საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის ინფორმაციით, ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს, ამასთან, შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა.
უფლებადამცველის, დარია სამოდუროვას თქმით, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ.
„2026 წლის 16 იანვარს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, ანასტასია ზინოვკინასთან N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას შევიტყვე, რომ 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებით, ანასტასია ზინოვკინას შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და განუსაზღვრეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად, მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი.
ანასტასია ზინოვკინასთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით, მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც. სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ანასტასიას მოთავსების ბრძანება გასაჩივრებულია სასამართლოში, რადგან პენიტენციურმა დეპარტამენტმა უარი გვითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებას გავასაჩივრებ უახლოეს პერიოდში“,- წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. დაკავებული ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული სასამართლომ დამნაშავედ 12 სექტემბერს ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.