მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ამბიციაა, რომ 2026 წელი იყოს უკეთესი - მთავარ პრიორიტეტად რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა

მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

უწყების შეფასებით, ქვრივიშვილმა 2025 წლის შედეგებზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას, რომელიც თბილისსა და გონიოში უმსხვილესი დეველოპერული პროექტის განვითარებას მოხმარდება, შექმნის დამატებით 24 000 ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 700 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს, რაც, მინისტრის შეფასებით, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

მარიამ ქვრივიშვილმა, ასევე, აღნიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაცია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ფუნქციას.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეკორდული მონაცემები გვაქვს ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორშიც. ხაზგასასმელია ის რეკორდული, 3.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან მიიღო. ასევე რეკორდული იყო მგზავრთნაკადის რაოდენობა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნის უზრუნველყოფით და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოყვანით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, ძალიან დადებითი მოლოდინებია მომდევნო წელსაც.

„ჩვენი ამბიციაა, რომ 2026 წელი იყოს უკეთესი, ვიდრე 2025 წელი, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამასთან, არაერთ ისტორიულ პროექტს დავიწყებთ და გავაგრძელებთ, მათ შორის, დავასრულებთ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, რადგან მიმდინარე წელს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ უშუალოდ სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის