ირაკლი კობახიძე - სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია - სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს

ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

„საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე განმარტებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14% პროცენტიც კი არის, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ.

„კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები - ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა, ბევრად უფრო მაღალია. ასევე, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს. პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს