Wall Street Journal - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნის თანახმად, უკრაინას ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია და შესაბამისი მტკიცებულება ვერ იპოვეს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დასკვნის თანახმად, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებაც ამყარებს.

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაზვერვის მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ მომხდარა.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, „უკრაინამ სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა სცადა, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს, რომელშიც პუტინის რეზიდენცია, მაგრამ ეს ახლოს არ ყოფილა“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე New York Post-ის სარედაქციო სტატია გააზიარა, სათაურით: „პუტინის ცრუ განცხადებები „თავდასხმის“ შესახებ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას ხელს უშლის“.

Wall Street Journal-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა სტატია მას შემდეგ გააზიარა, რაც CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ანგარიში მოისმინა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა