პროკურატურა - ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც დაზარალებულს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთვინა, მიღებულ თანხებს კი მოტყუებით დაეუფლა - ასევე, გადმოიფორმა დაზარალებულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, გაასხვისა და თანხა მიისაკუთრა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებული დაარწმუნა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა და მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას შეძლებდა. ამ დაპირებით, დაზარალებულს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთვინა, ხოლო მიღებულ თანხებს მოტყუებით დაეუფლა ისე, რომ ფორმალურად ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„გარდა ამისა, ბრალდებულმა საკუთარ სახელზე მოტყუებით გადმოიფორმა დაზარალებულის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გაასხვისა მესამე პირზე და მიღებულ თანხა სრულად მიისაკუთრა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად დაზარალებულს 358 184.26 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს