ადვოკატი - რომეო მიქაუტაძის საქმეზე დაცვის მხარეს ბრალდებისთვის საპროცესო შეთანხმების შესახებ არ მიუმართავს - რაც შეეხება გიორგი მეხრიშვილს, ვისი პირადი დაცვის წევრია, ჩემთვის არ არის ცნობილი, საქმეში გამოკითხული იყო კონკრეტული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით

ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე დაცვის მხარეს ბრალდების მხარისთვის საპროცესო შეთანხმების შესახებ არ მიუმართავს. ამ ეტაპისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ რომეოსგან არ მოდის ეს პოზიცია, ჩვენც არ მიგვიმართავს , - ამის შესახებ ბრალდებული მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემისწვერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაიკითხა მხოლოდ ერთი.

დანარჩენი სამი მოწმის ჩვენება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.

ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ გახადა დაცვის მხარემ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, გიორგი მეხრიშვილის ჩვენება უდავოდ.

„გიორგი მეხრიშვილი, ვისი პირადი დაცვის წევრია, ჩემთვის არ არის ცნობილი. ამ საქმეში მეხრიშვილი გამოკითხული იყო კონკრეტული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ვისი დაცვის წევრია, არ ვიცი. გიორგი მეხრიშვილის გარდა, კიდევ ორი მოწმის ჩვენება გავხადეთ უდავოდ. რაც შეეხება პროცესზე დღეს დაკითხულ მოწმეს, მან შეიძინა ერთ-ერთი კომპანია „ჯეოკრაფტი“ და აღწერა მის მიერ კომპანიის შეძენის პროცესი. განმარტა, რომ არ იცის, ვინ არის რომეო მიქაუტაძე და მის შესახებ გაიგო ტელევიზიიდან მისი დაკავების შემდგომ. ანუ შეხება მას და რომეო მიქაუტაძეს არ ჰქონიათ, უბრალოდ, მან იყიდა ერთ-ერთი კომპანია, რითაც გამოძიება დაინტერესდა ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ ფაქტის შესახებ გამოიკითხა“ , - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო