პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით დაზარალებული დაარწმუნეს მათთვის დიდი ოდენობის თანხა გადაეცა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდნენ. აღნიშნული გზით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს 87 000 აშშ დოლარი და 73 400 ლარი გამოართვეს, რაც მოტყუებით მიისაკუთრეს და პირადი მიზნებისთვის, მათ შორის აზარტულ თამაშებში გამოიყენეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება