ეკლესიის ეზოში შესაწირი ბატკანივით თავი რომ დაადო და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო არაფერი ამ ადამიანს არგუმენტი ან თავის დასაცავი ან ბოლო ბოლო სხვისი დასაშანტაჟებელი არ ჰქონდა? ძალიან უცნაური ამბავია - იმაში, რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, ყველაფერში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა კორუფციას ბრძოლა რომ გამოუცხადოს, მისი ხელისუფლება მეორე დღეს ჩამოიშლება.
„ამ გაუმჭვირვალე ხელისუფლების პირობებში, რასაც მედია ახერხებს, ეს არის მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ პრინციპში არაფერი დადასტურებულად არ ვიცით. მედიისგან ვიცოდით, რომ ლილუაშვილიც იყო გარკვეულ კორუფციულ სქემებთან კავშირში. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რეალურად ბიძინა ივანიშვილმა კორუფციას ბრძოლა რომ გამოუცხადოს, მისი ხელისუფლება მეორე დღეს ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართვის სისტემა, სქემა არის კორუფციაზე აწყობილი. როგორც კი რეალურად კორუფციასთან ბრძოლა დაიწყება, უბრალოდ ეს ხელისუფლება დამთავრდება.
რაც შეეხება ლილუაშვილს, ჩემთვის უცნაური და მოულოდნელი ამაში არაფერი ყოფილა, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა სუს-ის უფროსი, რომ უცხოელი ბიზნესმენებისგან პირდაპირ აიღებდა ქრთამს... ეკლესიის ეზოში შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო არაფერი ამ ადამიანს არგუმენტი ან თავის დასაცავი ან ბოლო ბოლო სხვის დასაშანტაჟებელი არ ჰქონდა? ძალიან უცნაური ამბავია. ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი. სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა ლილუაშვილს დავალებული, რომ ყველა ინვესტიციიდან, რაც შემოდიოდა საქართველოში, მის ხელში უნდა გაევლო და ყველა გარიგება სუს-ისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი. როგორ ფიქრობთ, ლილუაშვილზე მთავრდებოდა ეს გარიგებები? - არ მთავრდებოდა. იმაში, რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, ყველაფერში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი. არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი, არც ისე მამაცი ბიჭები, არც ისეთი პრინციპულები არ არიან, რომ თავი ასეთ საფრთხეში ჩაეგდოთ და ივანიშვილის გვერდის ავლით ეკეთებინათ. იმიტომ აღმოჩნდა ლილუაშვილი ციხეში, რომ ეჭვი აქვს, რომ ლილუაშვილი მეტს იღებდა ამ გარიგებებიდან და ნაკლები მიჰქონდა, ისევე როგორც ღარიბაშვილს. სხვა ინტერესი ბიძინას არ აქვს. ის აჩვენებს ყველას, ვინ არის სიტუაციის მფლობელი და ახდენს სისტემის გადატვირთვას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ეს კორუმპირებული კავშირები ქვემოთაც ხომ ჩაშლილია? ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, რიჟვაძის ქვემოთ. მარტო ისინი სოლო მოთამაშეები ხომ არ იყვნენ ამ კორუფციულ სქემებში? ეს ქვემოთაც იშლებოდა და ზემოთ მიდიოდა ბიძინასთან. ეს ადამიანები არიან შუაში და ახლოს სათავესთან.
ახლა ხომ ჩაანაცვლებს სუს-ში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თავდაცვაში და ა.შ. ახალი კადრებით, ესენი უფრო მოტივირებულები იქნებიან, შეკრებულები, იმიტომ, რომ მათ ახლა აქვთ საშოვნელი და კიდევ ახალი ხალხი ჩააბა კორუფციულ სქემაში, რითაც ის მოიცავს ამ სისტემის გადატვირთვის დროს საზოგადოების დიდ ნაწილს. არავის ეგონოს, რომ ახლა კორუფციას კობახიძის ხელით ებრძვის. არა, კობახიძე-მდინარაძის კადრები, რომლებიც სამინისტროებში საშუალო და ოდნავ მაღალ რგოლში მივიდნენ, ახლა ეს ადამიანები იწყებენ ამ კორუფციული სქემაში ჩანაცვლებას, რომ ისევ იმ გზით ფულმა უნდა იაროს ბიძინამდე. მაგრამ ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის მიმართ გამოჩენილი სიმკაცრით, ის ყველას აჩვენებს, ვინ არის სიტუაციის პატრონი...
რაც შეეხება [მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ივანიშვილი გასაქცევად ემზადება], მე ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა გარბის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოუწევს გაქცევა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, მან სასურსათო ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ თემის წამოწევით BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გადაფარვას ცდილობს.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ცინიზმით და ის ამით ყველაზე მეტად ჰგავს რუსეთის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთი არის საკუთარი მოსახლეობისადმი ასეთი ცინიკური. საქართველოში ფასები ბევრად მაღალი იყო ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კეთილდღეობის ხარისხი გაცილებით მაღალია. ამაზე საუბრობდნენ საზოგადოების წევრები, მედია, მაგრამ როგორი იყო ხელისუფლების რიტორიკა, რომ ევროპა დამარცხდა, რომ ევროპას ეკონომიკა თავზე ემხობა, რომ ჩვენ გვაქვს გასაოცარი წარმატებები, ვუსწრებთ ყველას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. თუ ეს მოსახლეობაზე არ აისახება, საზოგადო კეთილდღეობაზე არ აისახება, ვის რად უნდა ასეთი ეკონომიკური მაჩვენებლები?! კი, რეალურად ასეა, არის ქაღალდზე ეკონომიკის ზრდა, მაგრამ მე ვარ მოქალაქე, რომელიც საკუთარ თავზე ვგრძნობ ეკონომიკის აღმავლობასაც და დაღმავლობასაც. ეს ფურცელზე გაზრდილი ციფრები, მხოლოდ რამდენიმე ათეული, ან ასეული ადამიანისთვის არის საგრძნობი.
რაც შეეხება სუს-ის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მზადაა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლოს, ძალიან უცნაური შემთხვევაა. აქამდე ხომ ვიცოდით, რომ სუს-ი ოპონენტებს უსმენდა, უთვალთვალებდა, ძალიან უცნაური შემთხვევაა, რომ ახლა ფასები უნდა გამოიკვლიოს, რატომ არის ასეთი დიდი ფასნამატი. რეალურად აქვს თუ არა ამას საერთო მოქალაქეებზე ზრუნვასთან, თუ ეს არის მორიგი პოლიტიკური ფარსი? - ჩემი სუბიექტი აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ, რა ხდება მათთან დაკავშირებით BBC-ის მიერ გასული ფილმის შესახებ. სანამ ხელისუფლება თავად არ დაამტკიცებს საერთაშორისო გამოძიების საშუალებით, რომ მას არ გამოუყენებია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება, მანამდე სულ ეჭვმიტანილი იქნება. მე მრჩება შთაბეჭდილება, იმ დინამიკით როგორც მოვლენები ვითარდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს. დიახ, რასაკვირველია, სურსათის ფასების თემით ცდილობენ ამის გადაფარვას. ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე, ყველას ეხება. ხელისუფლების რაც არ უნდა გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, როდესაც შენ, თუნდაც ის გროშები, რასაც ხელისუფლება გიხდის, აღარ გყოფნის იმისთვის, რომ ამ ფასებს დაეწიო და გაუძლო, ეს გაწუხებს.
გადავხედოთ დიდი სასურსათო მაღაზიების ქსელების მფლობელებს, წილების მეპატრონეებს და მათ შენატანებს „ქართული ოცნების“ სალაროში. იქნებ ამის ბრალია ეს განსაკუთრებული ფასნამატი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესი დახარკული ჰყავს. საიდან ივსება ეს პარტიული სალაროს ფული? კობახიძე ლამის სულ პარტიის თავმჯდომარეა, არ იცის საიდან მოდის ეს ფული? არ იცის, რომ ეს ბიზნესმენები, რომლებიც ხარკს იხდიან, პარტიულს, იძულებულები არიან ეს ფასებში დაამატონ?! თქვენ გგონიათ, რომ ახლა კობახიძე დაჯდა, დაფიქრდა, რომ მოსახლეობისთვის სადღესასწაულო დღეებია და ასეთი ფასებით ძალიან გაუჭირდებათო? მას მიაწოდეს გაიდლაინი და გააკეთა განცხადება. ავტორიტარებს ძალიან უჭირთ იმ პირობებში, როდესაც ცხოვრების დონე არ არის მაღალი, სოციალური თვალსაზრისით დიდი პრობლემებია. იქ, სადაც ცხოვრების გაცილებით მაღალი დონეა, ავტორიტარიზმს იქ უფრო დიდი შანსი აქვს“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება საკითხის შესწავლის მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნას, როგორც ჯეჯელავამ განმარტა, სჯობს მმართველმა გუნდმა საპარლამენტო კომისია არა სასურსათო ფასებზე, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შექმნას.
„რამდენადაც ვიცი, პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. სად იყვნენ შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრიდან დაწყებული, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ინფრასტრუქტურის მინისტრი... დადასტურებულად 4-5 სამინისტროში უკვე გამოვლინდა ეს კორუფცია, რომ დაუხრავს ყველაფერი. სად იყო პარლამენტი? პაპუაშვილი როგორ უნდა გაექცეს ამ პასუხისმგებლობას? ლილუაშვილის მოსმენა რომ იყო პარლამენტში და ხელები რომ ჰქონდა გადატყავებული ტაშის კვრით, დითირამბების სიმღერით, მისი პასუხისმგებლობა ჰგონია, რომ არ დგას ახლა და ასე ბრიყვია ქართული საზოგადოება, არ იცის ვის რა მოვალეობა აქვს? რად უნდა ფასების შესწავლას საპარლამენტო კომისია? თავი გაიგიჟეს, არ შექმნეს საპარლამენტო კომისია, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა. როდესაც აღმოჩნდა, რომ სუს-ის უფროსი პენსიონერების ფულსაც ჭამდა ერთდროულად და საბავშვო ბაღის ბავშვებისაც, ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, არ უნდა ჰყოფნიდეთ უტიფრობა და ლაპარაკობდნენ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. ესენი ყველანი არიან ამ კორუფციული სქემების მონაწილეები“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.