გრიგოლ გეგელია - პარტიების გაერთიანება ჩემთვის არ არის პოლიტიკური იდეა, მაინტერესებს არის თუ არა ტაქტიკაზე და შინაარსზე ერთიანი ხედვა - თუ არ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი ხედვა, ერთობა პირველივე მოსახვევში ფეთქდება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მთავარი გამოწვევა ერთიანი და შეთანხმებული სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, მიზანი ყველასთვის ერთია, თუმცა აუცილებელია თანმიმდევრული გზის დანახვა და არსებული კოორდინაციის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

გეგელიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რწმენა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქვეყანა საიმედო ხელში აღმოჩნდება.

„ჩვენ გარკვეულ საუბრებში ვართ. მთავარია ერთიანი შეჯერებული სტრატეგიული ხედვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანმიმდევრული გზის დანახვა. მე მინდა, რომ იყოს კარგი კოორდინირება. კიდევ უფრო კარგი, ვიდრე არსებობს.

რა გზაც არ უნდა გვქონდეს მიზანი გვაქვს ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს იმის რწმენა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება იქნება საიმედო ხელში, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში.

ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ხალხთან. მათ შორის, ერთმანეთთან უნდა გვქონდეს კოორდინირება და ვაჩვენოთ ადამიანებს როგორ ვაპირებთ მომავალში ვმართოთ ეს ქვეყანა კოალიციურად. ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხი“,- აცხადებს გეგელია.

მისი თქმით, თუ ფუნდამენტურ საკითხებზე წინასწარ არ იარსებებს ერთიანი ხედვა, ნებისმიერი პოლიტიკური ერთობა პირველივე ეტაპზე დაიშლება და ასეთი გაერთიანება მისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება თავისთავად პოლიტიკური იდეა არ არის.

„სიძლიერის დანახვა მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მობილიზება მნიშვნელოვანია, მაგრამ სიძლიერე ჩემთვის არ ნიშნავს ერთი სუბიექტის არსებობას. თუ წინასწარ არ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი ხედვა, პირველივე მოსახვევში ფეთქდება ერთობა. ჩემთვის ასეთი ერთობა არ არის საინტერესო. ერთი კითხვა ისმის: აუცილებელია ერთი დიდი კალათა არსებობდეს იმისთვის, რომ ძალას ასხივებდე და რეჟიმი დაამარცხო? პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ჩემთვის არ არის პოლიტიკური იდეა. ვნახეთ რვიანი, ოთხეული, რამდენი რაღაც გვინახავს, ეს არ მაინტერესებს, მაინტერესებს პოლიტიკის შინაარსი - არის თუ არა ტაქტიკაზე და შინაარსზე ერთიანი ხედვა“, - განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში