოქალაქეების შეკრების მიზანია, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

მისივე თქმით, ისინი აღნიშნული მოთხოვნით პრემიერს ყოველკვირეულად მიმართავენ.

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართოთ თხოვნით, რომ შეგვხვდეს და მოგვისმინოს. 2-წლიანი დაპირებები გამოდგა უშედეგო ჯანდაცვის მინისტრისგან. ფაქტობრივად, ყოველი შეხვედრა იყო უშედეგო. არ დაიძრა პროცესი იმ ფონზე, როდესაც ამერიკამ, ევროპამ აღიარა არაერთი მედიკამენტი კვლევითი პროცესების დასრულების შემდგომ. დღეს შევიკრიბეთ მშობლები, ოჯხის წევრები, პაციენტები, ბავშვები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და ვისთვისაც ყოველი დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში მედიკამენტი „ეგზონსქიფინგი“ უკვე დარეგისტრირებულია, დაახლოებით, ერთი წელია. აღნიშნულთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, არ დაიწყო პროცესი არც ერთ ბავშვს, როცა ამ ეტაპზე შესაძლებელია. ჩვენ პროვაიდერ კომონიებთან კომუნიკაციას ვამყარებთ, რომლებიც ძალიან დიდ შეღავათებს აძლევენ.

პრობლემა ასევე, არის მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 8-ვე შეხვედრისას იხილებოდა და არცერთი ნაბიჯი აქაც არ გადაიდგა. ეს უმარტივესია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ.

ბავშვებს დღესაც კი კონსულტაციებში უწევთ თანხის გადახდა. ამ ბავშვების და ოჯახის წევრების სოციალური, ემოციური ფონი ძალიან რთულია.

ეს დაავადება ძალიან ბევრ პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. ეს არის გულის პათოლოგია, ფილტვის პათოლოგია, თირკმლის პათოლოგიები, შინაგანი ორგანოების დაზიანება. შეიძლება ეს პროცესები მიმდინარეობდეს და ვერ არკვევდეს მშობელი იმის გამო, რომ თანხებთან არის დაკავშირებული.

დავრწმუნდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი არ მოქმედებს, როდესაც უმოკლეს დროში შეიძლებოდა აღნიშნული პრობლემა გადაჭრილიყო.

დარწმუნებული ვარ, პრემიერს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. სწორედ ეს არის ჩვენი აქ შეკრების მიზანი. ეს არის მშვიდობიანი აქცია. პრემიერს დეტალურად ავუხსნით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მარტივი გზებით გადაჭრა.

აქციების გამართვის საჭიროება არ არის თუ პრემიერი შეგვხვდება. ბუნებრივია, ჩვენ არ გავჩერდებით. შესაძლოა ყოველ კვირა, ყოველ დღე შევიკრიბოთ“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ადგილზე არიან სამართალდამცავებიც.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ