პრემიერი - დაიხურა USAID-ი, NED-ი, თუმცა არაფორმალური ძალები გეგმავენ, ევროპული ფონდები გამოიყენონ იმავე მიზნებისთვის, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან, არ გვჭირდება ხელოვნური ინტერვენცია შიდა საქმეებში

დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პოლიტიკურ პროცესებზე, გეგმავენ, რომ ევროპული ფონდები გამოიყენონ იმავე მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ევროკომისიის მიერ „ენჯეოებისა" და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600%-ით გაზრდის გეგმას შეეხებოდა“.

კობახიძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ხელოვნური ინტერვენცია შიდა საქმეებში და ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში.

„ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. სწორედ, ეს არის ასახული "გამჭვირვალობის შესახებ" კანონში, "გრატების შესახებ" კანონში, საქართველოს კანონმდებლობაში და ბუნებრივია, ბოლომდე დავიცავთ ამ პრინციპს. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ",- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში და ასეთ ფონზე „საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას“.

„თქვენ გახსოვთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. უცხოური ჩარევისთვის ფონის შექმნას ისახავდა მიზნად ეს კამპანია. ჩვენ აქაც წარმატებით დავუპირისპირდით ამ კამპანიას და არავის მივეცით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ევროპულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ სასამართლო სისტემაში. გახსოვთ რუმინეთის საქმე, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო