გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის, ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითა. როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, „ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც დაინახეთ ყველაფერი და აღმოაჩინეთ, რომ ყოფილი თანამდებობის პირები კორუფციულ დანაშაულს ჩადიოდნენ?“, რაზე პასუხის გაცემისასაც, შალვა პაპუაშვილმა აქცენტი ოპოზიციურ მედიაზე გააკეთა და განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია“.
„გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის, ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითა. როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ, მე ამაზე დავფიქრდებოდი თუ რასთან გვქონდა საქმე. ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული, ან შეთანხმებული იყო ასეთ დროს, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. ასე რომ, ესეც საინტერესო დეტალია, იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები მათ შორის, კორუფციის საკითხებს ეხებოდა“.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა, რადიკალური ოპოზიცია კი რეალურ ოპონირებას ვერ გასწევს, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული.
„ფაქტი, რომ კორუფციული შემთხვევების გამოვლენა ხდება და სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ თანამდებობებს, ადასტურებს, ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოურიდებლობაზე. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოკიდებულება სერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს. ჩვენ ვხედავთ და გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ჰქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდში არ იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.