შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 8 იანვარს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

ყულევის ტერმინალში ტანკერის „NOSTOS“-ის შესვლას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება.

როგორც უწყება განმარტავს, მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი „NOSTOS“ (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობით.

შემოსავლების სამსახური განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

„გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა“, - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს