შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის  31 მოქალაქე დააკავა - დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები.

“მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული პირების ესკორტირება “სარფის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განხორციელდა, სადაც დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

ამჟამად, დაკავებულ პირთა ნაწილი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია გადაყვანილი. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს